პროკურორი: „ადვოკატი ვალდებულია დაიცვას დაცვის ქვეშ მყოფი“ - არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე პირველი პროცესი გაიმართა

15:41 06-15-2018
128

"ადვოკატი ვალდებულია დაიცვას დაცვის ქვეშ მყოფი“ - ამის შესახებ პროკურორმა გიორგი ყაზარაშვილმა მცხეთის რაიონულ სასამართლოში არჩილ ტატუნაშვილის შესახებ გამართულ პირველ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

ყაზარაშვილის თქმით საქმეში არსებობს ძალიან ბევრი მტკიცებულება იმის შესახებ თუ ვინ მიიღო მონაწილეობა არჩილ ტატუნაშვილის წამებაში: 

„ადვოკატი ვალდებულია დაიცვას დაცვის ქვეშ მყოფი, თუნდაც იმ კუთხით, რომ სასამართლოზე განაცხადოს არ არსებობს მტკიცებულებებიო. რა თქმა უნდა, ამაში ბრალდების მხარე ვერ დაეთანხმება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქმეში არის იმ მტკიცებულებათა რაოდენობა, რომლებიც იძლევიან დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ ორივე პიროვნებამ ჩაიდინა დანაშაული. აღნიშნული პოზიცია სასამართლომაც გაითვალისწინა და სწორედ ამიტომ გამოიყენა ორივე მათგანის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის სახით“. - განაცხადა გიორგი ყაზარაშვილმა.

მცხეთის სასამართლოში დღეს არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით პირველი სხდომა გაიმართა. პროცესზე მოსამართლემ დავით გურწიევისა და ალეკ ტაბოევისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა. ორივე მათგანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურამ, არჩილ ტატუნაშვილის, ლ.ქ-სა და ი.პ-ს მიმართ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს დავით გურწიევს და ალიკ ტაბოევს ბრალი დაუსწრებლად გუშინ წარუდგინა.

დავით გურწიევისთვის და ალიკ ტაბოევისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ავტორი: