ახალი რეგულაციები პოლიფარმაციის წინააღმდეგ – რა შემთხვევაში მოხვდებიან ექიმები ჯანდაცვის სამინისტროს „შავ სიაში“

09:54 06-18-2018
338

ავტორი: თამუნა დალაქიშვილი 

ჯანდაცვის სამინისტრო პოლიფარმაციის წინააღმდეგ ახალ რეგულაციას აწესებს. 1-ლი ივლისიდან ძალაში შედის მექანიზმი, რომელიც ექიმის მიერ პაციენტისთვის დიდი რაოდენობით მედიკამენტის გამოწერას დაარეგულირებს. ნებისმიერ პაციენტს შესაძლებლობა ექნება, ექიმთან ვიზიტის შემდეგ ექიმის მიერ გაცემული დანიშნულება სამინისტროში შექმნილ ჯგუფთან გადაამოწმოს, რაც მას მიზნობრივზე მეტი, ჭარბი მედიკამენტის მიღებისგან დაიცავს. 

 როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, პოლიფარმაციის პრობლემის გადაჭრა ჯანდაცვის სამინისტრომ  დიდი ხნის წინათ დაიწყო და რეგულაციის მექანიზმად  ახლა დაუშვა. პოლიფარმაცია მხოლოდ ქართული პრობლემა არ არის. მსოფლიო პრაქტიკა მოწმობს, რომ ამ მიმართულებით ღონისძიებების გატარება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებსაც მოუხდათ. უკვე წლებია, ჩვენთან ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ მკურნალობის ხარჯებში მედიკამენტების წილი ძალიან მაღალია, რაც ყველა საერთაშორისო სტანდარტს აღემატება და მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს. ეს მხოლოდ მედიკამენტების მაღალ ფასთან არ არის დაკავშირებული, ექიმები პაციენტებს  მედიკამენტებს ჭარბი რაოდენობით უნიშნავენ. გაზრდილ ხარჯს  პაციენტთან ერთად სახელმწიფოც „იყოფს“ – რადგან ის  ნაწილობრივ  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასახდელია. რამდენიმე თვის წინ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებდა, რომ ჯანდაცვის სისტემაში დახარჯული თანხის ძალიან დიდი ნაწილი მედიკამენტებზე მოდის. ეს მაჩვენებელი 50%-ზე მაღალია,  განვითარებულ ჯანდაცვის სისტემებში წამლებზე ხარჯების 15%-25% მოდის. ჩვენ ორჯერ მეტი დანახარჯი გვაქვს, რაც უმეტესწილად ექიმების მიერ  პაციენტებისთვის საჭიროზე მეტი წამლის გამოწერასთან არის დაკავშირებული.  

 ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები ერთხმად აღიარებენ, რომ პოლიფარმაციის პრობლემა ჩვენთან საკმაოდ მწვავედ დგას და მის მოსაგვარებლად ახალი რეგულაციის ამოქმედებას მიესალმებიან. მთავარი მიზეზები, რის გამოც ქართველი ექიმები პაციენტებს ბევრ მედიკამენტს უნიშნავენ, ექიმთა დაბალი კვალიფიკაცია და ფარმაცევტულ კომპანიებთან მათი საეჭვო გარიგებებია, რაზეც „პრაიმტაიმი“ ადრეც წერდა. 

რა შეიცვლება 1-ლი ივლისის შემდეგ, როდესაც ახალი რეგულაცია  ამოქმედდება, ყველა, ექიმიც და  პაციენტიც, ერთად ვნახავთ. როგორია ახალი მექანიზმისა და ექიმის დანიშნულების კონტროლის სქემა, ამის შესახებ განმარტებებს ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებს. სპეციალური პლატფორმის მეშვეობით, პაციენტი სამუშაო ჯგუფთან ონლაინრეჟიმში გადაამოწმებს, ჭარბია თუ არა ექიმის მიერ მისთვის გამოწერილი მედიკამენტები. ნებისმიერ პაციენტს, რომელსაც ექიმი 5 და მეტ მედიკამენტს დაუნიშნავს, საშუალება ექნება, ექიმის დანიშნულება გადაამოწმოს. თუ ექიმის მიერ გაცემული პასუხი მისთვის არ იქნება კომპეტენტური და დამაკმაყოფილებელი, მას შეუძლია, მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს. ექიმები მუშაობენ ელექტრონული რეცეპტის პროგრამაში, რომელიც განთავსებულია ჯანდაცვის პორტალზე. იქვე გაჩნდა ადგილი, სადაც პაციენტს ამ დანიშნულების გადამოწმება შეუძლია. ღილაკზე დაჭერით ეს დანიშნულება პირდაპირ მოხვდება პოლიფარმაციის საკითხებთან დაკავშირებულ კომისიაზე განხილვისთვის. დანიშნულების კორექტირების საჭიროების შესახებ კი, პასუხს სამი დღის განმავლობაში მიიღებს, რის შემდეგაც ექიმს პაციენტისთვის დანიშნულების მართებულობის განმარტება მოუხდება. არადამაჯერებელი არგუმენტაციის შემთხვევაში, პაციენტი დანიშნულებას განმეორებით ატვირთავს, ხოლო კომისია უკვე მკურნალი ექიმისგან გამოითხოვს ინფორმაციას, რატომ არ დაკორექტირდა დანიშნულება. არასათანადოდ არგუმენტირების შემთხვევაში ექიმი კომისიის წინაშე წარდგება. თუ პაციენტი ელექტრონული რეცეპტით სარგებლობს, მას თავად შეუძლია მონიშნოს პოლიფარმაციის სამუშაო ჯგუფი. თუკი რეცეპტი მატერიალური ფორმით აქვს, შეუძლია, შესაბამისი მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართოს, სადაც რეცეპტის ელექტრონულ ვერსიას ბაზაში ატვირთავენ. დანიშნულების კორექტირების საჭიროების შესახებ პასუხს პაციენტი სამ დღეში მიიღებს.

 მაია ლაგვილავა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: 

– პოლიფარმაცია ჩვენი სამედიცინო სისტემისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ეს პრობლემა მწვავედ დგას ევროპის წამყვან ქვეყნებში, ამ მიმართულებით მუშაობს ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებში მომუშავე ორგანიზაცია, რომლის  მიერ განხორციელებული პროექტის თანახმადაც არაგეგმური ჰოსპიტალიზაციების 11% პოლიფარმაციასთან არის დაკავშირებული. ჩვენთან, ამ მხრივ, სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის  მაგალითზე შეგვიძლია თქმა, რომ ეს პრობლემა ჩვენთანაც აქტუალურია. ჯანდაცვის სამინისტრომ ჩაატარა კვლევა საპენსიო ასაკის მოსახლეობაში, სადაც გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის ერთი და იგივე მოქმედების რამდენიმე მედიკამენტის ერთდროულად მოხმარება, როდესაც პაციენტები დანიშნულების მიხედვით  5 და მეტ მედიკამენტს იღებენ. კვლევის შედეგად და საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით, შეიქმნა ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ექიმის დანიშნულების გადამოწმდეს და თავად პაციენტი ჩაერთოს აქტიურად ამ პროცესში.

–  საქართველოში ყოველწლიურად მილიონობით დანიშნულება იწერება, ჯანდაცვის ექსპერტები ფიქრობენ, რომ   ტექნიკურად ამ მექანიზმის აღსრულება რთული იქნება.   

–  ტექნიკურად ამ მექანიზმის აღსრულება რთული არ იქნება. ეს რეგულაცია მხოლოდ პაციენტის დონეზე არ იქნება.  ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებული იქნება, განახორციელოს პაციენტის დანიშნულებების მონიტორინგი, თვითონვე უზრუნველყონ პოლიფარმაციის ფაქტების  შესწავლა, აღრიცხვა, მართვა, შესაბამისად, უკვე უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ადმინისტრირების სათანადო ბერკეტების გამოყენებით. ცვლილებები შევა ყველა იმ მარეგულირებელ დოკუმენტში, რომლითაც განსაზღვრულია მოთხოვნები სამედიცინო დაწესებულებების მიმართ, კერძოდ,  სტაციონარების შემთხვევაში, აღნიშნული განიხილება როგორც  სანებართვო პირობის, ხოლო ამბულატორიული დაწესებულებების მიმართულებით, როგორც  ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ნორმის დარღვევა. შემდეგ დაწესდება შესაბამისი სანქციები.  

– როგორი იქნება სანქციები ექიმებისთვის? როგორ მიიღებს სამედიცინო სექტორი ამ  სიახლეს, ხომ არ ჩათვლიან ამას საექიმო საქმიანობაში ჩარევად?  

–  ეს მექანიზმი ექიმებისთვის საფრთხის შემცველი ნამდვილად არ არის, ეს არის პაციენტების დაცვის მექანიზმი.  სამედიცინო საქმიანობის კანონის მიხედვით, ყველა ექიმს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი პოზიცია. ჩვენ არ ვერევით ექიმის მიერ წარმოებულ მკურნალობის პროცესში. არსებობს ძირითადი ხუთი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს კონკრეტული დანიშნულებების განხილვა კლინიკური ფარმაკოლოგის მიერ პაციენტის შემოსული განაცხადის შემდეგ. თუ კლინიკური ფარმაკოლოგი მიიჩნევს საჭიროდ, რომ რომელიმე კრიტერიუმის მიხედვით დანიშნულება უნდა დაკორექტირდეს,  ექიმს აქვს საშუალება, გაგზავნოს განმარტება კლინიკურ ფარმაკოლოგთან, რა მიზეზით დანიშნა ესა თუ ის მედიკამენტი. როდესაც კლინიკური ფარმაკოლოგი შეუთავსებლობას აღმოაჩენს და ექიმი მას საკუთარი მოსაზრებით არ დააკორექტირებს, კონკრეტული შემთხვევის განხილვა მოხდება სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისგან შემდგარი სპეციალური კომისიის მიერ. თუ კომისიის მიერ მიცემული რეკომენდაციის შემდეგაც არ მოხდა ექიმის მიერ დანიშნულების კორექტირება, ექიმის სახელი და გვარი მოხვდება ე.წ. შავ სიაში, თუ ერთი წლის განმავლობაში ერთი და იგივე ექიმის მიერ სამჯერ მოხდება ასეთი დაუკორექტირებელი დანიშნულებების გაცემა, საკითხი განსახილველად გავა პროფესიული განვითარების საბჭოზე. თუ ერთი და იგივე სამედიცინო დაწესებულებიდან მთელი წლის განმავლობაში 30%-ზე მეტი ექიმის მიერ მოხდა აღნიშნული დანიშნულების გაცემა, ასეთ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულების საქმიანობას შეისწავლის რეგულირების სააგენტო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოტივაცია იქნება  ექიმებისთვის, რომ არ მოხვდნენ ე.წ. შავ სიაში, ამ მექანიზმის ამუშავების შემთხვევაში არამიზანმიმართულად დანიშნული მედიკამენტების შემთხვევები შემცირდება. ჩვენ პაციენტებს თავიდან ავაცილებთ როგორც ჯანმრთელობის საფრთხეს, ისე ზედმეტ მატერიალურ ხარჯებსაც. პოლიფარმაციის პრობლემას ჯანდაცვის სფეროში ჩართული ყველა მხარე აღიარებს. ამ  ბერკეტს ძალიან კარგად შეხვდნენ სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც პოლიფარმაციის შემთხვევების გამო ბევრ პრობლემას ეჯახებოდნენ,   სადაზღვევო კომპანიები გამოხატავენ მხარდაჭერას და ამ პროცესში აქტიურად ჩართვასა და თანამშრომლობას გვთავაზობენ. 

ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ პრობლემის გადასაჭრელად, პირველ რიგში, მისი გამომწვევი მიზეზების კვლევა და გადაჭრა უნდა მოხდეს: „ძნელი წარმოსადგენია, რამდენად მოხერხდება ახალი რეგულაციით ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა. პრაქტიკული თვალსაზრისითაც, მისი განხორციელება წარმოუდგენლად მიმაჩნია, ერთი ადამიანის ისტორიის შესწავლამ და დიაგნოზის გადამოწმებამ შეიძლება დღეები წაიღოს, ასეთ დროს როგორი წარმოსადგენია, როცა ათასობით ადამიანი აჭერს ხელს ღილაკს და სთხოვს კომისიას, დაინტერესდეს მისი საკითხით. ამას გარდა, ეს მექანიზმი  კიდევ უფრო გაზრდის პაციენტების უნდობლობას ექიმის მიმართ და გაამძაფრებს მათ შორის არსებულ პრობლემას. ჩატეხილი ხიდი რომ არსებობს, ყველამ კარგად ვიცით. იმის მაგივრად ჯანდაცვის სამინისტრო ექიმის ნდობის ამაღლებაზე ზრუნავდეს, ის, ჩემი აზრით, ამ პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს. ეს პოლიფარმაციას ვერ აღმოფხვრის. ექიმიც მოძებნის „გამოსავალს“, თუ ის სხვადასხვა მიზეზით პოლიფარმაციაშია ჩაბმული – ხუთი წამლის ნაცვლად გამოწერს ოთხს და ძვირად ღირებულს და ასე აარიდებს თავს ამ მექანიზმს. პრობლემას გლობალურად უნდა მივუდგეთ და მისი გადაჭრა გამოწვევი მიზეზებიდან უნდა დავიწყოთ, რომელთა შორის   ნაწილობრივ ექიმების კვალიფიკაციას, ნაწილობრივ ფარმაცევტული კომპანიების ინტერესს გამოვყოფ. ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, ჩვენთან ფარმაცევტული ინდუსტრია ძალიან მომძლავრდა, რაც ცუდი ნამდვილად არ არის. დღეს ფარმაცევტულ კომპანიებთან არის მიბმული დიდი ქსელი – ბანკი, ფარმაცევტული კომპანია, კლინიკები, საცალო ვაჭრობა, საბოლოო ჯამში, იქმნება ერთი სისტემა, რაც უფრო იზრდება ეს დაჯგუფება, მით უფრო აქტუალური ხდება პოლიფარმაციის პრობლემაც. სამწუხაროდ, ვერც ექიმების კვალიფიკაციის პრობლემას ვერ გავექცევით. ეს ყველა ექიმს არ ეხება, მაგრამ კვლევები, აუდიტის დასკვნები, არსებული ფაქტობრივი მონაცემები ადასტურებს, რომ  ექიმების დიდი ნაწილი არანაირ გადამზადებას და კვალიფიკაციის კურსებს არ გადის, ამიტომაც ისინი  კვლავ იყენებენ სამი წამლის კომბინაციას, რომელიც 7-10 წლის წინათ იყო მიღებული. როდესაც ფარმაცევტული კომპანიებისა და ექიმების ერთგვარ გარიგებებზე ვსაუბრობთ, ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, არსებობს. საქართველოში მოქმედი ექიმების მხოლოდ 5-7%-ს აქვს მაღალი ანაზღაურება, ექიმების უმეტესობა დაბალ ხელფასზე მუშაობს, 200-300 ლარზე. ეს განსაკუთრებით ეხება პირველადი ჯანდაცვის რგოლში დასაქმებულ ექიმებს. ბევრი ექიმი დაბალი ანაზღაურების გამო ერთდროულად რამდენიმე ადგილზე მუშაობს. ეს მოქმედებს ხარისხზე, პაციენტთან ურთიერთობაზე, ამიტომაც ისინი იძულებული ხდებიან,  ფარმაცევტულ კომპანიებთან ითანამშრომლონ, სარგებელი მიიღონ მათგან სხვადასხვა სახის  ბონუსებით. სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოხდეს  ისეთი მექანიზმის დანერგვა, რომელიც ექიმსაც აიძულებს და კლინიკასაც, აიმაღლონ კვალიფიკაცია, რასაც ისინი დამოუკიდებლად, საკუთარი ფინანსებით ვერ ახერხებენ. ეს ამ მოტივით ფარმაცევტულ კომპანიებთან ექიმების დაკავშირებას და რისკს, მათთან საეჭვო გარიგებები ჰქონდეთ, ბევრად შეამცირებს“.    

    ჯანდაცვის სამინისტრო, როგორც ოფიციალური უწყება, ექიმებისა და ფარმაცევტების გარიგებებზე არ საუბრობს. ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, რომ ახალი რეგულაციით დარეგულირდება ფარმაცევტული კომპანიებისა და ექიმების საეჭვო  გარიგებები, რაც ძალიან ხშირია, და რაც  არის  პოლიფარმაციის მთავარი მიზეზი. როცა  შესაძლებელი გახდება იმ ექიმების იდენტიფიცირება, რომლებიც პაციენტებს ბევრ წამალს უნიშნავენ,  ეჭვქვეშ დადგება მისი პროფესიული იმიჯი, რაც ექიმებს გარკვეულ ჩარჩოებში მოაქცევს. 

საქართველოში ფარმაცევტულ კომპანიასა და ექიმს შორის ურთიერთობას არეგულირებს სამედიცინო საქმიანობის შესახებ კანონში 2011 წლის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, არ შეიძლება ექიმს ისეთი ურთიერთობა ჰქონდეს ფარმაცევტულ კომპანიასთან, რომელიც პაციენტს ავნებს. 

ირაკლი მარგველაშვილი: 

– პოლიფარმაციის პრობლემა მთელ მსოფლიოში არსებობს, ჯანდაცვის სამინისტროში ამ მიმართულებით საკმაო  ხანია, დაიწყო სამუშაო პროცესი. ამ შეხვედრებს მეც დავსწრებივარ და მივესალმები, რომ ბოლოს და ბოლოს ამ რეგულაციის ამოქმედება დაიწყება. როგორ წარიმართება ტექნიკურად ეს პროცესი, ალბათ, გათვლილი აქვს ჯანდაცვის სამინისტროს. უხეში გაანგარიშებით, წლის განმავლობაში საქართველოში დაახლოებით 15 მილიონამდე დანიშნულება იწერება, ან არ იწერება და სიტყვიერად ითქმება, 15 მილიონი დანიშნულების გაკონტროლების თეორიული შანსი არ არსებობს, მაგრამ მცირე, 3-5% რომ მოხვდეს მონიტორინგის ქვეშ, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი და შედეგს აუცილებლად მოიტანს. ახალი რეგულაცია, პირველ რიგში, გამოაჩენს უხეშ დარღვევებს, რაც საკმაოდ ხშირია. პირველი და ყველაზე დიდი  პრობლემა, რასაც პოლიპრაგმაზია იწვევს, ადამიანების ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენებაა. დიდი რაოდენობით და არამიზნობრივად მედიკამენტების დანიშვნა შეიძლება სახიფათოც კი გახდეს, არის შემთხვევები, როდესაც  მედიკამენტების ურთიერთქმედებამ, თუ ისინი ერთმანეთს საერთოდ არ შეესაბამება, შესაძლოა, ნეგატიური შედეგი მოგვცეს. პოლიპრაგმაზიის უფრო მძიმე ფორმაა, როცა ექიმის მიერ სხვადასხვა სავაჭრო დასახელებით ერთი და იგივე მედიკამენტი ინიშნება, რაც ასევე ხშირია.

– როგორ დაარეგულირებს ეს მექანიზმი ექიმისა და ფარმაცევტული კომპანიის ხშირად  საეჭვო გარიგებებს, რაც ხდება ხოლმე დიდი რაოდენობით მედიკამენტის დანიშვნის საფუძველი? 

–  ექიმებისა და ფარმაცევტული კომპანიების გარიგებების  პრობლემა არსებობს და იმაზე მეტად ღრმაა, ვიდრე ეს გარედან, ერთი შეხედვით ჩანს. ეს პრობლემა არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი, რომელიც  ფარმაცევტულ სფეროში ყველაზე  მკაცრად რეგულირებად ქვეყნად ითვლება. ჩვენთან არ არსებობს არანაირი რეგულაცია, არსებობს ერთადერთი ჩანაწერი კანონში სამედიცინო საქმიანობის შესახებ, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვის სპეციალისტს არ აქვს უფლება, გარიგებაში შევიდეს ფარმაცევტულ კომპანიასთან, რის შედეგადაც შეიძლება მან მიიღოს სარგებელი და ზიანი მიაყენოს პაციენტს. ჩვენი ასოციაცია 11 წლის წინათ შეიქმნა და მას შემდეგ ვცდილობთ ამ პრობლემის გადაჭრას. დაარსების დღიდან ჩვენ  ვაერთიანებთ იმ ეთიკურ  კომპანიებს, რომლებიც აბსოლუტურად არ იზიარებენ ამ მიდგომას და მსგავს ქმედებებს არ ახორციელებენ, თუმცა არსებობს უამრავი სხვა კომპანია, რომელიც ამას აკეთებს. ჩვენ ვებრძვით ასეთ  გარიგებებს, თუმცა ამას ხელაღებით ვერ ვიტყვით ყველა ექიმზე, ჩვენ ირგვლივ ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი ექიმია, რომლებიც ასეთ საეჭვო გარიგებებში არ არიან ჩართულები. 2014 წელს მივიღეთ ეთიკის კოდექსი ფარმაცევტული კომპანიებისთვის, რომელსაც არ აქვს იმპერატიული ხასიათი, მასში გაწერილია ფარმაცევტული კომპანიების თანამშრომლობის ნორმები სამედიცინო საზოგადოებასთან.   

 ფარმაცევტული კომპანია ვერ შეწყვეტს ურთიერთობას  ჯანდაცვის სპეციალისტთან, ეს უკანასკნელი ამ თანამშრომლობის გარეშე ვერ მიიღებს განათლებას, ვერ აიმაღლებს კვალიფიკაციას. მთელ მსოფლიოში სამედიცინო განათლების 70-80% ფინანსდება ფარმაცევტული კომპანიების მიერ. კონფერენციები, კონგრესები, სამეცნიერო სემინარები აუცილებელია, ექიმებს სხვა განათლების წყარო, ფაქტობრივად, არ აქვთ, მაგრამ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს – ფარმაცევტული კომპანია კვალიფიკაციის ასამაღლებლად უშვებს ექიმს თუ დასასვენებლად ოჯახის წევრებთან ერთად და სამაგიეროდ რას სთხოვს მას? ამას ჰქვია ექიმის „მოსყიდვა“.  გარიგება მარტივია – მე შენ კონგრესზე წაგიყვან, ან სხვა ბენეფიტით სარგებლობის საშუალებას მოგცემ და შენ დანიშნულებაში ჩასვამ ჩემს მედიკამენტს. დაინტერესება შეიძლება იყოს მატერიალური სახის, არსებობს სხვა ბენეფიტებიც. პოლიფარმაცია უშუალო კავშირშია ექიმისა და ფარმაცევტული კომპანიის არაეთიკურ ქმედებასთან. ზოგიერთ  ფარმაცევტულ კომპანიას, როგორც კონსულტანტები, ასობით ექიმი ჰყავს დაქირავებული, კონსულტანტი შეიძლება გყავდეს 5, 10, 15, რომლებიც წაიკითხავენ ლექციას სხვადასხვა ქალაქებში, მაგრამ ასი კონსულტანტი, რომელსაც გარკვეულ  ხელფასს უხდი, ნამდვილად არაა საჭირო ლექციების წასაკითხად, როცა ადამიანს უხდი ხელფასს, მისი მხრიდან გარკვეული ანგარიშვალდებულებაც არსებობს. ეს არსად არაა გაწერილი, ერთგვარი სიტყვიერი შეთანხმებაა, სწორედ ესაა  არაეთიკური პრომოცია, რომელიც აუცილებლად უნდა დაექვემდებაროს რეგულაციებს, ისევე როგორც ხდება სხვა ქვეყნებში. როდესაც ფარმაცევტულ კომპანიას ექიმი სამეცნიერო კონგრესზე მიჰყავს და უხდის მას ჰონორარს ლექციისთვის, ეს არავისთვის არაა დამალული. როცა  ფარმაცევტული კომპანია ასაჯაროებს ექიმზე გაწეულ ხარჯებს, ჯანდაცვის სამინისტროსთვის ეს უკვე ღია და გამჭვირვალე პროცესია. ჩვენი სამინისტრო ამ ინფორმაციებს არ ფლობს, რადგან მისი გასაჯაროება დაარღვევს კონფიდენციალურობის რეგულაციებს. ჩვენ უნდა მივიღოთ გამჭვირვალობის აქტი, რაც კარგად მუშაობს სხვა ქვეყნებში.        

– ძალიან ხშირად დავის საგანია მკურნალობის სტანდარტი, გაიდლაინები, ეს არ გამოიწვევს გაურკვევლობებს ექიმსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის? 

– ყველა ქვეყანაში არსებობს გარკვეული ჩამონათვალი იმ მედიკამენტებისა, რომლებიც ამა თუ იმ ნოზოლოგიის დროს გამოიყენება. ექიმმა თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელი წამალი დანიშნოს, რადგან მკურნალობის შედეგი მისი პასუხისმგებლობაა. ექიმს აქვს არჩევანი, გარკვეული სიიდან რომელ მედიკამენტს გამოიყენებს და რა დოზით, ეს მეტ-ნაკლებად  გაწერილია, მაგრამ ექიმი ერთადერთი ადამიანია, ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებს. როცა ადამიანი ნიშნავს მედიკამენტს, რომელიც არც ერთი გაიდლაინით არ არის რეკომენდებული, არ გამოიყენება კონკრეტული ნოზოლოგიის დროს და მერე ამბობს, მე ასე ვთვლი, ეს უკვე დიდი პრობლემაა. ჩვენთან მოქმედ კლინიკებს აქვთ თავისი სტანდარტი, ზოგს – მაღალი, ზოგს – არც ისე მაღალი, ეს სტანდარტი ცენტრალიზებულად არ არის თავმოყრილი, ესეც დიდი პრობლემაა. მე მესმის, ჯანდაცვის სამინისტრომ თავისი რესურსიდან გამომდინარე დაიწყო ცვლილებები ყველაზე მარტივით, დანიშნულებით, რაც ემპირიულად ჩანს და იმედი მაქვს, უფრო ღრმად გაჰყვება ამ საკითხს. მთავარია, რომ ეს კარგი მცდელობაა და უახლოეს მომავალში ყველა ერთად ვნახავთ, როგორ იმუშავებს ეს მექანიზმი.