ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი
ეს საქმე ნათელი დასტურია იმისა, რომ დანაშაულს არც ეროვნება აქვს, არც პოლიტიკური ორიენტაცია და არც მაღალ-დაბალი ჩინოსნობით ფასდება... გასულ კვირას მარნეულში, შეიძლება ითქვას, კოჰაბიტაციური დანაშაული მოხდა, როდესაც ერთ-ერთ მოქალაქეს ჯერ ფიზიკურად „ნაციონალები“ გაუსწორდნენ, შემდეგ კი „ოცნების“ მერის დავალებით სახეზე საკუთარი შარდი წაასმევინეს. ამის შესახებ გაზეთ "პრაიმტაიმის" 18 ივნისის N475-ში სტატია გამოქვეყნდა.
ყველაფერი 10 ივნისს დაიწყო, როდესაც მარნეულში მცხოვრებმა ელჩინ ალეხვერდიევმა „ფეისბუკში“ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესა და მარნეულის მერს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიტიკური განსხვავებულობის მიუხედავად, ალახვერდიევის ეს საქციელი ადგილობრივი ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვისაც ერთნაირად მიუღებელი აღმოჩნდა და როგორც ჩანს, ერთიანად დაიგეგმა ანგარიშსწორებაც.
ელჩინ ალეხვერდიევს პასუხი ჯერ მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მოსთხოვეს, სადაც მას ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი რესტორან „ჟეჟებეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, რაც ასევე „ფეისბუკით“ გაავრცელებინეს. სტუდია „მონიტორის“ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს მსხვერპლის ე.წ. „მონანიება“, რის შემდეგაც ის საკუთარ შარდს სახეზე ისვამს. ყოველივე ამის შემდეგ, პროკურატურამ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. მას წინასწარი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, საბოლოოდ კი, ბრალის დადასტურების შემთხვევაში, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პროკურატურამ, ასევე, ბრალი წარუდგინა „ნაციონალური მოძრაობიდან“ მარნეულის მაჟორიტარ დეპუტატს აზერ სულეიმანოვს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დეპუტატის იმუნიტეტი იცავს და შესაბამისად, მისი დაპატიმრება არ მომხდარა. სულეიმანოვი ირწმუნება, რომ მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, თუმცა „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა დაზარალებულის, ასევე, ამ საქმის თვითმხილველების ჩვენებები, სადაც სწორედ აზერ სულეიმანოვის გვარი ფიგურირებს. სანამ ამ დეტალებს გაგაცნობთ, მანამდე, მოდი, ვნახოთ, რას ამბობენ მთავარ პროკურატურაში მომხდარის შესახებ.
„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 10 ივნისს, ელჩინ ალახვერდიევი იმყოფებოდა ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერზე, თემურ აბაზოვზე განაწყენებულმა, სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ მეშვეობით განახორციელა პირდაპირი ვიდეოჩართვა, რა დროსაც, თემურ აბაზოვის მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. იმავე დღეს, ღამის საათებში, მას დაუკავშირდა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რაგიმ ასკეროვი, რომელმაც სთხოვა შეხვედრა. რ.ასკეროვის მოთხოვნით ისინი შეხვდნენ ერთმანეთს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ოფისში, რომელიც მდებარეობს ქ. მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე. ოფისში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ნათესავი ე.გ და სხვა პირები. პარლამენტის წევრმა აზერ სულეიმანოვმა ელჩინ ალახვერდიევს მოსთხოვა, აეხსნა, ვისი დავალებით განახორციელა სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში ზემოაღნიშნული ვიდეოჩართვა, რის შემდეგაც აზერ სულეიმანოვმა, რამინ ალახვერდიევმა და მოქალაქე ე.გ-მ ელჩინ ალახვერდიევს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა“, – განაცხადეს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.
აზერ სულეიმანოვი ბრალდებებს უარყოფს და მისთვის ბრალის წარდგენას პოლიტიკურ დევნას უკავშირებს, თუმცა ფაქტია, რომ მის წინააღმდეგ საქმეში არაერთი ჩვენება დევს, მათ შორის ადგილობრივ მუსლიმანთა ლიდერის, ალი ალიევის ჩვენება, სადაც დეტალურად არის აღწერილი, როგორ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა პარლამენტის წევრმა ელჩინ ალახვერდიევს. მანამდე კი ვნახოთ, რა რას ყვება თავად ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.
„10 ივნისს, ღამის 22:20 საათზე, როდესაც ვიმყოფებოდი სახლში, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, ჩემს მობილურ ტელეფონზე დამირეკა მარნეულის საკრებულოს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რაგიმ ასკეროვმა და მითხრა, რომ 10 ივნისს, თბილისში გამართულ აქციაზე ყოფნის დროს ტელეფონით გადაღებულ და გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით ჰქონდა ჩემთან საქმე და მთხოვა, მივსულიყავი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ოფისში, სადაც ის მელოდებოდა. რაგიმისთვის უარი არ მითქვამს, დავურეკე ჩემს დისშვილს, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში მცხოვრებ ინტიგამ აბასოვს და ვთხოვე, თავისი მანქანით წავეყვანე „ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ოფისში. ინტიგამი მალევე მოვიდა თავის „ოპელის“ მარკის ავტომანქანით, დაახლოებით 1-2 წუთში, რადგან იქვე ახლოს იმყოფებოდა, რომელმაც მანქანით ჩამიყვანა „ნაცმოძრაობის“ ოფისში, რომელიც განთავსებულია ქალაქ მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის დეპუტატის, აზერ სულეიმანოვის საჩაიეს მიმდებარე ტერიტორიაზე. საჩაიესთან ქუჩაში შემხვდა „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატი რაგიმ ასკეროვი და მითხრა, რომ გავყოლოდი მას „ნაცმოძრაობის“ ოფისში, მე და ინტიგამი გავყევით რაგიმს. მან გააღო ოფისის კარი და სამივე შევედით ოფისში. ჩვენი შესვლისთანავე ოფისში გარედან შემოვიდნენ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატი აზერ სულეიმანოვი, მუსლიმანთა მარნეულის სასულიერო პირი (ახუნდი) ალი ალიევი, მას უკან შემოჰყვნენ პარტია „ქართული ოცნების“ საკრებულოს დეპუტატები რამინ ალახვერდიევი და ჯეიხუნ ჩოიდაროვი, რის შემდეგ აზერ სულეიმანოვმა ხმამაღალი და უკმაყოფილო ტონით მითხრა, რატომ გადავიღე მობილური ტელეფონით და შეურაცხყოფა რატომ მივაყენე მარნეულის მერს თემურ აბაზოვს ფეისბუკზე პირდაპირი ჩართვის რეჟიმში. აზერ სულეიმანოვს ვუპასუხე, რომ თემურ აბაზოვმა, 2017 წლის 18 დეკემბერს მასთან სამსახურში შეხვედრისას მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და გამომაგდო კაბინეტიდან და მასზე ვიყავი განაწყენებული და ამის გამო ვაგინე. ამ დროს აზერ სულეიმანოვმა შემაგინა უცენზურო სიტყვებით და გაშლილი ხელით სამჯერ ძლიერად სილა გამაწნა სახეში, სამივეჯერ მარცხენა ლოყაში, რის შედეგად განვიცადე ფიზიკური ტკივილი, თუმცა საპასუხოდ არაფერი არ მოვიმოქმედე და ვიდექი უმოქმედოდ. აღნიშნულ დროს აზერ სულეიმანოვის შემდეგ მომიახლოვდა პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატი რამინ ალახვერდიევი, რომელმაც მარჯვენა ხელის გაშლილი მტევნით, პირდაპირი დარტყმა მომაყენა მარცხენა ლოყაში და სწრაფად მარჯვენა ხელით მოაყოლა მეორე დარტყმა კეფის არეში, კვლავ გაშლილი ხელით. აღნიშნულის შედეგად განვიცადე ტკივილი, ამ დროს ოფისში შემოვიდა მარნეულის მერის თემურ აბაზოვის ნათესავი. როგორც ვიცი, მისი სახელია ელიხან გულიევი, რომელსაც არ ვიცნობდი და ურთიერთობა მასთან არ მქონია. მან შემოსვლისთანავე უკანა მხრიდან ორჯერ დამარტყა მარჯვენა ხელის გაშლილი მტევნით, სახის მარჯვენა მხარეს და ამ დროსაც ფეხი წამოვკარი და როდესაც ვეცემოდი, შემდეგ ელიხან გულიევმა მარჯვენა ფეხი ჩამარტყა მარჯვენა მხარეს ტანში, რის გამოც განვიცადე ფიზიკური ტკივილი“, – ასე იხსენებს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განვითარებულ მრავალპარტიულ ძალადობას ელჩინ ალახვერდიევი, რის შემდეგაც ის ასევე დეტალურად აღწერს რესტორან „ჟეჟებეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს.
კერძოდ, დაზარალებულის ჩვენებით ირკვევა, რომ „ნაცმოძრაობის“ ოფისში განხორციელებული ძალადობის შემდეგ ელჩინ ალახვერდიევი მარნეულის საკრებულოს წევრებმა ჯეიხუნ ჩოიდაროვმა და რამინ ალახვერდიევმა წაიყვანეს ე.წ. „ჟეჟებეს“ რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ ელოდებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი. მისვლისთანავე თემურ აბაზოვმა ელჩინ ალახვერდიევს შეაფურთხა სახეში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ აიძულა, ჩართულიყო „ფეისბუკის“ პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის, ბოლოს კი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა ძალადობით, ღირსების შელახვის მუქარით, ელჩინ ალახვერდიევი აიძულა, მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე.
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს ადგილობრივ მუსლიმანთა სასულიერო ლიდერი ალი ალიევიც. მისი ჩვენებით ირკვევა, რომ ოფისში მისვლამდე ის ამავე საკითხს მარნეულის მერთან, თემურ აბაზოვთან ერთად სუფრაზე განიხილავდა.
„ცოტა ხანში ჩვენთან მოვიდნენ თემურ აბაზოვი, რამინ ალახვერდიევი და თემურის დეიდაშვილი, რომლის გვარია გულიევი, ხოლო სახელი არ ვიცი, ზედმეტსახელად ეძახიან ექოს. ისინი დასხდნენ ჩვენს მაგიდასთან. ამის შემდეგ, სუფრასთან ყოფნის დროს, არ მახსოვს ვისგან, მაგრამ შევიტყვე, რომ ელჩინ ალახვერდიევი დაუბარებიათ ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ოფისში და მისი ნახვა უნდოდა პარლამენტარ აზერ სულეიმანოვს. ამ საუბრის მოსმენის შემდეგ, მე ვიფიქრე, რომ შესაძლო იყო ელჩინ ალახვერდიევსა და აზერ სულეიმანოვს შორის სიტუაცია გართულებულიყო, რის გამოც, ჩემი მობილური ტელეფონით დავურეკე აზერ სულეიმანოვს და ვკითხე, რა ხდებოდა ელჩინ ალახვერდიევთან დაკავშირებით. აღნიშნულზე აზერ სულეიმანოვმა მითხრა, რომ მას „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში უკვე დაბარებული ჰყავდა ეს უკანასკნელი და უნდა გაერკვია „ფეისბუკის“ ლაივთან დაკავშირებული საკითხი. აღნიშნულზე მე აზერ სულეიმანოვს ვუთხარი, რომ მეც მივიდოდი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში. ამის შემდეგ, მე ჩავჯექი ჩემს კუთვნილ „ჰიუნდაის“ მარკის ავტომანქანაში და რამინ ალახვერდიევთან ერთად გავემართე ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში. ჩემი წამოსვლის შემდეგ, რესტორანში, ჩვენს სუფრასთან დარჩნენ ჯეიხუნ ჩოიდაროვი, აქვერდი ახვერდიევი, თემურ აბაზოვი და მისი დეიდაშვილი გულიევი, ხოლო ანარ ნურმამედოვი და ჩინგიზ მუსტაფაევი ამ დროისთვის სუფრიდან უკვე წასულები იყვნენ. ისინი რა დროს წავიდნენ, ზუსტად აღარ მახსოვს. მას შემდეგ, რაც მე და რამინ ალახვერდიევი დავსხედით ჩემს მანქანაში, ჩვენ გავემართეთ ზემოაღნიშნული ოფისისკენ. მანქანის გაჩერების შემდეგ, მე და რამინ ალახვედრიევი შევედით „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში და პირველივე ოთახში დამხვდა შემდეგი სურათი: ოთახში იმყოფებოდნენ აზერ სულეიმანოვი, ელჩინ ალახვერდიევი, რაგიმ ასკეროვი და კიდევ ერთი პირი, რომლის ვინაობა არ ვიცი. ამ დროს მე დავინახე, რომ აზერ სულეიმანოვი მივარდა ელჩინ ალახვერდიევს, შეაგინა და რამოდენიმეჯერ გაარტყა ხელი სახის არეში. ამ დროს აზერ სულეიმანოვი ეუბნებოდა ელჩინ ალახვერდიევს, თუ მათი პარტიის სახელით რატომ აგინებდა „ქართულ ოცნებას“, ვინაიდან შემდეგში ყველა იფიქრებდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დარიგებული იყო, როდესაც აგინებდა „ქართული ოცნების“ წევრებს. ამის შემდეგ, რამინ ალახვერდიევმა რამდენიმეჯერ დაარტყა ხელი ელჩინ ალახვერდიევს თავის და სახის არეში, კონკრეტულად სად, არ დამინახავს. ამის შემხედვარე მე მივედი ელჩინ ალახვერდიევთან, რომელიც უბრალოდ იდგა უმოქმედოდ და იღებდა ზემოაღნიშნული პირების დარტყმებს, რის შემდეგ მოვუწოდე იქ მყოფ პირებს, რომ შეეწყვიტათ ელჩინის ცემა და გინება. აღნიშნულზე აზერ სულეიმანოვი და რამინ ალახვერდიევი დაწყნარდნენ“, – ყვება გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში სასულიერო პირი.
ამ სკანდალური საქმის კიდევ ერთი მოწმე ჯეიხუნ ჩოიდაროვია, რომლის ჩვენებაშიც ვკითხულობთ:
„ადგილზე მისვლის შემდეგ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, პარლამენტის წევრი აზერ სულეიმანოვი ეკითხებოდა ელჩინს, მისი ცოლისთვის შეურაცხყოფა რომ მიეყენებინა სხვა პირს, როგორ იგრძნობდა თავს? აღნიშნულის შემდეგ აზერ სულეიმანოვმა მარჯვენა გაშლილი ხელი გაარტყა ელჩინს სახეში მარცხენა ლოყაზე. აღნიშნულის დანახვისთანავე მე მივედი ელჩინთან, მოვკიდე მას ხელი და გავიყვანე გარეთ, რის შემდეგაც ჩავსვი ის იმ ავტომობილში, რომლითაც მე მოვედი. ავტომობილში მე ჩამიჯდა რამინ ალახვერდიევი. აღნიშნულის შემდეგ მე ვუთხარი ელჩინს, რომ შერიგების მიზნით შეხვედროდა თემურის და მოეხადა მისთვის ბოდიში, რაზეც მან თანხმობა განაცხადა და ჩვენ სამნი წავედით რესტორან „ჟეჟებეში“, – ამბობს საკუთარ ჩვენებაში თვითმხილველი, რომელიც ასევე აღწერს რესტორანთან განვითარებულ ზემოხსენებულ მოვლენებს.
მარნეულის აწ უკვე ყოფილი მერი თემურ აბაზოვი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და ირწმუნება, რომ მისი მხრიდან დამამცირებელ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.
„არანაირ შემხებლობას, არანაირ ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხყოფას ბატონი თემური არ აღიარებს. ადამიანი ბრალს არ აღიარებს და ეს იმას ნიშნავს, რომ მას რაიმე სახის შემხებლობა არ ჰქონია. გავეცნობით საქმის მასალებს და დაცვის მხარე ჩამოყალიბდება, რა პოზიცია ექნება“, – ამბობს აბაზოვის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი.
ბრალდებას უარყოფს დეპუტატი აზერ სულეიმანოვიც, რომელსაც ბრალი ძალადობის მუხლით წარუდგინეს, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს პატიმრობა არ ემუქრება. პროკურატურაში ამბობენ, რომ სულეიმანოვისთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.