მარგველაშვილის სკანდალურ გადაწყვეტილებას მისი ადმინისტრაცია უპასუხოდ ტოვებს

10:29 06-18-2018
3684

ავტორი: ქეთი ხატიაშვილი

ისტორიულ პროექტებში საქართველო ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტში საქართველოს ინტერესების დასაცავად შევარდნაძემ ყველაფერი გააკეთა. ამ პროექტს თავისი სახიფათო და სარისკო ქვედადინებებიც ჰქონდა. საქართველო პროექტში ჩაერთო, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სუბიექტი და ყველა ღონისძიებაში აქტიურობდა. ეს პროექტის დასახელებაში სიტყვა თბილისის დაფიქსირებიდანაც ჩანს. თუმცა ეს მეოცე საუკუნის ბოლოს მოხდა.

21-ე საუკუნესაც თავისი ისტორიული და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი აქვს და ერთ-ერთი მათგანი ისევ ბაქოსა და თურქეთის აქტიური ჩართულობით განხორციელდა. ეს შაჰდენიზის მეორე ფაზაა. საქართველოს პრეზიდენტს პროექტის ჩაშვების ცერემონიალში მონაწილეობა უნდა მიეღო, თუმცა, თურქეთში არ გაემგზავრა. TANAP-ის გაშვებას საქართველოს ხელისუფლებიდან არავინ დასწრებია.  

ქართული მხარე არც გაზსადენის გახსნის ცერემონიალზე არ იყო წარმოდგენილი აზერბაიჯანში, 28 მაისს.

რამდენადაც ცნობილია, გიორგი მარგველაშვილი ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად თურქეთის პრეზიდენტმა პირადად დაპატიჟა. პირველ ივნისს მათ სატელეფონო საუბარი ჰქონდათ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოწვევას ადასტურებს და იქვე დასძენს, რომ ვიზიტი არ შედგა, თუმცა არ აკონკრეტებს, რა მიზეზით.

„ჩვენ არც გაგვივრცელებია პრესრელიზი, რომ პრეზიდენტი დაესწრებოდა ცერემონიას“, – განუმარტეს ჟურნალისტებს პრესსამსახურში. 

„პრაიმტაიმი“ დამატებით შეეცადა, გაერკვია, რა მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა მარგველაშვილს ჩანიშნული, რომ ისტორიული მნიშვნელობის ღონისძიებას არ დაესწრო. თუმცა, ადმინისტრაციამ რაიმეს დაზუსტებაზე უარი განაცხადა. 

ზოგიერთი ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს პრეზიდენტს თურქეთში გამგზავრება უბრალოდ დაზარებოდა. ამის თქმის საფუძველს მათ სწორედ ადმინისტრაციის მხრიდან დატოვებული კითხვის ნიშნები აძლევთ. 

„გადაწყვეტილება ბოლო წუთს მიიღეს, მაგრამ არ ვიცი, რატომ. საქართველო ღონისძიებაზე ელჩის სახით არის წარმოდგენილი. პროექტი აერთიანებს თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის გვსურს ქართველი კოლეგების ხილვა თურქეთში, თუმცა მაშინაც კი, როცა ისინი იქ არ არიან, ჩვენ მათ სიახლოვეს ვგრძნობთ, – განაცხადა თურქეთის ელჩმა საქართველოში. 

პროექტის დეტალები:

ტრანსანატოლიური გაზსადენი TANAP საქართველო-თურქეთის საზღვარზე იწყება და თურქეთის მთელ ტერიტორიას კვეთს. ის სათავეს იღებს კასპიის ზღვიდან, შაჰდენიზიდან. გაზი გადის აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიებს სამხრეთ-კავკასიის გაზსადენის მეშვეობით. შემდეგ ის ხვდება ტრანსანატოლიურ გაზსადენში და ევროპისკენ იღებს გეზს. ეს ქვეყნებია: საბერძნეთი, ალბანეთი, იტალია. TANAP პირველ ეტაპზე 16 მილიარდ კუბმეტრ გაზს გაატარებს. 

პროექტის მშენებლობა 8,5 მილიარდი დოლარი დაჯდა. გაზსადენების 58% აზერბაიჯანის კუთვნილ კომპანია SOCAR-ს ეკუთვნის. 30% – თურქეთს და 12% – British Petroleum. 

პროექტის ფარგლებში გაფართოვდა სამხრეთ კავკასიის გაზსადენი და საქართველოში 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.  

TANAP-ს ენერგეტიკის სფეროში რუსეთის ალტერნატიულ პროექტადაც კი ასახელებენ. ვარაუდობენ, რომ შეიძლება პროექტში ირანი და თურქმენეთიც ჩაერთონ. 

ინფორმაციისთვის: პროექტის ერთ-ერთი ელემენტია უკვე არსებული სამხრეთ კავკასიური მილსადენი, რომელიც გაფართოვდა. მანამდე   მხოლოდ 7 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიეწოდებოდა ყოველწლიურად აზერბაიჯანიდან თურქეთს საქართველოს გავლით. მილსადენის გაფართოების ფარგლებში მოხდება თურქეთის მიმართულებით წლიურად, დამატებით 16 მლრდ კუბური მეტრი გაზის მიწოდება 26 ახალი დამატებითი ჭაბურღილიდან. შაჰდენიზის მეორე ფაზის პროექტი 2018 წლისთვის დასრულდა და დაახლოებით 6 მილიარდი კუბური მეტრის რაოდენობით – ყოველწლიურად, ხოლო ერთი წლის შემდეგ დამატებითი 10 მილიარდი კუბური მეტრი მიეწოდება საბერძნეთს, ბულგარეთსა და იტალიას.  

2006 წელს გაყვანილი 690 კილომეტრი სიგრძის სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება ითვალისწინებს პარალელური მილსადენის მშენებლობას – 387 კმ-ს აზერბაიჯანის, ხოლო 55 კმ-ს საქართველოს ტერიტორიაზე. 

 პროექტის გახსნა

თურქეთის ესკიშეხირის პროვინციაში ტრანსანატოლიური გაზსადენის საზეიმო გახსნა შედგა. ამ გზით აზერბაიჯანი გაზს ევროკავშირის ქვეყნებს მიაწვდის. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თურქეთის, სერბეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის ლიდერებმა.  

ამ ისტორიულად მონათლული საუკუნის პროექტის ინიციატორები თურქეთი და აზერბაიჯანი არიან. ბაქოსა და ანკარას ერთობლივი პროექტები ამ რეგიონში უკვე განხორციელებული აქვთ ნავთობსადენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და გაზსადენ ბაქო-თბილისი-ერზრუმის სახით. მათ ანგარიშზეა, ასევე, რკინიგზის დერეფანი ბაქო-თბილისი-ყარსი. ყველა ეს პროექტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. 

საზეიმო ცერემონიალზე თურქეთის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ეს პროექტები ანკარას ენერგომატარებლების ბაზარზე მნიშვნელოვან მოთამაშედ აქცევს. 

თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა პროექტის წარმატებულად დასრულებას ამ ორი ქვეყნის გამარჯვება უწოდა. „ჩვენ 21-ე საუკუნის ენერგეტიკის ისტორიას ვწერთ. ეს პროექტი თანამშრომლობისა და სტაბილურობის გარანტია“. – განმარტა ალიევმა. 

გაზსადენის მნიშვნელობაზე ისაუბრა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ენერგეტიკულ საკითხებში, ანკარაში ვიზიტით მყოფმა სანდრა ოუდკირკმაც.

„ახალი გაზსადენი არის თურქეთის და ევროპის ენერგოუსაფრთხოების დამატებითი ელემენტი. იმის მიუხედავად, რომ აშშ-ს არ გააჩნია პირდაპირი ინვესტიციები TANAP-ში, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროექტს. TANAP-ის ამუშავება ნამდვილად კარგი ამბავია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში განვითარებული ნეგატიური მოვლენების ფონზე. ჩვენი მოკავშირეების ენერგეტიკული უსაფრთხოება ძალზე მნიშვნელოვანია აშშ-ისთვის“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ამასობაში თბილისში

პროექტი თავის დროზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც შეაფასა. caspianenergy.net-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა:

– ტრანსანატოლიის გაზსადენის მშენებლობა უკვე დაიწყო. წარმოების საწყის ეტაპზე გაზსადენი გაზრდის სამხრეთის დერეფნის მეშვეობით ტრანსპორტირებული გაზის მოცულობას წელიწადში 6-დან 22 მილიარდ კუბმეტრამდე. შედეგად, ადგილობრივ ბაზარზე დამატებით ხელმისაწვდომი იქნება 0,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფანი კიდევ უფრო გაფართოვდება თურქმენული გაზის ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად. მას შემდეგ, რაც დაგეგმილი პროექტები და რეგიონალური ინიციატივები განხორციელდება, საქართველოს, როგორც სანდო სატრანზიტო პარტნიორის, როლი კიდევ უფრო გაიზრდება, ასევე, განმტკიცდება მისი ენერგოუსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება.

გარდა ამისა, ეს ფართომასშტაბიანი პროექტი ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას საქართველოში. ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფნის კონსორციუმი ახორციელებს მრავალმილიონიან ინვესტიციებს საქართველოში ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, რის შედეგადაც იქმნება სამუშაო ადგილები და უზრუნველყოფილია ფართომასშტაბიანი ინდუსტრიული განვითარების მხარდაჭერა.

– რატომ გადაწყვიტა საქართველომ ბუნებრივი აირის სექტორში აზერბაიჯანთან გრძელვადიანი ურთიერთობების გადახედვა? რა დგას ამის უკან: პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიზეზები?

– საქართველო არ ეძებს ბუნებრივი აირის გრძელვადიანი მიმწოდებლის ალტერნატივას. ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 20 წლის წინათ დაიწყო, როცა წარმატებით განხორციელდა ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების პროექტები, მაგალითად, ბაქო-თბილისი-სუფსა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და ბაქო-თბილისი-ერზრუმი. რამდენიმე კონტრაქტის საფუძველზე, აზერბაიჯანი უზრუნველყოფს ქართულ ბაზარზე გაზის 90 პროცენტის მიწოდებას. შაჰდენიზის მეორე ფაზის განხორციელება საქართველოს უზრუნველყოფს გაზის დამატებითი ოდენობით, რასაც საფუძვლად უდევს კონსორციუმთან გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულებები. მანამდე კი, 2030 წლამდე, „სოკართან“ 2016 წლის 4 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, სამხრეთ კავკასიის გაზსადენის მეშვეობით 500 მილიონი კუბმეტრი გაზი დამატებით მიეწოდება „სოციალურ“ სექტორს (მეურნეობები და ელექტროენერგიის თერმული გამომუშავება). კომერციულ სექტორში არ მოქმედებს საკანონმდებლო შეზღუდვები და კომერციულ მომხმარებლებს შეუძლიათ მიმწოდებლის არჩევა კომერციული პირობების საფუძველზე.

საქართველოს რკინიგზა უზრუნველყოფს კავკასიის დაკავშირებას ევროპასა და სკანდინავიასთან.