თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო. 2018-2019 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის ელექტრონული რეგისტრაციის პროცესი ორ ეტაპად წარიმართება.
რეგისტრაციის გავლა მსურველებს ელექტრონულად, ვებგვერდზე kids.org.ge შეუძლიათ.
პირველი ეტაპი დღეს, 18 ივნისს, 12:00-ზე დაიწყო. ამ ეტაპზე დარეგისტრირება შემდეგი კატეგორიის ბავშვებისთვისაა შესაძლებელი:
თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები (100 000–ზე ქვევით სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის ბავშვები)
სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ ფილიალის, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების) მოწერილობის საფუძველზე;
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;
იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით;
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შუამდგომლობის საფუძველზე.
მეორე ეტაპი 22 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება და ელექტრონულად დარეგისტრირდებიან იმ ოჯახების ბავშვები, რომლებიც არ შედიან პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელთა კატეგორიებში.
ბაღში მიიღებიან ბავშვები, რომელთა ასაკიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში (და არა რეგისტრაციის მომენტში) 2 წლის იქნება.