"სანდროს მეგობარი იყავით და შეხედეთ, ახლა ვისთან ერთად ხართ და ამის მერე დამისვით კითხვები.." - თეა წულუკიანი ელენე ხოშტარიას

15:54 06-19-2018
1445

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატს ელენე ხოშტარიას ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე ხელისუფლების კრიტიკისას, წინა ხელისუფლების დროს მოკლული სანდრო გირგვლიანის საქმე გაახსენა. 

„ელენე ხოშტარია ოჯახის თავზე დატრიალებულ ცუნამებზე მელაპარაკება. დიახ, ცუნამი კი არა, უარესი დატრიალდა ბატონი სარალიძის, სუბელიანის, დადუნაშვილის და ბევრი სხვა ოჯახის თავზე. არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ამაზე დიდი ტრაგედია. არც ერთ მშობელს და ოჯახის წევრს არ ვუსურვებ, რომ მისმა შვილმა სხვა ბავშვი მოკლას ან მისი შვილი იქნეს სხვა ბავშვის მიერ მოკლული.

იმ ეზოში მომხდარი ბავშვთა შორის მკვლელობა იყო, ყველაზე დიდი ტრაგედია ალბათ, რაც ოჯახებს, ნებისმიერ მხარეს შეიძლება დაატყდეს თავს. მაგრამ მე კიდევ სხვა ცუნამი მახსენდება – ეს არის სანდრო გირგვლიანის საქმე და ქალბატონო ელენე, თქვენ სანდროს მეგობარი იყავით და შეხედეთ, ახლა ვისთან ერთად ხართ პარტიაში და ამის მერე დამისვით კითხვები“,  – მიმართა თეა წულუკიანმა ელენე ხოშტარიას.