18 ივნისს ფოთის ეპარქიის სამღვდელოების კრებაზე ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა განაცხადა, რომ საქართველოს არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, ქართველ ერზე ზემოქმედების უმნიშვნელოვანესი სულიერი მექანიზმები მოიპოვონ და ეკლესია აკონტროლონ.
"ჩვენ ვხედავთ და ვგრძნობთ, რომ ჩვენი სახელმწიფოს არაკეთილმოსურნეთაგან არის მცდელობები, ქართველ ერზე ზემოქმედების უმნიშვნელოვანესი სულიერი მექანიზმები მოიპოვონ, რათა ეკლესიაში მოვლენები ისეთნაირად განვითარდეს, რომ მისი გაკონტროლება შესაძლებელი იყოს მათი მხრიდან, ვის მიზანსაც წარმოადგენს თავისი გავლენების შენარჩუნება საქართველოზე.
თუ ეს მოახერხეს, ნამდვილად აღარ დასჭირდებათ მათი რეკომენდაციებით დანიშნული მინისტრები (როგორც ეს XX საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში იყო!), რადგან, ასეთ შემთხვევაში, სულიერი ზემოქმედების იმ მექანიზმებით და საშუალებებით, რომლებიც ადამიანის გონებას, მის რწმენას უკავშირდება, ნებისმიერ ვითარებაში შეძლებენ ნებისმიერი მთავრობის შეცვლას. აქ ჩვენ ძალიან გვჭირდება სულიერი სიფხიზლე და დიდი გონიერება", - აღნიშნა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.
მისი თქმით, აღნიშნულის ფონზე, ნიშანდობლივია, რომ უკანასკნელ ხანს საქართველოს სტუმრობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ მათთვის სასურველი მიზნობრივი გავლენები მოახდინონ საქართველოს ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე.
"ნუთუ სერიოზულად ფიქრობს ვინმე, რომ საქართველოს ეკლესია ერისა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და დადგენილებებს ოდესმე მიღებს სინოდის წევრთა საფუძვლიანი მსჯელობების გარეშე?! ნუთუ მართლა ჰგონია ვინმეს, რომ საქართველოს ეკლესია უარს იტყვის სინოდალური მართვის პრინციპებზე, მსოფლიო საეკლესიო კრებათა დადგენილებებზე?! არავინ უნდა მოხიბლოს მსგავსმა ილუზიებმა!!! მსგავსი მცდელობები შეიძლება შეფასდეს, როგორც კონფრონტაციის დანერგვისკენ მიმართული ქმედებები, რაც ნამდვილად არ განეკუთვნება სულიერი ძმობის კატეგორიას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ და გვახსოვდეს, რომ მსოფლიო საეკლესიო კრებებზე დადგენილებები მიიღებოდა მსოფლიო ეკლესიის მამათა ერთობით. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ერთგვარი კრიზისის ნიშნები იკვეთება, იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ დავძლევთ და გადავლახავთ ამ მდგომარეობას.
ნურავის ექნება იმის იმედი, რომ არეულობას და დაბნეულობას შემოიტანს ეკლესიაში და შეძლებს, რომ ამ დაბნეულობაში ჩვენი ქვეყნისთვის ან ჩვენი ეკლესიისთვის საზიანო გადაწყვეტილებებს მიაღწიოს. მადლობა ღმერთს, ეკლესიას ერშიც და ბერშიც ჰყავს ძალიან ღირსეული ადამიანები და ისინი არ და ვერ შეეგუებიან იმ საფრთხეებს, რომლის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ. ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ არსებულ რეალობას, მზად ვიყოთ იმისთვის, რომ ნებისმიერ ფრონტზე დავიცვათ როგორც ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ასევე სულიერი დამოუკიდებლობა!", - განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.