თეოლოგები ხვალინდელი სინოდის სხდომის შედეგებზე საუბრობენ. მათი აზრით, ხვალ სინოდის სხდომაზე რამდენიმე საკითხს განიხილავენ. მათი შეფასებით, ხვალ სინოდმამ უნდა გადაწყვიტოს, ჩამოართმევენ თუ არა მეუფე შიოს მოსაყდრის სტატუსს.
„მის გადაწყვეტილებაში არის შეფარული თუ ნაკლებად შეფარული კრიტიკა, რომ საპატრიარქოში გადაწყვეტილების მიღება ხდება არა სინოდის კრების საფუძველზე, არამედ უფრო ცალმხრივად ად ერთპიროვნულად. შესაძლოა, ეს საკითხი და უკრაინის საკითხიც აქ ხაზგასმულია, რომ სასურველია, რომ მსჯელობა იყოს,“- განაცხადა თეოლოგმა, ლევან აბაშიძემ რუსთავი 2-თან.
თეოლოგების თქმით, ხვალინდელი სინოდის სხდომა ერთ-ერთი ყველაზე მწვავე იქნება. სპეციალისტების შეფასებით, ეკლესიის წინაშე დიდი კრიზისია.
„საეკლესიო კრიზისი, რომელიც ამ წუთას გვაქვს და ამან სათავე ციანიდის საქმიდან აიღო, უმნიშვნელოვანესია. წინა სხდომაზე განხილული იქნა ეს საკითხი და კომისიაც უნდა შექმნილიყო, შესაბამისად, სინოდს აქვს ვალდებულება, ეს საკითხიც მოისმინოს. ვვარაუდობ, რომ ცალკეულმა მღვდელმთავრებმა დააყენონ ესა თუ ის საკითხი, მაგრამ ეს იქნება, ალბათ, ყველაზე რეგრესული სხდომა. სინოდს მოუწევს მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლა. ვისურვებდი, ხვალვე სინოდმა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას მნიშვნელოვანი დიდი კომისია, რომ მართვა-გამგეობის დებულება შეიქმნას და ის არსებულ რეალობებს მოერგო. სინოდი შეეცდება, თავი აარიდოს უმტკივნეულოდ და უმნიშვნელოვანეს საკითხებს, რომლებიც ქართული ეკლესიის წინაშე დღეს დგას,“- განაცხადა ჟურნალისტმა და საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის დირექტორმა, გოჩა მირცხულავამ რუსთავი 2-თან საუბრისას.
18 ივნისს ფოთის ეპარქიის სამღვდელოების კრებაზე ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც, მისი აზრით, ხალხი ფიქრობს, რომ ეკლესიაში საქმე რთულად არის.
მეუფე გრიგოლმა ერთ-ერთ მიზეზად ე.წ. ციანიდის საქმე დაასახელა.
არაერთი კითხვა გააჩინა საზოგადოებაში ე.წ. ციანიდის საქმემ და ეს კითხვები პასუხგაუცემელია დღემდე. მას შემდეგ, რაც დასახელებულ იქნა კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრე, ეკლესია აღმოჩნდა უჩვეულო მოლოდინის რეჟიმში; ამის ლოგიკური გაგრძელებაა კულუარული, თუ მედია სივრცეში გამართული საუბრები და ინტერპრეტაციები იმის შესახებ, თუ ვინ იქნება მომავალი პატრიარქი, რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს საპატრიარქო კანდიდატი, როგორია სინოდში ძალთა გადანაწილება და ა.შ. რაც ცოცხალი პატრიარქის პირობებში, ერთი მხრივ, დიდ უხერხულობას ქმნის, მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს გახლავთ ერთგვარი კანონზომიერი გამოძახილი დაწყებული პროცესისა, მით უფრო, რომ განუზომლად დიდია საკითხის სულიერი და პოლიტიკური მნიშვნელობა.
ზემოთ აღნიშნული და რიგი სხვა საკითხებისა, ამძაფრებს საზოგადოებაში არსებულ წარმოდგენებს ეკლესიაში არსებული მდგომარეობის შესახებ და იწვევს გარკვეულ წუხილსაც. ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ ეკლესია, მრევლი მუდმივად იმყოფება ერთგვარ სტრესულ მდგომარეობაში, გაურკვეველი მოლოდინის რეჟიმში. ხალხში მუდმივი ინტერესია იმის შესახებ, თუ როდის შეიკრიბება წმიდა სინოდი. ეკლესიაში მიმდინარე პროცესებს, მრავალ მიზეზთა გამო, დიდი ინტერესით და ყურადღებით აკვირდება თვით სახელმწიფოც.
სამწუხაროდ, მოარული ხმებით პერიოდულად ვრცელდება ხოლმე აზრი, თითქოს, სინოდში მდგომარეობა ისეა დაძაბული, რომ ეკლესია შეიძლება განხეთქილების საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.
წმინდა სინოდის სხდომა საპატრიარქოში 21 ივნისს გაიმართება.
საპატრიარქოს ინფორმაციით, სხდომას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უხელმძღვანელებს.
წმინდა სინოდის სხდომა წელიწადში ორჯერ ტარდება. 2017 წელს სინოდის სხდომა 9 მარტს და 11 ოქტომბერს გაიმართა.