ქართველი მოკრივე ამერიკაში ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს - ხურციძის დედა დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს

23:29 06-20-2018
335

ქართველი მოკრივის, მეტსახელად ”ჩაქუჩას”, სასამართლო პროცესი ამერიკაში გაიმართა. ნაფიცმა მსაჯულებმა ავთანდილ ხურციძე დამნაშავედ ცნეს. სასჯელის ზომას სასამართლო 21 სექტემბერს გამოაცხადებს.

"რუსთავი 2" - ის ინფორმაციით, ავთანდილ ხურციძეს ბრალი რუსული კრიმინალური დაჯგუფების წევრობაში ედება.

ნიუ-იორკში გამართულ სასამართლო პროცესებს ესწრებოდა მისი მეგობარი, მერაბ დვალიშვილი, რომელიც ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში ხურციძის ადვოკატი საქართველოში ჩამოსვლას გადამღებ ჯგუფთან ერთად აპირებს, რათა შესაბამისი მასალები შეაგროვოს და 21 სექტემბერს ჩანიშნულ სასამართლო განხილვაზე წარადგინოს.

„ადვოკატმა თქვა, რომ დაახლოებით 5 წელი შეიძლება იყოს სასჯელის ვადა და ის გავრცელებული ხმები, რომ თითქოს 40 წელი, ეს ტყუილია,“ - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა "რუსთავი 2-თან" საუბრისას.

განმარტება ასევე გააკეთა ხურციძის დედამაც. იგი შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და ხელისუფლებას მოუწოდებს დახმარება გაუწიონ:

„საქართველოს ხელისუფლებას ვთხოვ დაეხმაროს ჩემ შვილს და უდანაშაულობა დაამტკიცოს. მეორე, ჩემმა შვილმა დამირეკა ღამის სამი საათი იყო წუხელ, რომ მე უდანაშაულო ვარ, არაფერი გამიფუჭებია და მე როგორც სუფთად შევედი, ისე სუფთად გამოვალ აქედან. მე არაფერი გამიფუჭებიაო,“ - განაცხადა ავთანდილ ხურციძის დედამ მაყვალა ხურციძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით კი ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის ვერდიქტზე განცხადებას აკეთებენ მისი ადვოკატები.

როგორც პირველი არხი იუწყება, განცხადება წერილობით ავთანდილ ხურციძის ერთ-ერთმა დამცველმა, მეგან ბენეტმა გამოუგზავნა.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე იმედგაცრუებულია ვერდიქტით და მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდება სასჯელის ზომა, აპელაციას მიმართავს.

„ადვოკატები იმედგაცრუებულები ვართ ამ შედეგით, თუმცა პატივს ვცემთ სასამართლოს და ნაფიცი მსაჯულების როლს. ჩვენ ახლა ფოკუსირებული ვიქნებით სასჯელსა და აპელაციაზე”,- განაცხადა ადვოკატმა.

ხურციძის ადვოკატების განცხადებით, შემდეგი ნაბიჯი სწორედ სასჯელის განსაზღვრა იქნება, რომელსაც ნაფიცი მსაჯულების გამამტყუნებელი ვერდიქტის შემდეგ მოსამართლე 21 სექტემბერს გამოაცხადებს.

„სასჯელის გამოცხადების შემდეგ, რომელიც 2018 წლის 21 სექტემბერს არის ჩანიშნული, ჩვენ უკვე გვექნება შესაძლებლობა მივმართოთ სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც საჩივარი სასჯელის დადგენიდან ერთი წლის ვადაში უნდა განიხილოს”, – აცხადებს მეგან ბენეტი.

პირველი არხისთვის გამოგზავნილ წერილში ასევე შეჯამებულია ორკვირიანი სასამართლო პროცესი.

„ორი კვირის განმავლობაში წარმოდგენილი მტკიცებულებების თუ მოწმეთა დაკითხვის შემდეგ 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა ერთხმად დაადგინა, რომ ფედერალურმა მთავრობამ შეძლო დამტკიცება ავთანდილ ხურციძის კრიმინალური საქმიანობის (ბრალდების მასალების მიხედვით ეს იყო გამოძალვა, რაც გულისხმობდა აზარტული თამაშების ვალების შეგროვებას და ასევე კაზინოებში – სათამაშო აპარატების გატეხვას) და აქედან გამომდინარე ვერდიქტით ის დამნაშავედ იქნა ცნობილი”.

ადვოკატების ხაზს უსვამენ იმ ფაქტის, რომ თავიდანვე უარი ეთქვათ რაჟდენ შულაიას და ხურციძის საქმეების ცალკე საქმეებად გამოყოფაზე.

„ავთანდილ ხურციძე (სხვა პირებთან ერთად) დააკავეს, ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალურ საქმიანობაში თანამონაწილეობისთვის, რომელსაც უძღვებოდა რაჟდენ შულაია. ავთანდილი წარსდგა სასამართლოს წინაშე, რომელსაც განიხილავდნენ ნაფიცი მსაჯულები ფედერალურ სასამართლოში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვითხოვეთ ავთანდილის საქმის ცალკე წარდგენას, მოსამართლისგან უარი გვეთქვა და ხურციძე შულაიასთან ერთად გაასამართლეს იგივე ნაფიცმა მსაჯულებმა”,- აცხადებს ხურციძის ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ ნიუ იორკში მიმდინარე პროცესზე ავთანდილ ხურციძე 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა დამნაშავედ ცნო. ჯერ უცნობია, რამდენი წელს განსაზღვრავს მოსამართლე პატიმრობის ვადად. გადაწყვეტილებას ქეთრინ ფორესთი სექტემბერში გამოაცხადებს.

 

 

 

ავტორი: