ამ შემთხვევაში მე საპატრიარქოს ვუჭერ მხარს, რადგან ისინი ერის გადარჩენაზე ფიქრობენ - ამის შესახებ გივი სიხარულიძემ გადაცემაში "თავისუფალი სივრცე ვახო ხუზმიაშვილთან ერთად" განაცხადა
"პატიოსან ბერს და მონაზონს ჭუჭყიან ფეხებს დავუკოცნი, როცა მე მასში პატიოსნებას ვხედავ. გამეტიჩრებული მღვდლები ჩემთვის პირადად მისაღები არ არის. პატრიარქი ჩემთვის ყველაფერია. ვთვლი, რომ პატრიარქი არის საქართველოს ღერძი და ამ ღერძს უნდა ძალიან გაფრთხილება. ღმერთმა ნუ ქნას რომ ეს ღერძი მოწყდეს. ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით განცხადებას რაც შეეხება, მე მათ წინააღმდეგ რომ წავიდე არასწორი ვიქნები. ამ შემთხვევაში მე მათ ვუწერ მხარს, რადგან ისინი ერის გადარჩენაზე ფიქრობენ. თავის მხრიდან ისინი მართლები არიან, არ უნდათ რომ ავადმყოფები იყვნენ, ხალხი დაიხოცოს, არ უნდა რომ გაბრუებულმა ახალგაზრდებმა იარონ" - განაცხადა სიხარულიძემ.
როგორც საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამი, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოლიბერალიზაციასთან დაკავშირებით უკვე მიღებული გადაწყვეტილება დიდი საფრთხის შემცველია.
"როგორც ცნობილია, მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა ნარკოტიკული ნივთიერების მარიხუანას (კანაფის) 70 გრამამდე ფლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმების თაობაზე. რაც ფაქტიურად ამ ნარკოტიკის ლეგალიზაციას ნიშნავს. ეს ლოგიკურად აყენებს ამ ნარკოტიკის მოპოვების ლეგალური გზების მოძებნის საკითხს და ეს ყველაფერი საბოლოოდ საქართველოში მარიხუანას (კანაფის) ლეგალური ნებადართული კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც ყოვლად მიუღებელია.
ეკლესია არასოდეს უჭერდა მხარს ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას, მაგრამ მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოლიბერალიზაციასთან დაკავშირებით უკვე მიღებული გადაწყვეტილება დიდი საფრთხის შემცველია და სერიოზულ ბიძგს აძლევს ნარკოტიკების ფართოდ გავრცელებასა და მოხმარებას.
კანაფის დამზადების ნებართვა კი, ფაქტიურად, ნარკო-ვაჭრობის ლეგალიზებაა, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს.
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესი განუხრელად უნდა იყოს დაკავშირებული ნარკოტიკებით მოვაჭრეთა და გამავრცელებელთა მიმართ უმკაცრესი სამართლებრივი ზომების გატარებასთან და სახელმწიფოს მხრიდან შემდეგი ნაბიჯების გადადგმასთან (რაც ადრე საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშიც დაფიქსირდა):
ა) ქვეყანაში დროულად უნდა შეიქმნას სათანადოდ მოწყობილი სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრები, სადაც ნარკომანიით დაავადებულ ადამიანებს გამოსწორების საშუალება ექნებათ.
ბ) ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით საჭიროა მედია საშუალებების აქტიური ჩართულობა, რომ, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი აზრი;
გ) აუცილებელია სასწავლებლებში სპეციალური კურსის შემოღება, რომ, ახალგაზრდებმა გააცნობიერონ რას უქადის მათ ჯანმრთელობას ნარკოდამოკიდებულება და შეექმნათ უარყოფითი განწყობა;
დ) გამკაცრდეს ზომები ნარკოტიკების უკანონო შემოტანასა და გავრცელებასთან მიმართებაში; ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და, განსაკუთრებით, არასრულწლოვანთა წრეში მის მოხმარებასთან დაკავშირებით;
ე) ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს ნარკოდამოკიდებული ადამიანების სამუშაოთი უზრუნველყოფის საკითხი", - ნათქვამია განცხადებაში.