ნოზაძის დაჭრამდე, ავტომობილში ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას, თუმცა, დაკავებული ბრალს არ აღიარებს - ადვოკატი

19:35 06-27-2018
476

ირაკლი ნოზაძის დაჭრამდე, ავტომობილში ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, თუმცა, დაკავებული ბრალს - განზრახ მკვლელობას არ აღიარებს - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაჭრაში ბრალდებული თამთა ჯანჯღავას ადვოკატმა ავთანდილ ბუაძემ განუცხადა.

მისი თქმით, თამთა ჯანჯღავასა და ირაკლი ნოზაძეს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდათ. ადვოკატის ინფორმაციით, ჯანჯღავა კატეგორიულად უარყოფს, რომ მას განზრახული ჰქონდა ირაკლი ნოზაძის მოკვლა. ავთანდილ ბუაძე არ ასახელებს, თუ რა გახდა დანაშაულის ჩადენის მოტივი.

“დაკავებულის პოზიციაა, რომ ის არ აღიარებს ბრალს, განზრახ მკვლელობას. რაც შეეხება მოტივაციას, ეს გამოძიების წარმოების პროცესში დადგინდება. ამ ეტაპზე მე ვერაფერს გეტყვით. არის ფიზიკური დაზიანება, რომელზეც ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა”, - განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება ბრალს, თამთა ჯანჯღავას ბრალი ჯერჯერობით ოფიციალურად არ წაყენებია. ადვოკატის თქმით, მათთვის ჯერჯერობით მტკიცებულებები არ წარუდგენიათ.

25 ივნისს, ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" წევრი ირაკლი ნოზაძე დაჭრეს. არსებული ინფორმაციით მომღერალს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ორმა გოგომ მიაკითხა და ბინიდან დაბლა, ეზოში ჩასვლა სთხოვა. გოგონებსა და ირაკლი ნოზაძეს შორის საუბარი ავტომობილში გაგრძელდა, სადაც, სავარაუდოდ, კამათის დროს, გოგონებმა მომღერალს ყელისა და გულმკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით დაიწყო. დაკავებულია ორი პირი. უწყება 1989 წელს დაბადებულ თ.ჯ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობას, ხოლო 1994 წელს დაბადებულ ნ.თ.-ს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

ავტორი: