გირჩის წევრი, ბიბლიური თავისუფლების მთავარი ეპისკოპოსი ნიკა ობოლაძე საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე და 500-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.
შსს ობოლაძეს კანაფის შეძენა-შენახვას ედავებოდა.
გირჩი მიიჩნევს, რომ ბრალდების მსგავსად, სასამართლოს გადაწყვეტილებაც აბსურდული და დაუსაბუთებელია.
2 მაისს, დაახლოებით, 17:00 საათისთვის, გირჩის ყოფილი ოფისის წინ (ქავთარაძის ქუჩაზე), კრიმინალური პოლიციის სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა თანამშრომლებმა მოქალაქის დაკავება სცადეს. ინციდენტში გირჩის წარმომადგენლები ჩაერივნენ, რომელთა წინააღმდეგობის მიუხედავად, კრიმპოლის თანამშრომლებმა მოქალაქე პოლიციის განყოფილებაში (ვაჟა-ფშაველას გამზირი, მოდულის წინ) გადაიყვანეს.
განყოფილებაში შეიყვანეს ობოლაძეც, რომელსაც ხელში კანაფის ძირიანი ქოთანი ეკავა. გირჩის წარმომადგენლებმა ქოთანი დემონსტრაციულად მიიტანეს პოლიციის განყოფილებასთან, რითიც განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს დასჯიდნენ, ისინიც უნდა დაეკავებინათ.
თავდაპირველად ობოლაძის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა დღეს პოლიციის განყოფილებაში მისულ ნიკა ობოლაძეს განუცხადეს, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდა, რადგან ნივთმტკიცების სახით ამოღებულ ქოთანში მცირე რაოდენობით კანაფი იყო.