თუ ვინმეს ერთხელ მაინც შეეზღუდა აზრის გამოხატვის შესაძლებლობა საბჭოს სხდომაზე, მტკიცებულება მაჩვენონ - გიორგი მიქაუტაძე

14:26 06-28-2018
85

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის საქმიანობის შესახებ არაარგუმენტირებულს უწოდებს. მისი თქმით, საია-ს და „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ ანგარიშში გარკვეული საკითხები ცალმხრივად არის წარმოდგენილი:

წარმოდგენილ ანგარიშში გარკვეული საკითხები შეფასებულია ცალმხრივად. არის მოყვანილი ერთეული საგამონაკლისო შემთხვევები და ამ შემთხვევების განზოგადებაა გაკეთებული იმგვარად, რომ ეს საბჭოს ყოველდღიურ საქმიანობად წარმოჩნდეს. ეს არასწორია. თუმცა, ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა ასეთი ანგარიში. თუმცა, არის რიგი საკითხები, რასაც აუცილებლად გავიზიარებთ. შევეცდებით ამ მიმართულებებით გაუმჯობესდეს საბჭოს საქმიანობა.

ერთადერთი, რაც კონკრეტული არგუმენტი მოვისმინე, იყო კამერების დაშვება საბჭოს სხდომაზე, თუმცა ეს იმ მცირე დარბაზიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს, შეუძლებელია. იყო რეკომენდაცია ერთი კამერა მაინც დაუშვითო, მაგრამ ესეც დისკრიმინაციული მიდგომა იქნება, რადგან რომელიმე მედიასაშუალებას ვანიჭებთ უპირატესობას - განმარტავს მიქაუტაძე. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი მიიჩნევს, რომ არასამთავრობოების შეფასება, თითქოს განსხვავებული აზრის დევნა ხდება არასწორია:

ამ ორგანიზაციების თანამშრომლები პირადად ესწრებიან სხდომებს. კონკრეტული ჩანაწერები უნდა იყოს გაკეთებული თუ რა მიიჩნევა განსხვავებული აზრის დევნად. ის, რომ ჩვენ ყველა ჯერზე არ ვეთანხმებით ორი არამოსამართლე წევრის მოსაზრებებს, ის, რომ კოლეგიური ორგანო გადაწყვეტილებებს იღებს უმრავლესობით, არ შეიძლება ჩაითვალოს განსხვავებული აზრის დევნად. თუ ვინმეს ერთხელ მაინც შეეზღუდა აზრის გამოხატვის შესაძლებლობა საბჭოს სხდომაზე, ამის მტკიცებულება მაჩვენონ. ფაქტს ადგილი არ ჰქონია,- განაცხადა საბჭოს მდივანმა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის 2017 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინეს.

ანგარიშის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში ორი ძირითადი პრობლემაა: გამჭვირვალობა და განსხვავებული აზრის დევნა.

საიას ხელმძღვანელის, სულხან სალაძის თქმით, გასხვავებული აზრის დევნა განსაკუთრებით არამოსამართლე წევრებს ეხება .

ავტორი: