ირაკლი აბესაძე: ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გახსნის შესაძლებლობა გამოძიებამ თვითმხილველების გვიან დაკითხვის გამო დაკარგა

14:48 06-28-2018
139

ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველების გვიან დაკითხვის გამო, გამოძიებამ საქმის გახსნის შესაძლებლობა დაკარგა:

„პირველ რიგში, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ შსს-ს წარმომადგენლის, ბატონი სირაძისა და პროკურორის, ზვიად ფხაკაძის დაკითხვის შემდეგ ცალსახად გამოიკვეთა, რომ გამოძიებამ თვითმხილველების აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან დაგვიანებით დაკითხა და მათი ჩვენებები საქმეში 18-დან 21 დეკემბრამდე ჩნდება, მას შემდეგ, რაც მომხდარიდან ორ კვირაზე მეტია გასული.

დღესაც, თვითმხილველები საუბრობენ, რომ მათ ბევრი არაფერი დაუნახავთ. ისინი ხორავას 4 ნომერში მიმდინარე ჩხუბზე ფრაგმენტულად საუბრობენ. შთაბეჭდილება რჩება, რომ თუკი მოხდებოდა ყველა ამ ადამიანის დაკითხვა დაუყოვნებლივ, პირველ და ორ დეკემბერს, ისინი შესაძლებელია, მეტი დეტალის აღდგენას შეძლებდნენ. თუკი მათ მიეცემოდათ საშუალება, რომ არასრულწლოვნები ჩაცმულობით ამოეცნოთ, რომელთა ვიდეოკამერებზე დაფიქსირება შესაძლებელი გახდა მიმდებარე ობიექტების კამერებზე, მაშინ, რა თქმა უნდა, მათ ასევე შესაძლებელია, გამოძიებისთვის მეტი ინფორმაცია მიეწოდებინათ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვითმხილველების რესურსი, საქმე გახსნილიყო, გამოძიებას დაკარგული აქვს“,- განაცხადა აბესაძემ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას აქტიურად განაგრძობს. 

ავტორი: