საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი "ოთხოზორია-ტატუნაშვილის" სიის საპასუხოდ, განცხადებას, რომ ოკუპირებული ცხინვალი თბილისის საპასუხოდ საკუთარ „შავ სიას“ ქმნის, გამოეხმაურა:
„საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. სანაკოევის სიით ვერავის რომ ვერ მიმართავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენთვის საინტერესო არ არის, აღნიშნულ სიაში ვის ჩაწერენ.
ქართულ მხარეს ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია ეთნიკური ნიშნით არ გაუკეთებია. საქართველოს მოქალაქეა ოსიც, აფხაზიც და ქართველიც, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, იმყოფებიან და, რომელთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზეა საუბარი. ამ კონტექსტში თუ რამე ინფორმაცია და პათოსით იქნება მოწოდებული, უნდა განვიხილოთ. რა მოყვება ამას, მეორე საკითხია”, – განაცხადა ვოლსკიმ.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის ე.წ სპიკერმა პეტრე გასიევმა განცხადა, ოკუპირებული ცხინვალი თბილისის საპასუხოდ საკუთარ „შავ სიას“ ქმნის.
„სამხრეთ ოსეთში უკვე შეეგუვნენ საქართველოს მსგავს ქმედებებს. ქვეყანამ, რომელმაც 2-ჯერ განხორციელა ოსი ერის გენოციდი, ასეთ სიას იღებს“- განაცხადა გასიევმა.
მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტმა უკვე დიდი ხანია შეიმუშავა კანონპროექტო, კერძოდ სამხრეთ ოსეთის საკუთარი სია, რომელსაც პირობითად „ქართველების მიერ 1992 წელს მოკლული გრიგორი სანაკოევის სახელი ჰქვია“. გასიევის ინფორმაციით, სიის მიღება წლის ბოლომდე იგეგმება.
26 ივნისს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ "ოთხოზორია-ტატუნაშვილის" სიაში 33 ადამიანია შეყვანილი.
2017 წლის 5 მარტს პარტია „ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო უმრავლესობას არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის საერთო დოკუმენტის შექმნა შესთავაზა. 21 მარტს, საქართველოს პარლამენტმა რეზოლუციის პროექტი 106 ხმით დაამტკიცა.
რეზოლუციის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სანქციების ნაწილი, ანუ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შექმნა იყო. რეზოლუციის თანახმად, სიაში უნდა შეეყვანათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებასა და დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული და მსჯავრდებული პირები.