ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მოწმე დიანა ბოლოთაშვილი გამოკითხეს.
დიანა ბოლოთაშვილმა განაცხადა, რომ დადუნაშვილის დაჭრის მომენტი მან თავად დაინახა და ამის შესახებ ინფორმაცია გამოძიებასაც მიაწოდა:
"კომისიას მივაწოდე ინფორმაცია, რომელიც გამოძიებისთვის მაქვს მიცემული. მე უშუალოდ დავინახე ლევან დადუნაშვილის დაჭრის მომენტი და ზოგადად ჩხუბის შესახებ მივაწოდე ინფორმაცია. არ შემიძლია, გავიხსენო, ვინ დაჭრა სახეზე ის, არ მახსოვს, მხოლოდ ხელი დავინახე, როდესაც დანას აძრობდა, დარტყმის მომენტი არ დამინახავს. ერთი პირი იდგა მასთან და ეს ხდებოდა არკაში. ფარდულისკენ ვერ ვხედავდი, რა ხდებოდა. ეს იყო, ფაქტობრივად, კულმინაცია ამ ჯგუფის და შემდეგ უკვე ყველა გაიქცა“, – განაცხადა ბოლოთაშვილმა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი კომისია მოწმეების დაკითხვას განაგრძობს. სხდომები მედიისთვის დახურულია. შემდეგ ეტაპზე საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლების გამოკითხვა იგეგმება. წინა სხდომებზე უკვე გამოიკითხნენ: გარდაცვლილი არასრულწლოვნების ოჯახის წევრები, ადვოკატები, საქმის პროკურორი, გამომძიებელი, თვითმხილველები.