1 ივლისიდან, დღეიდან, პოლიციელებისთვის ხელფასის მატება იწყება.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 19 ივნისს პარლამენტში განაცხადა, 13 200 პოლიციელის ხელფასი 250 ლარით მოიმატებს.
„ჩვენ კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული პოლიციელის სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალური გარანტიების კომპონენტი. ამიტომ დღეს, ამ ახალი ტრიბუნიდან შემიძლია გითხრათ, რომ პოლიციელებს ხელფასი გაეზრდებათ. ეს არის მინიმუმი, რაც შეგვეძლო და გავაკეთეთ დღეს.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ნაბიჯი, რომელზეც ვსაუბრობთ, დიდწილად არის იმ საბიუჯეტო ეკონომიების ხარჯზე გაკეთებული, რომელსაც მივაღწიეთ 6-7 თვის განმავლობაში. ჩვენ გვესმის, რომ პოლიციელისთვის, რომელიც ზრუნავს სხვა მოქალაქის უსაფრთხოებაზე, 250 ლარი დღევანდელი ხელფასიდან არ არის იდეალური, თუმცა ეს არის ის, რაც დღეს შევძელით. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაგრძელებთ მომავალი წლიდანაც“, – განაცხადა გახარიამ.