ავტორი: ქეთი ხატიაშვილი
საპრეზიდენტო მარათონთან დაკავშირებით, „პრაიმტაიმის“ სპეციალურ რუბრიკაში – „10 მიზეზი – რატომ უნდა ავირჩიო“, შემოგთავაზებთ, საპრეზიდენტო კანდიდატების ხედვებს. ერთად ვნახოთ, როგორი აპირებენ ისინი, გამოიყენონ პრეზიდენტის უფლებამოსილებანი და რას აპირებენ მთავარსარდლის ამპლუაში.
პირველი კანდიდატია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.
„გირჩები“ ყველაზე არაორდინარული და ყველაზე პროვოკაციული პოლიტიკური ძალაა. მართალია, რადიკალიზმი მათ პოლიტიკურ იმიჯს ვნებს, მაგრამ სწორედ ამის ხარჯზე ყველამ იცის, ვინ არიან ისინი, რა უნდათ და რას გვთავაზობენ. იმიჯსა და ცნობადობას შორის „გირჩმა“ არჩევანი ამ უკანასკნელზე გააკეთა. ეფექტური შედეგიც მიიღო. სამაგიეროდ, საერთოდ არ დახარჯა ფული საკუთარი პოლიტიკური ბრენდის პიარში.
მათი რადიკალიზმი რბილი ფორმის ძალადობაა საზოგადოებაზე. „გირჩი“ მუდმივად გაიძულებს, დაიმახსოვრო სიტყვა „გირჩი“ და ისე ჩანს, რომ ბოლო დროს ამ სიტყვას პოლიტიკასთან უფრო აკავშირებ, ვიდრე ნაძვთან.
რადიკალიზმს ისინი თანამედროვეობით აბალანსებენ. „გირჩები“ თანამედროვე პარტია. 90-იანი წლების გაცვეთილი ლოზუნგები, ურაპატრიოტული შეძახილები ან ქუჩის პერმანენტული აქციები მათთვის სრულიად უცხო და გაუგებარია. ისინი თანამედროვე პრობლემებზე არიან ორიენტირებულნი.
თანამედროვე თემებით მათ ახალგაზრდების ყურადღება მიიქციეს. „გირჩების“ მთავარი ფიშკა თავისუფლებაა და ეს მხოლოდ სიტყვები რომ არ არის, ეს მათ მარიხუანის ლეგალიზაციის მოთხოვნითაც დაადასტურეს.
კი, წლების წინათ კოსტიუმსა და ჰალსტუხში გამოწყობილმა დავით უსუფაშვილმაც კი ისროლა თავისუფლებაზე ორიენტირებული ლოზუნგი. თუმცა, ამ ერთი ფრაზის იქით არ წასულა, რა იგულისხმა, რა უნდოდა, ვის ერჩოდა, რისგან განთავისუფლებას ითხოვდა, ბუნდოვანი დარჩა.
სულ სხვა შემთხვევაა „გირჩი“, ისინი ორიენტაციას ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე აკეთებენ. ამიტომაც ნარკოპოლიტიკის შეცვლას ითხოვს. და საქართველოშიც თითქოს სწორედ აქ გადის თავისუფლების წითელი ხაზები. აღარაფერს ვამბობთ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირების უფლებათა დაცვაზე – ამ სეგმენტზე სხვა პარტიებიც მუშაობენ. მათ ისიც კი განაცხადეს, რომ სხეული, რომელიც შენ გეკუთვნის, შენია და შეგიძლია ის უქნა, რაც გინდა.
„ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომ სხეული ადამიანის საკუთრებაა. ჩვენი ლოზუნგია, რომ ადამიანს შეუძლია, საკუთარ სხეულს ის უქნას, რაც უნდა. როგორ მოუარონ, რა დაუშალონ ან რისი უფლება მისცენ. არ ვაღიარებ საზოგადოების არცერთი ნაწილის აზრს, რომ მან განმისაზღვროს, ჩემს სხეულს რა ვუქნა“, – ეს ზურაბ ჯაფარიძის სიტყვებია.
მართალია, პარტიის ლიდერის სიტყვების დემონსტრირება „გირჩებს“ არ მოუხდენიათ, მაგრამ, სამაგიეროდ, მარიხუანის ლეგალიზაციისთვის აქცია პოლიტიკურ ოფისში დაგეგმეს.
„გირჩის“ ოფისში საჯაროდ, პირდაპირ ეთერში ჩვენ, გირჩის წევრები, ნებისმიერ სრულწლოვან მოხალისესთან ერთად, დავრგავთ მარიხუანას“, – ასეთი განცხადება ქართული პოლიტიკური სინამდვილისთვის ნამდვილად უპრეცედენტო იყო.
„არავინ ამტკიცებს მარიხუანის ჯანმრთელობისთვის სიკარგეს ან სიცუდეს. მთელ საქართველოში ლეგალიზებულია ალკოჰოლი, თამბაქო. ალკოჰოლი უფრო მავნეა, ვიდრე მარიხუანა, – განაცხადა მაშინ ზურაბ ჯაფარიძემ და იქვე დასძინა, – ვიცი ზუსტად, რომ ვარღვევთ კანონს და მემუქრება 8-12-წლიანი ციხე, მაგრამ ფეხებზე მკიდია, სხვა გზა აღარ გვაქვს“.
როგორც გავარკვიეთ, თავად ზურაბ ჯაფარიძე მარიხუანას არ ეწევა. „გირჩში“ ასეთი ბევრია. ისინი ამბობენ: ადამიანს თავისუფალი არჩევანი უნდა ჰქონდეს.
თავისუფლების დიდი დოზის შეთავაზებამ „გირჩები“ ახალგაზრდებში პოპულარულები გახადა, სამაგიეროდ მათ ახალგაზრდების მშობლები არ სწყალობენ. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ისინი შიშით უყურებენ.
ასე რომ, თავისუფლება „გირჩების“ საფირმო ნიშანია.
„გირჩები“ ახლა პირველად მიიღებენ მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს მათი პირველი დამოუკიდებელი მარათონი იქნება. 2016 წლის მცდელობა – პაატა ბურჭულაძის პარტიაში გაწევრიანება და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არამხოლოდ კრახით, სკანდალითაც კი დასრულდა. ბურჭულაძემ მილიონები მოითხოვა და კოალიცია არჩევნების წინ დაიშალა – „გირჩი“ მარათონს გამოეთიშა... ბურჭულაძემ წააგო.
საპრეზიდენტო რინგზე პარტია, რა თქმა უნდა, ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურას წარადგენს. აქ დაიტესტება, რამდენად მომგებიანია არჩევნებისთვის, იყო პროვოკაციული და ტრადიციული აზროვნების, საზოგადოებას შესთავაზო მაქსიმალური თავისუფლება.
რა პროგრამას წარადგენს ზურაბ ჯაფარიძე, რა არის ის ათი მიზეზი, რატომაც შეიძლება, მას მხარი დაუჭირო. რა თქმა უნდა, იმ კომპეტენციის ფარგლებში, რაც პრეზიდენტს ახალი კონსტიტუციით ექნება.
პირველი – სავალდებულო სამხედრო სამსახური
აქ „გირჩებს“ საკუთარი ხედვა აქვთ და ერთ-ერთი მათგანი იმდენად პროვოკაციული იყო, რომ ხელისუფლებაც კი ჩააფიქრა. ვგულისხმობ რელიგიური ორგანიზაციის „ბიბლიური თავისუფლების“ დაარსებას. აქ გაწევრიანების შემთხვევაში წვევამდელი ჯარში ვეღარ მიჰყავთ. ამ მეთოდით ისინი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოქმედ ნორმებს დაუპირისპირდნენ:
„ეს არის თავისუფლების შემზღუდავი ქმედება სახელმწიფოს მხრიდან“, – ეს ჯაფარიძის სიტყვებია. მათ ცვლილებების პაკეტიც კი მოამზადეს, რომელიც 29 კანონისგან შედგებოდა, მაგრამ პარლამენტმა ის არ მიიღო.
როგორც „გირჩში“ დაგვიდასტურეს, სავალდებულო სამხედრო სამსახური, არჩევის შემთხვევაში, ზურაბ ჯაფარიძის დღის წესრიგიდან არ ჩამოვა. პარტიაში მიაჩნიათ, რომ არსებული ფორმით სავალდებულო სამსახურის არსებობა სახელმწიფოს მიერ დაკანონებული მონობაა და მას რეალურ თავდაცვასთან საერთო არაფერი აქვს.
პრეზიდენტობის შემთხვევაში, ზურა ჯაფარიძე სავალდებულო გაწვევასთან დაკავშირებით მთავრობის ყველა დადგენილებას გააუქმებს, რითაც მონური სისტემა, ფაქტობრივად, გაუქმდება, – ასეთია დასკვნა...
მეორე – თავდაცვა
თუ წარმოვიდგენთ, რომ ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტი გახდა, ის ქვეყნის მთავარსარდალიც გახდება. მართალია, ბოლოჯერ ვირჩევთ პრეზიდენტს პირდაპირი გზით, სამაგიეროდ პირველად ვირჩევთ ექვსი წლის ვადით. ზურაბ ჯაფარიძეს დაგეგმილი აქვს, მთელი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში თავდაცვის დაფინანსება მაქსიმალურად გაზარდოს. თუ მაქსიმუმს ვერ შესწვდება, გააორმაგოს მაინც.
მესამე – ნარკოპოლიტიკა
პრეზიდენტს კონსტიტუცია შეწყალების უფლებას აძლევს. იმედია, ჯაფარიძე, არჩევის შემთხვევაში, ინაუგურაციას დაელოდება და მაშინვე არ გაუხსნის ციხის კარს მათ, ვინც ნარკოდანაშაულისთვის იხდის სასჯელს.
როგორც „გირჩებში“ გვიხსნიან, დღევანდელი ნარკოპოლიტიკა არის საბჭოთა სისტემის გადმონაშთი, რომელსაც სამართალდამცავი ორგანოები ადამიანების წინააღმდეგ იყენებენ.
ისინი პირობას დებენ, რომ არა მხოლოდ უკანონოდ დაკავებულებს შეიწყალებს პირველ სამუშაო დღეს ჯაფარიძე, არამედ მათაც კი, ვინც უკვე გათავისუფლებულია, მაგრამ შეზღუდული აქვს უფლებები, აღუდგენს ყველა იმ უფლებას, რომელიც უსამართლოდ წაართვეს. ასეთი ჯადოსნური ძალა აქვს შეწყალებას.
მეოთხე – ვეტოს უფლება
პრეზიდენტი ჯაფარიძე „მავნე“ კანონებთან ბრძოლას ვეტოთი აპირებს. კონსტიტუცია პრეზიდენტს ამ უფლებას უტოვებს. ყველა კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება როგორც პიროვნულ, ისე ეკონომიკურ თავისუფლებას, ზურაბ ჯაფარიძე დაადებს ვეტოს. ზურაბ ჯაფარიძემ „პრაიმტაიმს“ უთხრა, რომ ასეთ შემთხვევაში ის თავის საპარლამენტო მდივანს ან აპარატის უფროსს კი არ გაგზავნის პარლამენტში, არამედ თავად წავა და დაიცავს ვეტოს.
ცხადია, პარლამენტს შეუძლია ვეტოს დაძლევა, თუმცა საღი აზრის წინააღმდეგ წასვლა საპარლამენტო უმრავლესობისთვისაც არ არის მარტივი საქმე, – მიაჩნიათ „გირჩებს“.
მეხუთე – ხარჯების შემცირება
პრემიერმა ბახტაძემ მცირე მთავრობის კონცეფცია უკვე წამოაყენა. ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მათ ეს იდეა არა მხოლოდ იდეის დონზე ჰქონდათ, არამედ იგივე ბიუროკრატიის უმტკივნეულოდ შემცირების მეთოდებიც იციან. ეს სხვა ისტორიაა და თემიდან არ გადავუხვევთ, გეტყვით უბრალოდ, რომ ხარჯების შემცირების პოლიტიკას ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც გეგმავს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტში წელიწადში 10 მილიონი ლარია, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდში – 5 მილიონი ლარი. ნავარაუდევია, რომ მომავალი 6 წლის განმავლობაში პრეზიდენტი დახარჯავს, მინიმუმ, 90 მილიონ ლარს. ზურაბ ჯაფარიძე მინიმუმამდე შეკვეცს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სარეზერვო ფონდის ბიუჯეტებს, რითიც მომავალი 6 წლის განმავლობაში თქვენი გადახდილი თანხიდან, მინიმუმ, 75 მილიონი ლარი დაიზოგება.
მეექვსე – გამჭვირვალე პრეზიდენტი
პრეზიდენტობის 6 წლის განმავლობაში ზურაბ ჯაფარიძეს ყოველ კვირა ექნება Facebook Live, სადაც თითოეულ თქვენგანს ჩააბარებს ანგარიშს როგორც საკუთარი, ისე სხვა მაღალჩინოსნების საქმიანობის შესახებ. თქვენ შეგეძლებათ, ლაივშივე დაუსვათ მას კითხვები და იქვე მიიღოთ პასუხები.
მეშვიდე – მინისტრების საჯარო „დაკითხვა“
პრეზიდენტობის შემთხვევაში, ზურაბ ჯაფარიძე ტექნიკის თანამედროვე მიღწევების გამოყენებასაც გეგმავს. ის სოციალური ქსელებით გააშუქებს თავის სისტემატურ შეხვედრებს მინისტრებთან, დაუსვამს მათ კრიტიკულ კითხვებს და მოსახლეობას საშუალება ექნება, ლაივში ადევნოს მას თვალი.
მერვე – რეკორდსმენი
„გირჩებს“ საკუთარი ლიდერი მოსწონთ. ისინი ფიქრობენ, რომ მას არა მხოლოდ თანამედროვე ხედვები და მიდგომები აქვს, არამედ შეუძლია დროის მცირე მონაკვეთში გადმოგცეთ ეკონომიკის ბაზისური პრინციპები.
პარტიაში ამბობენ, რომ საპრეზიდენტო ვადაში ჯაფარიძე დაამყარებს რეკორდს გამოცემული ბგერებისა და ნათქვამი სიტყვების რაოდენობით.
რა ვიცით, შეიძლება გინესების წიგნშიც მოხვდეს...
მეცხრე – უალტერნატივო
„გირჩები“ მიიჩნევენ, რომ ზურაბ ჯაფარიძე ერთადერთი პოლიტიკოსია, ვისაც სწამს იდეების და არ მოქმედებს მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის, სხვებისგან განსხვავებით, არ ცდილობს ბიუჯეტთან ახლოს ყოფნას.
ვერ დაასახელებთ ვერცერთ კანდიდატს, რომელიც ენთუზიაზმითა და კომპეტენციით ზურაბ ჯაფარიძესთან ახლოს მაინც დგას. ის უალტერნატივოა, – აცხადებენ ისინი.
მეათე – თავისუფლება
ზურა ჯაფარიძე, არჩევის შემთხვევაში, დააწესებს როგორც პიროვნული, ისე ეკონომიკური თავისუფლების მაღალ სტანდარტს. ზურაბ ჯაფარიძის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის დროისთვის, ამ ქვეყანაში ადამიანები იცხოვრებენ გაცილებით თავისუფლად, ვიდრე ცხოვრობენ დღეს.
ამ რწმენით და ასეთი შემართებით ისინი არა მხოლოდ აყენებენ ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურას საპრეზიდენტო რინგზე, არამედ მისი პროგრამის განხორციელებაშიც დარწმუნებულები არიან.