ბულინგი სკოლებში – სახალხო დამცველის კვლევის საგანგაშო მაჩვენებელი

10:38 07-02-2018
657

ავტორი: თამუნა დალაქიშვილი  

ხორავას ქუჩის ტრაგედიის შემდეგ სკოლებში ბულინგის თემა კვლავ აქტუალური გახდა. ეს პრობლემა პოსტსაბჭოთა სივრცის ქართულ სკოლაში განსაკუთრებული სიმწვავით გამოჩნდა, თორემ ბულინგი ჩვენს სკოლებში ყოველთვის იყო.  მოზარდების მიერ ერთმანეთის ჩაგვრას, დამცირებასა და ღირსების შელახვას დღეს უკვე სხვა ფორმები და მასშტაბები აქვს, რასაც  განათლების ექსპერტები, ფსიქოლოგები, პედაგოგები ქართველ საზოგადოებაში არსებული პრობლემებით ხსნიან.  

სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიამ  გასულ კვირას საჯარო და კერძო სკოლებში  ჩატარებული კვლევის შედეგები  გამოაქვეყნა. კვლევა საქართველოს მასშტაბით ჩატარდა, სამიზნე ჯგუფი 7-12 კლასის მოსწავლეები იყვნენ. კვლევის მიზანი სკოლებში  ადამიანის უფლებების სწავლების მდგომარეობა და სასკოლო გარემოს შესწავლა იყო. კვლევამ საკმაოდ დიდი ნაწილი დაუთმო ბულინგის თემას.  მკვლევარებისთვის საგულისხმო აღმოჩნდა ახალი სპეციფიკა, რაც ამ კვლევით გამოვლინდა – ფიზიკურ, სიტყვიერ, კიბერბულინგთან ერთად, სოციალური ნიშნით გამოხატულმა ბულინგმაც იმატა. აქამდე ჩატარებულ კვლევებში სოციალური და ეკონომიკური პირობების გამო ბულინგის შემთხვევები თითქმის არ იყო. 

ბულინგი არა მხოლოდ ჩვენი, მსოფლიოს წარმატებული საგანმანათლებლო სისტემების პრობლემაა. ევროპისა და ამერიკის სკოლებში ის სხვადასხვა მექანიზმებით იმართება. ჩვენთან   პრობლემას სხვა ფაქტორი ართულებს – ქართული საგანმანათლებლო სივრცე ბულინგს არ აღიარებს, შესაბამისად, მისი მართვა, სკოლის გარეთ,  უფროსი მეგობრების მეშვეობით და საბჭოთა კულტურის ფენომენით – ქუჩური  საქმის გარჩევებით ხდება. 

 

 შალვა ტაბატაძე, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრი,  განათლების ექსპერტი: 

– ბულინგი სკოლებში ახალი ფენომენი არ  არის, ის იყო ყველგან და ყოველთვის, თუმცაღა  დღეს განსხვავებულია ბულინგის მასშტაბები, ფორმები და მისი მართვის მექანიზმი. წლების წინათ ქართულ სკოლაში აქტუალური იყო როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი ბულინგი, რომელსაც ემატებოდა ფულის აგროვების სერიოზული მექანიზმი. ოფიციალურად არსებობდნენ ე.წ. სკოლის ავტორიტეტები, რომლებიც სკოლას განაგებდნენ, მათი ძალაუფლება იმდენად დიდი იყო, რომ სკოლის ადმინისტრაციაც კი მათი მეშვეობით აგვარებდა სხვადასხვა პრობლემას. ეს იყო პოსტსაბჭოთა სკოლის პრობლემა, რომელიც  თავისი მართვის სტილითა და ჩაგვრის მექანიზმებით, იყო ე.წ.  „ქურდული“ საზოგადოების შემადგენელი ნაწილი. საბედნიეროდ, დღეს ეს მექანიზმი ამ ფორმით აღარ მუშაობს. ყველაზე მეტად გავრცელებული კვლავ სიტყვიერი, ფიზიკური ბულინგია, რომელსაც ბოლო წლებში კიბერბულინგიც დაემატა. ბულინგის ეს ფორმა უცხოეთში უფრო დიდი ხანია არსებობს, ისევე როგორც სიტყვიერი და ფიზიკური ბულინგი, რომელიც ეთნიკურ, რელიგიურ ნიშანს, ფიზიკურ განსხვავებულობას უკავშირდება. უსაფრთხოების პრობლემა ყველგან დგას, ჩვენ ამ თვალსაზრისით გამონაკლისები არ ვართ. ამერიკის სკოლებში მოსწავლეები იარაღით დადიან, რაც მათთვის კიდევ ერთი დიდი პრობლემაა. საგანმანათლებლო სისტემების წარმომადგენლები, მკვლევარები, როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში, მუშაობენ, რომ  შექმნან მოდელები, რომლითაც მართავენ და შეამცირებენ ბულინგს, თუმცა იქაც კი ეს ჯერ კიდევ დაუძლეველი პრობლემაა. ჩვენგან განსხვავებით, იმ ქვეყნებში სკოლების ადმინისტრაციის ხელმძღვანელები არ ამბობენ, რომ ბულინგი  ხდება, მაგრამ ეს დიდი პრობლემა არ არის. იქ ყველა ორიენტირებულია, რომ, თუ არსებობს  ბულინგის ნიშნები, მართონ ეს პროცესი და მოახდინონ მისი პრევენცია, ჩვენთან კი პრობლემას ამძაფრებს მისი იდენტიფიცირება და აღიარება. ის, ვინც უნდა მოახდინოს მისი დელეგირება და შემდეგ შეიმუშაოს მექანიზმი, როგორ მართოს ეს პრობლემა, მას არ აღიარებს.   სკოლაც და სამინისტროც ცდილობს, დამალოს არსებული პრობლემა. სკოლა ამ შემთხვევებს განათლების სამინისტროს უმალავს, სამინისტრო – საზოგადოებას. როდესაც სკოლა მალავს ბულინგს, მას არ აქვს ნდობა არც სამინისტროსგან, არც საზოგადოებისგან. სკოლის დირექტორი ფიქრობს, რომ თუ ის არ დამალავს ამ პრობლემას, მას ვინმე კი არ დაეხმარება პრობლემის მოგვარებაში,  შეიძლება ამის გამო პასუხი მოსთხოვონ  და დამატებითი პრობლემები შეექმნას. სწორედ ამის გამოა, რომ ამ კვლევის მიხედვით, რომელიც სახალხო დამცველის სამსახურმა ჩაატარა, სკოლების ადმინისტრაციების უმრავლესობა, ფაქტობრივად, ამბობს, რომ სკოლებში ბულინგი არ ხდება, განსხვავებით მოსწავლეებისგან, რომლებიც ამ ფაქტებზე საუბრობენ.   

– ჩვენთან ყველაზე ხშირად ბულინგი რა მიზეზებით ხდება? აქვს ჩვენს სკოლებში ბულინგს განსაკუთრებული სპეციფიკა?    

– ჩვენმა ისტორიულმა წარსულმა განაპირობა ჩვენთან ბულინგის სპეციფიკა, პირველ რიგში, ე.წ. ქურდულმა სამყარომ, რომელიც წლების განმავლობაში სხვანაირად „მართავდა“  სკოლას, რა თქმა უნდა, დატოვა თავისი კვალი. სწორედ ქურდული მენტალიტეტის გავლენით ხდება სკოლებში სხვადასხვა  ტიპის ჩაგვრა, ბულინგის მართვაში ისევ ჩართულია გარე მექანიზმები, ის, რაც ასოცირდება ქუჩასთან. დღევანდელმა  სკოლამ  ამ მოდელის ალტერნატივის შექმნა ვერ შეძლო და ვერც შეძლებდა, რადგან არ აღიარებს პრობლემას. მანდატურის სამსახურის შექმნის მცდელობა კარგი იდეა იყო. პრობლემა ის გახლდათ, რომ   მთელი აქცენტი გაკეთდა მანდატურზე, რომელიც ორიენტირებული იყო რეაგირებაზე, კონტროლსა და დასჯაზე. რაც თავისთავად მოიცავს პრევენციას, მაგრამ მარტო ამ მექანიზმით პრობლემა ვერ აღმოიფხვრებოდა. თუ არ ჩამოყალიბდა სასკოლო საზოგადოებრივი კულტურა, რომელიც ორიენტირებული იქნება ბულინგზე, არაფერი არ შეიცვლება. მანდატური იმაზე მეტს ვერასდროს გააკეთებს, რასაც ის ამ წლებში აკეთებდა. კონტროლის ნაწილში მანდატურის სამსახურმა შეასრულა გარკვეული როლი, მაგრამ ამით სისტემა არ დაბალანსდა. სკოლაში თითქოს დარეგულირდა ყველაფერი, მაგრამ  ძალადობა გამოდიოდა სკოლის გარეთ,  სკოლებთან საკმაოდ ახლოს, ნებისმიერ სადარბაზოში შეხვდებოდით საქმის გარჩევას, ჩხუბს, სიგარეტის მოწევას, ალკოჰოლის, ნარკოტიკების მიღებას და ა.შ. სწორედ იმის გამო, რომ არ გატარდა პარალელური პროცესები, შეუძლებელი იყო, ჩამოყალიბებულიყო სასკოლო კულტურა და სასკოლო საზოგადოებები. სკოლა ხომ არის ერთგვარი საზოგადოება, საზოგადოება, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და რომელიც იმართება, როგორც მორალური, ისე სამართლებრივი კანონებით, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც სახელმწიფოსგან იძულების მექანიზმები მოქმედებს. ადამიანები მოქმედებენ ამ კანონების  ფარგლებში. ჩვენს სკოლაში არ არსებობს რაიმე  სისტემა, რომელიც შეთანხმებული იქნება ადმინისტრაციას, მშობელსა და მოსწავლეს შორის და მოაწესრიგებს შიდა საზოგადოებრივ ურთიერთობებს. როდესაც ამ საზოგადოების წევრებმა იციან, რომ სკოლაში დანერგილია ურთიერთობის გარკვეული სისტემა და მისგან გადახრა და დარღვევა მიუღებელია სასკოლო საზოგადოებისთვის, ამ შემთხვევაში პრობლემა ასე მწვავე აღარ იქნება. როცა ჩვენს საზოგადოებაში ვინმე ვინმეს ჩაგრავს, ან ჩვენს საკუთრებას ემუქრება საფრთხე, ჩვენ მივდივართ პოლიციაში ან სასამართლოში, არსებობს ინსტიტუციები, სადაც შეგვიძლია, დავიცავთ ჩვენი უფლებები.  ასეთი ინსტიტუტები უნდა იყოს სკოლაშიც.  

– დაახლოებით ასეთი სისტემები მუშაობს  წარმატებულ კერძო სკოლებში, სადაც მაინც ხდება ბულინგის შემთხვევები.  

– ასეთ სკოლებში ბულინგის შემთხვევები არსებობს, მაგრამ უფრო მცირე რაოდენობით, მისი მთლიანად აღმოფხვრა რთულია. მთავარია, როგორ ვრეაგირებთ ბულინგზე. წარმატებულ სკოლებში ბულინგზე რეაგირების კონკრეტული პროცედურებია გაწერილი, რაც საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. როცა დეტალურადაა გაწერილი, რა არის დამრიგებლის ფუნქცია, როდის ერთვება სკოლის დირექტორი, დასჯის რა მექანიზმები არსებობს, სასკოლო ცხოვრებაში ჩართული ადამიანები ამ წესებს თანმიმდევრულად ასრულებენ. კერძო სკოლებში   ყველა მოსწავლემ იცის, რა არის მისაღები და მიუღებელი სასკოლო ცხოვრებაში, სკოლის ადმინისტრაცია ამის შესახებ წინასწარ აცნობებს და საქმის კურსში აყენებს მშობლებს. წარმატებულ სკოლებში მჩაგვრელი არ არის ლიდერი, ეს პრობლემა აღმოფხვრილია, რადგან იქ ჩაგვრა გაცხადებულად არის მიუღებელი. მათ შორის მშობლებიც თანხმდებიან ამ წესებზე, იქ არ მუშაობს სტერეოტიპი, რომ: შვილო, შენ მგელი ხარ, არავინ დაგჩაგროს, პირიქით, შენ უნდა გადაჭამო ყველა. როგორც კი საერთო წესებიდან გადაცდომა ხდება, სკოლა ასეთ მოსწავლეს უშვებს სკოლიდან. და იმის გამო, რომ ფულს იხდის, რაც არ უნდა ცუდად იქცეოდეს, გავუფრთხილდები, ასე არაა.            

სკოლა უნდა შეთანხმდეს ქცევის წესებზე, რა ქცევა არის დასჯადი და რა ქცევა არის ამ სასკოლო საზოგადოებისთვის მიუღებელი. შეთანხმება უნდა იყოს იმაზეც, რომ, თუ ვინმე ამ ნორმებსა და წესებს გადაუხვევს, ის კარგი და მაგარი ბიჭი არ არის და ის, ვინც ამ წესების დაცვაზე მიუთითებს, ჩამშვები არაა, როგორც ხდება დღეს. დამრღვევი პატივს არ სცემს საზოგადოების სხვა წევრებს და ამაზე მან უნდა მიიღოს შესაბამისი რეაგირება სასკოლო საზოგადოებისგან. ის კი, ვინც წესების დამრღვევს მიუთითებს დარღვევაზე, არის აქტიური მოქალაქის პოზიციაზე. ჩვენს სასკოლო ცხოვრებაში უნდა შემოვიდეს ეს წესები და არა ის, რაც დღესაა – ვინც წესებს არღვევს, იმდენად არის გაფეტიშებული, თუ ვინმე ამის შესახებ  მიუთითებს ან მასწავლებელთან, ან მშობელთან, ის ყველასგან აღიქმება როგორც მიუღებელი ადამიანი, რომელმაც ჩაუშვა თავისი კლასელი ან სკოლელი. უამრავი პრეცედენტი არსებობს, როდესაც აქტიური მშობელი ერთვება სკოლაში არსებული პრობლემის მოსაგვარებლად, თუნდაც ისეთი პრობლემის, რომელიც უშუალოდ მის შვილს არ ეხება, მაგრამ მშობელი იგებს და იჩენს აქტიურ პოზიციას და ამის გამო პრობლემები ექმნება მის შვილს მასწავლებლისგანაც კი, თუ  რატომ მიიტანა სკოლაში არსებული ვითარება  მშობლამდე. საქმეების გარჩევის მსხვერპლი ხდება ბავშვი, რომელიც  მეორედ მშობელს საქმის კურსში აღარ ჩააყენებს, რადგან იმის გამო, რომ გაბედა და მშობელს ინფორმაცია მიაწოდა, სკოლის  ადმინისტრაციისგან თავად მიიღო აგრესია. როცა მასწავლებლის კულტურა ასეთ დონეზეა, იქ ბულინგის მართვა შეუძლებელი იქნება. ჩვენი სასკოლო სისტემის პრობლემა ესაა – სკოლებში არ არსებობს რეგულაციები, რომელიც დაარეგულირებს ურთიერთობებს, სისტემა, რომელსაც ექნება ნდობა. როცა მოსწავლემ იცის, რომ, როდესაც რამე ხდება, ამ ინსტიტუციის ქვეშ მას პრობლემა სკოლის შიგნითვე მოუგვარდება და დაცული იქნება, ის სკოლის  გარეთ არ გაიტანს პრობლემას. დღეს, როცა არ არსებობს ასეთი ინსტიტუცია, ის იქმნება სკოლის გარეთ. საბჭოთა კავშირის დროს ასეთი ინსტიტუცია იყო ძველი ბიჭების კულტურა, რომლებიც სკოლის მაყურებლები იყვნენ. ახლა ასეთი ინსტიტუციაა გარე ურთიერთობები, როცა ქუჩის ბიჭი, უფროსი ბიძაშვილი გარედან ცდილობს პრობლემის მოგვარებას, რადგან სკოლის შიგნით ეს პრობლემა არ გვარდება. ხორავას ქუჩის ინციდენტი იყო კლასიკური მაგალითი, როდესაც პრობლემა სკოლაში ვერ მოგვარდა და გარედან მოხდა მასში ჩარევა. ეს აისახა კვლევაშიც – მოსწავლეთა მხოლოდ 27%-მა მიუთითა, რომ, როდესაც პრობლემა ექმნებათ, მის მოსაგვარებლად მიმართავენ სკოლის ადმინისტრაციას, მანდატურს, დანარჩენებმა თქვეს, რომ თვითონ აგვარებენ პრობლემას სხვადასხვა გზით. ეს ცალსახად მიუთითებს, რომ მოსწავლეებს მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისადმი ნდობა არ აქვთ. როცა არ არსებობს ნდობა, მის გარეშე არსებული ურთიერთობა საკმაოდ რთულია და შედეგებიც რთული დგება.

– რა ღონისძიებები შეიძლება გატარდეს სკოლაში ამ პრობლემების მოსაგვარებლად? 

– სკოლას შეიძლება ჰქონდეს სადამსჯელო ღონისძიებებიც და წამახალისებელიც.  ამ კულტურის დამკვიდრება ვითარებას რადიკალურად შეცვლის. სხვა ქვეყნებში ამ პრობლემის გადაჭრა სკოლებში ახალი ინსტიტუციების შექმნით დაიწყეს. ეს ინსტიტუციები მუშაობენ სკოლებში და ნდობის მაღალი ფაქტორი აქვთ, ზოგიერთ ქვეყანაში უფროსი მეგობრის ინსტიტუტი მუშაობს, რომელიც გარკვეულწილად დარიგებასა და მენტორობაზეა აგებული, ზოგიერთ ქვეყანაში მანდატურის სამსახური – განსხვავებული და უფრო ეფექტური ფორმატით. ამას  პარალელური სისტემებიც ეხმარება. ჩვენთან ნომერ პირველი ამოცანაა კარგი დირექტორი, რომელიც სასკოლო დონზე დაარეგულირებს შეთანხმებას, როგორ უნდა იმართებოდეს სკოლაში ურთიერთობები, რა მექანიზმები უნდა ამუშავდეს. სამწუხაროდ, განათლების სამინისტროში ჰგონიათ, რომ თბილისში რომ რაღაცას მოიფიქრებენ და განახორციელებენ, ფანტასტიკური შედეგები ექნებათ. რესურსცენტრში დამატებითი შტატის გამოყოფა, ფსიქოლოგის სახით, რომელიც სკოლებს მოემსახურება, პრობლემას ვერ მოაგვარებს. ეს იქნება დამატებით დასაქმებული ადამიანი, დაახლოებული ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ან სამინისტროსთან, რომელიც რეალურად ვერ დაეხმარება სკოლას პრობლემების გადაჭრაში. პირველ რიგში,  დახმარება სჭირდება სკოლას, მის ადმინისტრაციას, ყველა პრობლემის დელეგირება უნდა მოხდეს სასკოლო დონეზე და  ისინი შემდეგ  თავად მოაგვარებენ  ამ პრობლემებს. როცა სკოლის დირექტორი არის  სუსტი, არაკვალიფიციური და მხოლოდ და მხოლოდ პირადი კონტაქტითაა დანიშნული, ის პრობლემის მოგვარებას დამოუკიდებლად ვერც შეძლებს და არც შეეცდება.  ამიტომაც არის ნომერ პირველი ამოცანა  მაქსიმალურად ბევრი კარგი დირექტორი სისტემაში, რათა მეტად მოვახდინოთ სასკოლო დონეზე პრობლემების დელეგირება,  ვიდრე საქართველოს 2085 სკოლა მართოს მინისტრმა, რომელსაც სადაცაა კულტურას, სპორტსა და ახალგაზრდობის საქმეებს დაუმატებენ და მისი ფუნქციები ისე გაიზრდება, სკოლების მართვა, ვინ იცის, როგორ გაგრძელდება.  

    

მედეა გუგეშაშვილი, სახალხო დამცველის ადამიანის უფლებების აკადემიის ხელმძღვანელი, კვლევის ავტორი: 

– კვლევის ფარგლებში ჩვენ შევისწავლეთ საჯარო და კერძო სკოლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით ადამიანის უფლებების სწავლების მდგომარეობა და ადამიანის უფლებების მიდგომები სასწავლო პროცესების ადმინისტრირებაში. გამოიკვეთა საგულისხმო საკითხები. ის, რომ მასწავლებელთა კომპეტენცია ადამიანის უფლებების სფეროში არ არის სათანადოდ მაღალი და ამის გამომწვევი მიზეზია ის, რომ იმ ფაკულტეტებზე, სადაც მომავალი პედაგოგები სწავლობენ, თითქმის არ შედის პროგრამაში ადამიანის უფლებების ნაწილი; პედაგოგებს კვალიფიკაციის ამაღლების ნაკლები შესაძლებლობები აქვთ შემდგომშიც; მოსწავლეები ზოგად კითხვებზე მიუთითებენ, რომ მათთვის ადამიანის უფლებები ნაცნობი და კარგად გასაგები თემაა, თუმცა კონკრეტულ კითხვებზე პასუხით ავლენენ დისკრიმინაციულ ღირებულებებს, მაგ.: დასაქმების თანაბარი შესაძლებლობები არ უნდა ჰქონდეთ შშმ პირებს, ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ უმცირესობებს, ქალების ძირითადი საქმიანობის სფეროა ოჯახი და ბავშვების აღზრდა და სხვა; სკოლებში უფლებადარღვევების, ჩაგვრისა და ბულინგის შემთხვევებზე არ აქვთ ადმინისტრაციის მიმართ ნდობა და მათთვის ინფორმაციის მიწოდებას ამჯობინებენ, თავად მოაგვარონ პრობლემები გარეშე პირების, მეგობრების, უფროსების, ქუჩის ინსტიტუტის ჩარევით.

– რით იყო გამორჩეული ეს კვლევა ბულინგის ფაქტების მხრივ? არის განსაკუთრებული სპეციფიკა, რომელიც ჩვენთან მოზარდების ბულინგს ახასიათებს? 

– სიტყვიერი ჩაგვრის ფორმას ამ შემთხვევაშიც წამყვანი პოზიცია უჭირავს. სხვადასხვა ნიშნით მოსწავლეთა ჩაგვრა და დაცინვა გავრცელებულ პრაქტიკად რჩება, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ  გაიზარდა ჩაგვრა და დაცინვა სოციალური ნიშნით. აქამდე ჩატარებულ კვლევებში, სოციალური და ეკონომიკური პირობების გამო, ბულინგის შემთხვევები თითქმის არ იყო, რაც ძალიან საგულისხმო ფაქტია. ეს მაჩვენებელი დაახლოებით 30%-ია. გენდერული იდენტობის, ეთნიკური/რელიგიური კუთვნილებისა და ენის, ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის, გარეგნობის, სექსუალური ორიენტაციის, აკადემიური მოსწრების გამო  დისკომფორტის/არასასურველობის შესახებ მიუთითებს გამოკითხულთა არცთუ უმნიშვნელო ნაწილი – 31.2%. განსხვავება გამოვლინდა სკოლის ზომის ჭრილის მიხედვით, კერძოდ, რაც უფრო იზრდება სკოლის ზომა, რაც უფრო დიდკონტინგენტიანია, მით უფრო იზრდება ჩაგვრისა და დაცინვის სიხშირე, სკოლებში, სადაც მეტი მოსწავლეა, ძალადობის გამოვლინებაც მეტია. 

– კვლევის მიხედვით, როგორ რეაგირებენ მოზარდები ჩაგვრასა და დაცინვაზე?

 – ზოგიერთ შემთხვევაში ხდება ამ ფაქტების  იგნორირება; მიიჩნევენ, რომ თავისით მოგვარდება ყველაფერი. ამ დროს მჩაგვრელები დაუსჯელნი რჩებიან, ჩაგრულები ცდილობენ, არ ისაუბრონ ამ პრობლემებზე, მსხვერპლისა და დაჩაგრულის დაცვა ყოველთვის არ ხდება. ზოგიერთმა მიუთითა, რომ მასწავლებელს უთხრა მომხდარის შესახებ, მაგრამ იყო ბევრი შემთხვევა, როცა მოსწავლეები აღიარებენ, რომ უფროს მეგობარს, ნათესავს დაიხმარდნენ პრობლემის დროს და ქუჩის ინსტიტუტსაც კი მოიშველიებდნენ ხოლმე.  ძალიან მნიშვნელოვანია პრობლემების აღიარების საკითხი – სკოლის ადმინისტრაცია ცდილობს, უარყოს ჩაგვრისა და დაცინვის ფაქტები სკოლაში (95-99%). მასწავლებელთა დიდი ნაწილიც ცდილობს, პოზიტიური სურათი დახატოს სკოლაში არსებულ ვითარებაზე. მოსწავლეთა, დირექტორთა და მასწავლებელთა მონაცემები განსხვავებულია ამ თვალსაზრისით – თუ  მოსწავლეთა 50% აღიარებს, რომ გარკვეული სახის ჩაგვრის მსხვერპლი გამხდარა, ამას არ აღიარებენ სკოლების ადმინისტრაცია და მასწავლებლები. ვინაიდან ისინი არ ახდენენ პრობლემის აღიარებასა და იდენტიფიცირებას, მათზე რეაგირების მოლოდინი დაბალია, შესაბამისად, მოსწავლეებს სკოლის ადმინისტრაციის მიმართ ნდობა ძალიან დაბალი აქვთ. 

– კვლევა კონფიდენციალური იყო თუ მასწავლებლებს შეეძლოთ მოსწავლეთა იდენტიფიცირება? 

– კვლევა იყო ანონიმური. ძალიან შევეცადეთ, რომ კონფიდენციალობა ბოლომდე ყოფილიყო დაცული, თუმცა გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გვთხოვეს, გადახედვის მიზნით ენახათ მათი მოსწავლეების გამოკითხვის შედეგები. ჩვენ თავად არ შევსწრებივართ, მაგრამ მოგვიანებით აღმოვაჩინეთ, რომ ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა, რომელმაც სთხოვა ჩვენს წარმომადგენელს, გადაეხედა თავისი მოსწავლეების კითხვარებისთვის, ყველა  კითხვარი გადააქსეროქსა. რა თქმა უნდა, არ  იყო მითითებული ბავშვების გვარი-სახელი, მაგრამ თვითონ ფაქტი, როცა დირექტორმა იცოდა, რომ გამოკითხვა ანონიმური იყო, თავადაც ხვდებით რაზეც მეტყველებს.   

ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა ბულინგის ფაქტების გახშირებასა და  მოზარდებში აგრესიის ზრდას  ჩვენი საზოგადოების ცხოვრების წესს უკავშირებს:

– ბულინგის ყველაზე დიდი საფუძველი ეს არის საზოგადოების ცხოვრების წესი. ჩვენ ვხედავდით, რომ წლების განმავლობაში  ზრდასრული ადამიანები დაჯილდოებული იყვნენ აგრესიით, ამიტომაც იმატა აგრესიამ ბავშვებშიც. ისინი არიან ჩვენი ცხოვრების წესის მსხვერპლი. ერთი მაგალითი ავიღოთ. როდესაც მშობლები მიდიან უცხოეთში სამუშაოდ და ბავშვები მარტო რჩებიან, მათ  საოცარი  უსამართლობის შეგრძნება აქვთ. მოზარდში უსამართლობის განცდა მძაფრად გამოიხატება, უსამართლობაც ხომ ჩვენი ცხოვრების წესთან არის დაკავშირებული. რას გველაპარაკება ჩვენი დღევანდელი ყოფითი ცხოვრება?! თანამედროვე საზოგადოება თავისი მერკანტილური ინტერესებით ძალიან ცოდავს. ჩვენ ვცხოვრობთ ფულის პრიორიტეტულ სამყაროში. როდესაც ქრისტე იუდამ 30 ვერცხლად გაყიდა, მთელი ქრისტიანობა ქადაგებდა ამას და მოცული იყო მონანიებით, ეს ეპოქა დასრულდა. ის სინანული, რა შეიძლება გაგვაკეთებინოს ფულმა, აღარ არსებობს. ფულმა შეიძლება გვაშოვნინოს კარგი სახლი, მოგვცეს პრივილეგირებული მდგომარეობა, სახელი, აი,  ეს არის ამოსავალი.  დღეს ამ ეპოქაში ვცხოვრობთ. ბულინგის მიზეზები, რაც არ უნდა იყოს ისინი, იკვეთება მას შემდეგ, რაც  ბავშვი არის უკვე მსხვერპლი იმ საზოგადოებრივი ცხოვრების წესის, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. როცა ბავშვი მსხვერპლია, მერე ხდება მოძალადე. ბულინგს რომ იწვევს ფიზიკური თუ ინტელექტუალური მონაცემების, ქონებრივი და სოციალური ცენზის გამო დაცინვა,  ეს არის  შედეგები, მიზეზები, პრობლემის სათავე   ჩვენი საზოგადოების ცხოვრების წესშია. რაზე მოეთხოვებათ პასუხი ზრდასრულებს და რაზე – არა, რით არიან ისინი დაჯილდოებულნი და დასჯის ობიექტები? ახლახან მოხდა ფაქტი, როდესაც ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ხელყო მეორე ადამიანის ღირსება – შარდით დააბანინა სახე. ეს ადამიანი აღმოჩნდა სამართლის წინაშე. ეს არის საოცარი პრეცედენტი, რომ  სხვისი ღირსების ხელყოფა არის მიუღებელი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული. ადამიანს არ ეპატია სხვისი ღირსების შელახვა. ეს საკმარისია მოზარდისთვის. მოზარდი ცხოვრობს ამ სივრცეში. თევზს იმიტომ აქვს ფარფლები, რომ წყალშია, ფრინველს იმიტომ აქვს ფრთები, რომ ჰაერშია. რაშიც იმყოფება მოზარდი, იმის შესაბამისი ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, მორალური, ზნეობრივი ნორმები უმუშავდება. ყველა სახელმწიფო უწყება, ყველა სამინისტრო ერთად უნდა იყოს მობილიზებული, რომ ყველაფერი მიდიოდეს მოზარდებისკენ. ბავშვის დასჯამდე მასზე ზრუნვა უნდა იყოს პრიორიტეტი! მე  შემთხვევით შევხვდი შინაგან საქმეთა მინისტრს  და ჩემთვის უდიდესი სიხარული იყო იმის აღმოჩენა, რომ ეს ადამიანი დაინტერესებულია მოზარდების თემით და მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღებით. ასევე, თანადგომა სჭირდება განათლების დღევანდელ მინისტრს. ვიცი, როგორი იყო მისი ოჯახი, სააღმზრდელო სივრცე, დარწმუნებული ვარ, განათლების მინისტრისთვის ჩვენი მომავალი თაობის გაჯანსაღება უმნიშვნელოვანესი მიზანია.