"ვანო მერაბიშვილმა დამირეკა, კობა დავითაშვილი ჩათვალე, მკვდარია, ახლა ყველაფერს ვერ გეტყვიო..." - მიხეილ სააკაშვილი

10:52 07-02-2018
208

ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ყოფილ დეპუტატზე, კობა დავითაშვილზე თავდასხმა მის მიმართ განხორციელებული პროვოკაცია იყო.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-ის თოქშოუ კვირის აქცენტებში განაცხადა, ეფესბემ გამოაგზავნა კურტაევი დავითაშვილის მოსაკლავად.

კობა დავითაშვილი გამოვიდა და სიბინძურეები ილაპარაკა ჩემსა და ჩემს ოჯახზე. ამის შემდეგ, მოხდა ეს ცნობილი ჩანაწერი. მაშინ ვიყავი ჩინეთში ვიზიტით, ვანო მერაბიშვილს ველაპარაკებოდი სხვადასხვა თემაზე და მეუბნება, რომ იცოდე, კობა დავითაშვილი, ჩათვალე რომ მკვდარია. პოლიტიკურად მკვდარიაო, თუ არადა ნახავო, მალე მოკვდებაო, ახლა ყველაფერს ვერ გეტყვიო. ეს რომ მითხრა, ეგრევე დავუკიდე. ჩინეთში ვიყავი, რუსები ყველაფერს იწერდნენ. მერე იყო ცნობილი ისტორია, ორი კვირის შემდეგ, კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ ჩემი მოკვლა სცადესო. ბევრჯერ ამბობდნენ ასეთ სისულელეებს და არ ვაქცევდი ყურადღებას, - განაცხადა სააკაშვილმა.

ამის შემდეგ, სააკაშვილს თქმით, მასთან მივიდნენ ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი და უთხრეს, რომ კობა დავითაშვილს მართლა კლავდნენ.

რუსებმა გამოაგზავნეს კურტაევი, მახსოვს, ჰქონდათ ეს ჩანაწერი, ჰქონდთ ის ფაქტი, რომ მას ჩემზე ჰქონდა ნალაპარაკევი და შემთხვევით გადარჩა. ეფესბემ გამოაგზავნა კურტაევი დავითაშვილის მოსაკლავად და რომ მოეკლად დავითაშვილი, ვის დავუმტკიცებდი, რომ არაფერი კავშირი არ მაქვს დავითაშვილის მკვლელობასთან. ასეთი მეთოდებით მუშაობდნენ ჩვენს წინააღმდეგ, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

კობა დავითაშვილზე თავდასხმა 2006 წლის ივნისში, პოლიტიკოსის სახლთან მოხდა, რასაც დავითაშვილის მეზობლის დაჭრა მოჰყვა. რამდენიმე დღეში, შსს-მ საქმე გახსნილად გამოაცხადა. ოფიციალური ინფორმაციით, ტერაქტი 1981 წლის 23 ივნისს დაბადებულმა გიორგი ალიკას ძე კურტაევმა მოაწყო, რომელიც რუსეთის მოქალაქეა. 

შსს-ს ვერსიით, რუსეთის სპეცსამსახურების გათვლით, თუ კურტაევი დავითაშვილს მოკლავდა, ქვეყანაში მღელვარება დაიწყებოდა, რადგან საზოგადოება ხელისუფლებას ოპონენტის მოშორებაში პირდაპირ დაადანაშაულებდა.