მოვუწოდებ შსს-ს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება გ.მ-ს ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე - სერგი კაპანაძე

12:13 07-02-2018
123

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე შსს-ს მოუწოდებს, რომ გ.მ-ს ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე, ცალკე გამოძიება დაიწყოს:

„საქმის მასალების გაცნობის შედეგად კარგად ვნახეთ, რომ ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს გარდა ორი მოკლული მოზარდისა, ასევე დაზიანდა კიდევ ერთი მოზარდი გ.მ. ამის შესახებ ინფორმაცია გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. ინფორმაცია ცნობილი იყო შსს-თვის, პროკურატურისთვის უკვე 1-ელ და 2 დეკემბერს, როგორც თავად გ.მ-ს, ისე სხვა მოწმეების ჩვენებებიდან, თუმცა, ცალკე გამოძიება დაწყებული არ არის. ამ მიმართულებით, საგამოძიებო მოქმედებები, ჩემი ღრმა რწმენით, ჩატარებული არ არის ისევე, როგორც ცალკე არ არის გამოყოფილი საქმე ამ კონკრეტულ თემაზე. ჩვენ საქმის მასალებიდან ვხედავთ, რომ არის სხვა საქმეები, მაგრამ ეხება კონკრეტულ სხვა დანაშაულებს. კერძოდ, ეხება დაფარვას, არ შეტყობინებას, მაგრამ არა ჯანმრთელობის დაზიანებას, რაც ნამდვილად იკვეთება გ.მ-ს შემთხვევაში. ამიტომ, რეკომენდაციის არსი არის, რომ ამ კონკრეტულ თემაზე შსს-მ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება გ.მ-ს ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე და გაატაროს შესაბამისი ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები, რათა მოხდეს დანაშაულის ჩამდენი პირის იდენტიფიცირება – განაცხადა კაპანაძემ.

კომისიის დღევანდელ სხდომაზე დღეს ზვიად კუპრავას გამოკითხვა იგეგმება. სხდომაზე, ასევე, დაგეგმილია გამომძიებელ ირაკლი ფიფიას, დეტექტივების სამმართველოს უფროსის იოსებ სიგუას და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის შალვა ბედოიძის მოსმენა.

გარდა ამისა, საგამოძიებო კომისია სავარაუდოდ დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის რეკომენდაციებთან დაკავშირებით. ერთი რეკომენდაცია ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან გ.მ-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყებას, ხოლო მეორე - ერთ-ერთი პირის, მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ეხება.

ავტორი: