ე.წ "ყვითელი მარშუტკების" ნაწილს გზაზე გადაადგილება აეკრძალა

14:38 07-03-2018
110

2018 წლის 3 იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება 38 199 სამგზავრო და სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა. 858 სატრანსპორტო საშუალებას გზაზე გადაადგილება აეკრძალა, მათ შორის, ყვითელი სამარშრუტო ტაქსების გარკვეულ რაოდენობას. ამის შესახებ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა შალვა ურიადმყოფელმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. 

„უახლოეს მომავალში გამოვაქვეყნებთ ტექნიკური ინსპექტირების შედეგებზე სტატისტიკურ მონაცემებს. მათ შორის არის ტრანსპორტი, რომელიც სამგზავრო გადაყვანებს ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ წინასწარ რა ინფორმაციაც მაქვს, ყვითელი სამარშრუტო ტაქსების გარკვეული რაოდენობა იმ სატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალში მოხვდა, რომლებსაც გზებზე გადაადგილება აეკრძალა და ისინი შეკეთებასაც კი არ ექვემდებარებიან,“ - განაცხადა ურიადმყოფელმა

ტექინსპექტირების სტატისტიკის მიხედვით, 38 199 სამგზავრო და სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, 28 574 გამართული აღმოჩნდა, 8 767 ტექინსპექტირების გავლისას დახარვეზდა; 6 202 -მა ინსპექტირება განმეორებით გაიარა; 257 კი განმეორებით დახარვეზდა

2018 წლის 1-ლი იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ავტორი: