ყოფილმა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ საქმის აღძვრის მოთხოვნით პროკურატურას მიმართა.
კობა დავითაშვილი აცხადებს, რომ გამოძიება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით უნდა დაიწყოს.
„მოვითხოვე, მიხეილ სააკაშვილისა და მერაბიშვილის მიმართ გამოძიება დაიწყოს მათი მხრიდან ხელისუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, რაც პრაქტიკულად მან აღიარა „რუსთავი 2“-ის ეთერში.
ჩემს მიმართ იმდენი უბედურება მოხდა, ერთმანეთში ერევა ყველას. სამი თავდასხმა, ერთი მკვლელობის მცდელობა. ამაზე არ აღძრულა საქმე.
მაშინ ეს ყველაფერი გაფორმდა როგორც სუფრის წევრის პირადი მასალა, რომელმაც მიაწოდა მედიას ჩანაწერი. ეს ადამიანი ავარიაში გარდაიცვალა. მე ამ გარემოებების გამოძიებასაც მოვითხოვ. ვფიქრობ, მოწმე სააკაშვილის ხელისუფლებამ მოიშორა. ვითხოვ გამოძიებას იმ საქმეზე, რაც აქამდე არ ყოფილა. მაშინ მოქმედი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონის მიხედვით არ შეიძლებოდა ჩანაწერის მომზადება. მათ კონფიდენტის მეშვეობით გაავრცელეს „რუსთავი 2“-ის ეთერში ჩემი პოლიტიკური მკვლელობის მიზნით. ეს უკანონო მიყურადება იყო" – განაცხადა დავითაშვილმა.
ყოფილი დეპუტატი გუშინ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის "კვირის აქცენტებში" გაკეთებულ განცხადებას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა.
დავითაშვილმა ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა, რომ სააკაშვილს პირდაპირ ეთერში სისხლის სამართლის დანაშაული წამოცდა, რისთვისაც ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს და უნდა დაიკითხოს ექს-პრემიერი ვანო მერაბიშვილიც.
"მინდა პასუხი გავცე სააკაშვილს. მას თუ არ შეეშინდება, ჩაერთოს თავის ამსტერდამიდან. რაც მან ისაუბრა, არის სრული სიცრუე. არანაირ რუსულ "ფეესბეს" ჩემი ლიკვიდაცია არ დაუგეგმავს. სააკაშვილმა დეტალებიც კი გაიხსენა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მკვლელი, რომლის მამა ცხოვრობდა ვლადიკავკაზში, ხოლო დედა რუსთავში და იყო ქართველი, დაქირავებული იყო სააკაშვილის მიერ. მისი ვლადიკავკაზთან კავშირი აუცილებელი იყო იმისთვის, რომ მერე ეს ყველაფერი დაებრალებინათ რუსეთისთვის. რუსეთის "ფეესბეს" ჩემი მოკვლა რომ სდომოდა, ჩემი მეზობლები შეუშლიდნენ ხელს?!", - განაცხადა კობა დავითაშვილმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში.
ყოფილი დეპუტატის თქმით, სააკაშვილი ე.წ. "ნა ვერტილეს" საქმეზე დანაშაულში გამოტყდა.
"შეგახსენებთ, მოხდა ფარული ჩაწერა პარლამენტის წევრის, კობა დავითაშვილის და მაშინდელი კანონმდებლობა კრძალავდა პარლამენტის წევრის ჩაწერას საერთოდ. ამიტომ სააკაშვილმა მაშინ მოიგონა ტყუილი, რომ მე სახელმწიფომ კი არ არამედ იმ სუფრის მონაწილე ერთ-ერთმა პირმა, რომელიც ძალიან მოკლე ხანში გარდაიცვალა გაურკვეველ ვითარებაში. სააკაშვილს ეს ყველაფერი დაავიწყდა და მერაბიშვილსაც დაადო ხელი, დამირეკაო და კობა დავითაშვილს პოლიტიკურ გვამად ვაქცევ, ასეთი იდეაო მომივიდაო. ეს ჩანაწერი გაკეთებული იყო ბევრად გვიან, თავდასხმის ფაქტიდან. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც პირდაპირ ეთერში აღიარა სააკაშვილმა და ხელი დაადო ვანო მერაბიშვილს. მოვითხოვ ან შსს-მ, ან პროკურატურამ, თავად გადაწყვიტონ, დაუყონებლივ დაიკითხოს ამ საქმეზე ვანო მერაბიშვილი, დაიწყოს გამოძიება სააკაშვილის მიმართ ხელისუფლების ბოროტად გამოყენების გამო, რაც მდგომარეობდა პარლამენტის წევრის მიმართ უკანონო დევნაში", - აღნიშნა დავითაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა ორი დღის წინ, "რუსთავის 2"-ის ეთერში, კობა დავითაშვილზე 2006 წლის ივნისში მომხდარი თავდასხმის ფაქტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამაში რუსული სპეცსამსახურები იყვნენ ჩართულნი.