თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ინგოროყვას კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით მიყვანილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.
როგორც პირველ არხს ექიმმა კონსტანტინე მუმლაძემ განუცხადა, 45 წლამდე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და პაციენტი ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.
„პაციენტი კლინიკაში დილით სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ იქნა შემოყვანილი, შემოსვლისას აღენიშნებოდა პერეორბიტალური მიდამოს შეშუპება, სახის ჰიპერემია, მრავლობითი წყლულოვან-ბუშტუკოვანი გამონაყარი სხეულის სხვადასხვა ადგილას. სახეზეა ქიმიური ნაერთის ტოქსიკური ეფექტის შედეგად განვითარებული მდგომარეობა. ამჟამად, პაციენტის მდგომარეობა რჩება საყურადღებო. მდგომარეობა სტაბილურია, უგრძელდება დაკვირვება და მკურნალობა კლინიკაში“, – განაცხადა კონსტანტინე მუმლაძემ.
რაც შეეხება იმ შვიდ ადამიანს, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ინტოქსიკაციის ნიშნებით „ევექსის“ კლინიკაში გადაიყვანეს, ყველა მათგანი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა თბილისის აეროპორტში მავნე ნივთიერების შემცველი სითხის დაქცევის გამო რუსეთის მოქალაქე დააკავა.