"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც საუბარია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვაზე, "ნაციონალური მოძაობის" ლიდერები ეხმაურებიან.
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციას აკრიტიკებს. მისი თქმით, სერტიფიკატების დარიგების კამპანია კანონდარღვევას არ წარმოადგენს.
„უხერხულად ვიგრძნობდი თავს ამ განცხადების ავტორთა ადგილზე, იმიტომ რომ ამ ხალხს ხმა არ ამოუღია იმაზე, რომ ივანიშვილის მევახშეების მაფია ძარცვავს სახელმწიფო ინსტიტუტისა და მექანიზმების გამოყენებით, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ამყოფებს მათ სრულ დამოკიდებულებაში. რეალურად ბანკები გადაიქცა სახელმწიფოს ინსტიტუტების გამოყენებით, კანონის არასწორი ინტერპრეტაციის გამოყენებით ხალხის რეალურად გაღატაკების ინსტრუმენტად. ამ პირობებში ერთხელ არ ამოუღიათ ხმა, რომ უამრავი ადამიანი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გამოყარეს სახელმწიფო სამსახურიდან, მოხდა სრული პოლიტიკური დისკრიმანაცია და არამხოლოდ პოლიტიკური. ნეპოტიზმის გამო ხდება ეს ყველაფერი. თუ არ გყავს ნათესავი და ახლობელი ვერ ეწყობი სახელმწიფო სამსახურში. ამაზე არაფერზე არ ამოიღეს ხმა და იმაზე, რომ ჩვენ ვიძახით, რომ ამას ყველაფერს გამოვასწორებთ, როცა ხელისუფლება შეიცვლება საქართველოში, თურმე ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა.
ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი?! რა განცხადებებიც არ უნდა გამოაცხონ, რა პოლიტიკური დევნაც არ უნდა განახორციელონ ჩვენ აუცილებლად ავუნაზღაურებთ, უსამართლოდ გაყრილ ხალხს სახელმწიფო სამსახურებიდან მივცემთ კომპენსაციას, გავყინავთ უსამართლო კრედიტებს, დავაბრუნებინებთ ხალხს კრედიტებს, არა ივანიშვილის ვალუტის კურსით, არამედ სააკაშვილის ვალუტის კურსით 1.65 ლარზე. აი, ეს იქნება, რასაც გავაკეთებთ.
შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ საქართველოში ოლიგარქების, მევახშეების ხელისუფლება დასრულდება. საქართველო დაუბრუნდება სწრაფი განვითარების გზას და თითოეული მოქალაქე ამოისუნთქავს შვებით.
მისივე განმარტებით, “ნაციონალური მოძრაობა“ 2003 წელს ამომრჩეველს დაჰპირდა ხელფასებისა და პენსიების გაზრდას და ეს დაპირება შესრულდა. არასოდეს მოუტყუებია თავისი ხალხი და ამჯერადაც შესრულებს დაპირებებს.
"მე არ ავიღებ ჩემი ხალხის დახმარებაზე ხელს და ჩემს პრინციპებზე ხელს“- განაცხადა სააკაშვილმა "რუსთავი 2"- თან სატელეფონო საუბრისას.
"საიას" განცხადებას გამოეხმაურა ნიკა მელიაც:
„საია-ს“ მიმართ ჩემი პატივისცემის მიუხედავად, გაუგებარი განცხადება გაავრცელეს, რომელიც გულისხმობს შემდეგს: გასაჭირში მყოფ მოქალაქეებს პოლიტიკურმა გაერთიანებამ, რომელიც მოვა ხელისუფლებაში, არ უნდა გაუწოდოს დახმარების ხელი მათ, ანუ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს. ათასობით და ათიათასობით ადამიანი სამსახურიდან გამოყარეს, მათ მერე მოახერხეს საქართველოს სახელით სასამართლოს გადაწყვეტილების ხელთჩაგდება და ამით საკუთარი უფლებების აღდგენა უნდა მომხდარიყო, მაგრამ ხელისუფლებამ ყურიც არ შეიბერტყა. საქართველოში ათიათასობით ოჯახი არსებობს, რომელთაც უსაფუძვლოდ და არაობიექტურად სოციალური დახმარების გაცემა შეუწყვიტეს. ასეთ ოჯახებზე, როდესაც ვსაუბრობთ, თურმე ეს არის მოსყიდვა?" - განაცხადა მელიამ.