„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” წარადგინა კვლევა, რომელშიც საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში კორუფციის რისკებია შეფასებული.
როგორც კვლევაშია საუბარი, ამ ტიპის კვლევა საქართველოში პირველად მომზადდა და მასში წარმოდგენილი მიგნებები 2018 წლის აპრილისთვის არსებულ მდგომარეობას ასახავს.
საზოგადოების ნდობა ვერ დაიმსახურა სასამართლოს მიერ პოლიტიკურად სენსიტიური საქმეების განხილვამ. გარკვეული ეჭვები გაჩნდა პოლიტიკურად მოტივიებული გადაწყვეტილებების მიღების თაობაზე. მაგალითად ასეთი ეჭვები წარმოიშვა ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ისა და ე.წ. „კაბელების საქმის” განხილვების დროს.
პრობლემების მოგვარების მიზნით, მნიშვნელოვანია: საგამოძიებო ორგანოებმა და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა მოახდინონ ეფექტიანი რეაგირება სასამართლოში კორუფციის სავარაუდო შემთხვევებზე, ხოლო სასამართლო სისტემასთან და მის მოხელეებთან დაკავშირებული ყველა მიმდინარე გამოძიება დროულად უნდა დასრულდეს. მიღებულ იქნას საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც შეამცირებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადამეტებულ უფლებამოსილებებს. კანონით გარანტირებული უნდა იყოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის ინსტიტუციური და ფუნქციონალური დამოუკიდებლობა. გარდა ამისა, საბჭოს არ უნდა ჰქონდეს სასამართლოების თავმჯდომარეების დანიშვნის უფლებამოსილება- თავმჯდომარეები თავად მოსამართლეებმა უნდა აირჩიონ, - აღნიშნულია კვლევაში.