„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” წარადგინა კვლევა, რომელშიც საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში კორუფციის რისკებია შეფასებული.
როგორც კვლევაშია საუბარი, ამ ტიპის კვლევა საქართველოში პირველად მომზადდა და მასში წარმოდგენილი მიგნებები 2018 წლის აპრილისთვის არსებულ მდგომარეობას ასახავს.
სასამართლოების თავმჯდომარეებს უნდა ჩამოერთვას ის უფლებამოსილებები, რომლებიც მათ საქმეთა განაწილების ელექტრონულ სისტემაზე მანიპულირების შესაძლებლობას აძლევთ. მათ შორის, თავმჯდომარეებს უნდა ჩამოერთვათ უფლებამოსილება, ერთპიროვნულად განსაზღვრონ ვიწრო სპეციალიზაციის შემადგენლობა სასამართლო კოლეგიებში, რაც საქმეთა განაწილების მოქმედი წესის მიზნების საპირისპიროდ, საქმეთა განაწილებაში არასათანადო ჩარევის სერიოზულ რისკებს შეიცავს.
უნდა გაძლიერდეს მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების მექანიზმები. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის დამოუკიდებლობის გარანტიები მნიშვნელოვნად უნდა გაძლიერდეს. მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის არსებული ფართო და ბუნდოვანი საფუძვლები უნდა დაკონკრეტდეს და შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან.
იმედს ვიტოვებთ, რომ კვლევის შედეგად გაკეთებული მიგნებები და რეკომენდაციები გათვალისიწნებული იქნება საბჭოს წევრების, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ, - აღნიშნულია კვლევაში.