კვლევა დაფუძნებულია ცრუ ინფორმაციაზე და ემსახურება სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას - გიორგი მიქაუტაძე

18:08 07-05-2018
77

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევას ეხმაურება. მისი განმარტებით, ეს კვლევა არ არის კრიტიკა, ეს არის ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით მცდელობა, რომ რაღაც ჩირქი მოეცხოს სასამართლო სისტემას.

გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ გავაკეთო განმარტება.წლებია უკვე გვესმის ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით რაღაც ბრალდებები, თითქოს სასამართლო სისტემაში არის კორუფცია. ძალიან დიდი პატივისცემის მიუხედავად კვლევის ავტორებისა, უნდა აღინიშნოს, რომ კვლევა მთლიანად დაფუძნებულია ცრუ ინფორმაციაზე. ჩვენ ველოდებოდით, რომ კვლევის პრეზენტაცია გაიმართებოდა შეხვედრის ფორმატში, რისთვისაც მზად ვიყავით და ასევე ჩვენი პოზიციის დასაფიქსირებლად, თუმცა, სამწუხაროდ, ცალმხრივად გადაწყდა ამ კვლევის გაშუქება. ეს არ არის კრიტიკა, ეს არის ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით მცდელობა იმისა, რომ რაღაც ჩირქი მოეცხოს სასმართლო სისტემას და არასწორი ფაქტების გადმოცემით შეიქმნას იმის ილუზია, თითქოს სასამართლო სისტემაში არის კორუფცია. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ თავად კვლევაშიც მითითებული არის რომ, მოცემულ შემთხვევაში კორუფცია არ გულისხმობს ქრთამის აღებას და ამის არც ერთი ფაქტი არ არსებობს სასამართლო სისტემაში.

საუბარია გავლენებზე, რომელიც შეფასებული არის შვიდი პირის გამოკითხვით, რომელთაგან ერთი არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო დანარჩენი 6-ის ვინაობა უცნობი არის, ესენი არიან კონფიდენციალური პირები და ჩვენ არ გვაქვს საშუალება, შევაფასოთ მათ მიერ გადმოცემული მოსაზრებების ნამდვილობა, ამასთან ძალიან საყურადღებო არის, რომ საანგარიშო პერიოდში სასამართლოში არის განხილული ასობით-ათასი საქმე და შვიდი პირის გამოკითხვით ხდება შეჯამება იმ ყველაფრისა, იმ შედეგებისა რაც სასამართლო სისტემაში არსებობს.

გაკრიტიკებული არის ძირითადად საკანონმდებლო ბაზა და ამაზე არა ერთხელ გვითქვამს, რომ სასამართლო სისტემა, ასე ვთქვათ, იმ უფლებებით, რაც მას გააჩნია და საუბარი არის მხოლოდ და მხოლოდ საკანონმდებლო ინიციატივაზე, ძალიან აქტიურად მონაწილეობს სასამართლო საკანონმდებლო პროცესში და სასამართლოში მიმდინარე რეფორმებში და ყველა შესაბამის შეხვედრაზე ძალიან არგუმენტირებულად არის წარმოდგენილი.

ასევე, კვლევა შეეხება თავმჯდომარეების არასათანადო გავლენებს, თუმცა არცერთი მტკიცებულება და ფაქტი არ არის მოყვანილი ამ გავლენებთან დაკავშირებით, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ 7 კონფიდენციალური პირის შეფასება, რომ სასამართლოს თავმჯდომარეებს აქვთ გავლენები მაშინ, როდესაც საკანონმდებლო დონეზე სასამართლოს თავმჯდომარეების ფუნქციები მინიმუმამდე არის შემცირებული, არის ბრალდებები, რომ თავმჯდომარეები ერევიან საქმეთა განაწილების სისტემაში და არც ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი, რომ ძალიან დიდი და პროგრესული ნაბიჯი იყო გადადგმული, როდესაც სასამართლოში დაინერგა საქმეთა ელეტრონული განაწილების სისტემა და ,ფაქტობრივად, გამორიცხული არის თეორიულადაც კი ვერავინ დამისახელებს იმის შესაძლებლობას, რომ ელექტრონული განაწილების პროგრამაში შესაძლებელია ჩაერიოს ან თავმჯდომარე ან ნებისმიერი სხვა მოსამართლე ასეთი სურვილის არსებობის შემთხვევაში. დეტალურად არის ძალიან გაწერილი ელექტრონული განაწილების პროცესი, მოყვანილი არის მაგალითები, რომელიც აბსოლუტური სიცრუეა, ტყუილ ფაქტებზეა აგებული და ეს პირდაპირ მუხლობრივად შემიძლია რომ დაგიმტკიცოთ. საუბარი არის სოციალურ გარანტიებზე და ნაწილობრივ ვეთანხმებით, რომ არასათანადო სოციალური გარანტიები არის დღევანდელი მდგომარეობით სასამართლო სისტემაში, თუმცა ამ სოციალური გარანტიების დაკავშირება სასამართლოში კორუფციასთან, აბსოლუტურად გაუგებარი და შეუსაბამო არის. საუბარია, რომ სამუშაო პირობები არის ცუდი სასამართლო სისტემაში, რასაც ასევე ჩვენც ვადასტურებთ, თუმცა არ არის ნახსენები ის, რომ ბოლო პერიოდში შეგიძლიათ იხილოთ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სამ წლიანი ანგარიში.

ბოლო პერიოდში თითქმის არ დარჩა სასამართლო შენობა, რომელიც არ გარემონტდა, არ მოეწყო დარბაზები დამატებით, ჩვენ ნოემბერში ველოდებით საქალაქო სასამართლოში ახალი ფლიგელის ექსპლუატაციაში შესვლას და ასევე იცით, რომ საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი აგრეთვე დამოკიდებულია საბიუჯეტო ხარჯებზე, მათ შორის სოციალური გარანტიები დამოკიდებული არის შესაძლებლობებზე და ფინანსებზე და სასამართლო განკარგავს მხოლოდ იმ ფინანსებს, რაც მას გააჩნია.

ახალი მოწვევის საბჭოს შეკრებებისთავანვე პირველივე პრობლემა, რომელზეც საუბარი ჩვენ დავიწყეთ და მისი იდენტიფიცირება მოვახდინეთ და პრიორიტეტად დავსახეთ, ეს იყო სასამართლოში გადატვირთულობა, არაერთი საკანონმდებლო წინადადება წარვადგინეთ ამ კუთხით, ბევრ მათგანს უკვე კანონის სახე აქვს და ბევრზე კვლავ გრძელდება მუშაობა და ძალიან ბევრი მიმართულებით იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელი მდგომარეობითაც მუშაობს გადატვირთულობის პრობლემის მოსახსნელად, ასევე არის არასწორი შეფასება გაკეთებული, რომ უვადოდ გამწესებით ხდება მოსამართლეებზე კონტროლის დამყარება, ეს არის აბსოლუტურად პირიქით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაცია იყო მოსამართლეების უვადოდ გამწესება და ალბათ ეს არის ყველაზე უფრო დიდი გარანტია ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის ზრდისთვის. უვადოდ გამწესებული მოსამართლის საქმიანობაში ჩარევის და მასზე ზეგავლენის მოხდენის ბერკეტი ფაქტობრივად აღარ არსებობს.

ასევე, გაკრიტიკებული არის დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი და აქაც ორმაგ სტანდარტს ვხვდებით, ვინაიდან ერთის მხრივ კვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ ძალიან მაღალი კვოტა არის დაწესებული, ორი მესამედის შემადგენლობით უნდა მიიღოს საბჭომ გადაწყვეტილება დისციპლინურ საკითხებზე, რაც ძალიან მაღალია და საბჭო ვერ იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს და მეორეს მხრივ საუბარი არის, დისციპლინურ სამართალწარმოებას საბჭო იყენებს ბერკეტად მოსამართლეების სამართავად, რაც აბსოლუტურად შეუსაბამოა და ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები არის გამოთქმული.

საუბარია აგრეთვე განსხვავებული აზრის დევნაზე, რაც წლებია ასევე გვესმის და მოყვანილი არის მაგალითად ასოციაცია მოსამართლეთა ერთობა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ფაქტების მიხედვით, ოცამდე მოსამართლე ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ დანიშნული არის თანამდებობებზე მოსამართლედ, მათ შორის უვადოდ და მათ შორის სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციებზე.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან ყურადღებით შევისწავლით ამ კვლევას და მოვახდენთ რეაგირებას ისეთ ფაქტებზე, რაზეც თვლით, რომ რეაგირება მოსახდენია და ყოველ ჯერზე ჩვენ აუცილებლად ძალიან ყურადღებით მოვუსმენთ არასამთავრობო სექტორს, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ძირითადი ფაქტები, რაც აქ გადმოცემული არის, არის სიცრუე, არ სახელდება არცერთი კონკრეტული მაგალითი სასამართლო სისტემაში კორუფციის არსებობის თაობაზე, რაც ვფიქრობ, რომ არის საგანგაშო და მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას“ - ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის განცხადებაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში კორუფციის რისკებზე კვლევა დღეს წარადგინა. კვლევაში საუბარი სასამართლო სისტემაში კორუფციის სავარაუდო შემთხვევების ხელშემწყობ ძირითად ფაქტორებზეც იყო.

 

ავტორი: