"პრაიმტაიმის" ჟურნალისტი, რომელიც ჭუბერშია, იტყობინება, რომ მიუხედავად იმისა, რომ წყლის ნაკადი უფრო ძლიერია, ვიდრე გუშინ იყო, ამ დროისთვის ადგილზე სტაბილური მდგომარეობაა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა "პრაიმტაიმს" განუცხადა, რომ დღის მეორე ნახევარში კვლავ ნალექს ელოდებიან.
"ისეთი არ იქნება, როგორიც გუშინ იყო, თუმცა საღამოს ველოდებით ნალექს. ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ სტიქიის პიკი არის განვლილი და ჩვენი სპეციალისტების შეფასებით და ისეთ მასშტაბურ გართულებებს აღარ ველოდებით, როგორც ამას გუშინ ჰქონდა ადგილი" - განაცხადა თანდილაშვილმა.
მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ სპეციალისტები სტიქიის მიმდებარე ზონებს საველე პირობებში გუშინდელი დღიდან მოყოლებული სწავლობენ.
გუშინ, ჭუბერში, სტიქიამ საცხოვრებელი სახლები წალეკა. წაღებულია ექვსი ხიდი. მთელი დღის განმავლობაში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობდა. ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ სამაშველო სამსახურის ბრიგადები.
უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა გამოიწვია სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდების დაზიანება.