საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი სტიქიის ეპიცენტრში რჩება.
როგორც გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, უწყება ყველა სცენარისთვისაა მზად.
"სიტუაცია სრულად კონტროლდება, მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრება, ყველა სცენარისთვის მზად ვართ", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
გუშინ, ჭუბერში, სტიქიამ საცხოვრებელი სახლები წალეკა. წაღებულია ექვსი ხიდი. მთელი დღის განმავლობაში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობდა. ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ სამაშველო სამსახურის ბრიგადები.
უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა გამოიწვია სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდების დაზიანება.