"საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე, რომელიც გარემოს დაცვის საკითხებზე მუშაობს, ამბობს, რომ შესაძლოა, მეწყერის ჩამოწოლა ისევ მოხდეს. ექსპერტი, ასევე, განმარტავს იმ მიზეზებს, რასაც შეეძლო სტიქია გამოეწვია:
„ნენსკრას ხეობისთვის მსგავსი ტიპის წყალდიდობა არც ერთ უხუცესს არ ახსოვს, საკმაოდ დიდი წყალი მოვიდა და დიდი პრობლემების წინაშე დავდექით.
სავარაუდოა, რომ ეს მოხდა მდინარე ნენსკრას ერთ-ერთი შენაკადის გამო, რომელიც სათავეს იღებს მყინვარიდან. გახსოვთ, რომ წინა დღეები საკმაოდ ცხელი იყო და მყინვარის ინტენსიური დნობის შედეგად შესაძლებელია, რომ მყინვარს მოწყდა რაღაც, ჩავარდა წყალში და მერე ამას დაემატა ინტენსიური წვიმა. ამ ორი მოვლენის დამთხვევამ, სავარაუდოდ, გამოიწვია ის, რომ ნენსკრას შენაკადის სათავეში მეწყერი ჩამოწვა, რაღაც გადაიკეტა და წყლის ძალიან დიდი მასის დაგროვება მოხდა.
ვარაუდი, რომ ისევ მოხდება მეწყერის ჩამოწოლა, რეალურია და აუცილებელია, მოსახლეობის უსაფრთხოება იყოს გარანტირებული. ვიცი, რომ სპეციალისტების დიდი ჯგუფია წასული ადგილზე. რამდენად მოახერხებენ შენაკადების ხეობებში შევიდნენ, არ ვიცი. ძალიან რთულად მისადგომია, ამას სპეციალური ვერტმფრენები სჭირდება, გვაქვს თუ არა ამის შესაძლებლობა, უცნობია. კარგია, რომ მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო" - განაცხადა გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე ჩხობაძემ.
ჩხობაძე მიიჩნევს, რომ სტიქიის გამომწვევი მიზეზი ნენსკრა ჰესის მშენებლობა ვერ იქნებოდა:
"ნენსკრა ჰესის მშენებლობა იმ ფაზაზე არ იყო, რომ დატბორვა დაწყებულიყო ან რამე საფრთხე შეექმნა. ახლა ნენსკრა ჰესს არ შეეძლო, რომ სტიქიაზე ზემოქმედება მოეხდინა, თუმცა ნენსკრა ჰესის მშენებარე კომპანიას არაერთხელ მიეცა საკმაოდ მკაცრი რეკომენდაცია, რომ მათი გეოლოგია ბოლომდე გამოკვლეული არ არის. ახლა უკვე თავიდან არის მთელი გეოლოგია გასაკეთებელი, რისკებიც თავიდან იქნება შესაფასებელი" - განაცხადა ჩხობაძემ.
გუშინ, უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდების დაზიანება გამოიწვია.
სტიქიამ საცხოვრებელი სახლები წალეკა. წაღებულია ექვსი ხიდი. მთელი დღის განმავლობაში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობდა. ადგილზე ამ დროისთვისაც უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ სამაშველო სამსახურის ბრიგადები.