გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მერაბ გაფრინდაშვილის განცხადებით, პირველადი დასკვნის მიხედვით, მსგავსი მასშტაბის სტიქიის გამეორება გამორიცხულია.
“ვითარება შევისწავლეთ და დავადგინეთ, რომ ადგილზე სიტუაცია 4 ივლისს გართულდა. მდინარე ნენსკრას ხეობაში და 40-ზე მეტ შენაკადში, ადგილი ჰქონდა გეოლოგიურ და ჰიდროლოგიური პროცესების თანხვედრას. მყინვარის ნაწილობრივი დნობას თან დაერთო უხვი ატმოსფერული ნალექები. ადგილი ჰქონდა წყალმოვარდნებს, ღვარცოფულ პროცესებს, ეს იყო კომპლექსური. ამ ეტაპზე სტიქიის პიკი გავლილია, გარკვეული გართულებები მოსალოდნელია, მაგრამ არა იმ მასშტაბის რაც იყო. ვიყავით ხეობაში, ვნახეთ ადგილები და მივედით დასკვნამდე რომ ასეთი მასშტაბის სტიქია აღარ განმეორდება. ახლა მიმდინარეობს ტექნიკის ადგილზე შემოსვლა, რთულ უბნებზე პრევენციული ღონისძიებები ხორციელდება”, – აცხადებს მერაბ გაფრინდაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელთან.
გუშინ, უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდების დაზიანება გამოიწვია.
სტიქიამ საცხოვრებელი სახლები წალეკა. წაღებულია ექვსი ხიდი. მთელი დღის განმავლობაში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობდა. ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ სამაშველო სამსახურის ბრიგადები.