ვნახეთ, მარგველაშვილი რამდენად უსუსური იყო, როგორც პრეზიდენტი - ნინო ბურჯანაძე უსუფაშვილის ღია წერილს პასუხობს

17:00 07-06-2018
121

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე "შენების მოძრაობის" ლიდერის, დავით უსუფაშვილის ღია წერილს გამოეხმაურა. 

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ახლა, წინასაარჩევნო პერიოდში, ყველა პოლიტიკოსი იყოს ისეთი ადეკვატური, როგორც არასდროს. ქვეყანა იქცევა თუ არ იქცევა, ამაზე მე უკვე წლებია განცხადებას ვაკეთებ და უსუფაშვილს ახალი არაფერი უთქვამს. ვიდრე არ დამთავრდება ხელოვნური ნიშნით პოლიტიკოსების დაყოფა, ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არაფერი ეშველება.

მე ასე დავყოფდი: პოლიტიკური ძალები, რომლებსაც დანაშაული აქვთ ჩადენილი და პოლიტიკური ძალები, რომლებსაც დანაშაული არ აქვთ ჩადენილი. თურმე, რუსეთი გვანგრევს... რუსეთი კი არა, ჩვენ ვანგრევთ ჩვენს ქვეყანას მუდმივი შეუთანხმებლობით, მუდმივად ერთმანეთის გაჯიბრებით, აჩემებით, აკვიატებით და თუ რუსეთი ან სხვა სახელმწიფო ამით ისარგებლებს, ამას სხვას კი ნუ დავაბრალებთ, ჩვენს თავს დავაბრალოთ.

პრეზიდენტს შანსი აქვს თავისი ავტორიტეტი ცოტათი მაინც გაზარდოს, თუკი ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატს წარადგენს. 

მე არ მგონია, რომ დღეს მარგველაშვილი იყოს ის ფიგურა, რომელიც შეძლებს საზოგადოების კონსოლიდაციას. ჩვენ უკვე ვნახეთ ის რამდენად უსუსური იყო, როგორც პრეზიდენტი. როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ქვეყანა ინგრევა და საფრთხის წინაშე ვდგავართ, არ შეიძლება ქვეყნის მთავარსარდალი იყოს ადამიანი, რომელმაც ვერ შეძლო ვერც ერთ პრინციპულ საკითხში შეწინააღმდეგებოდა ერთ თავგასულ მილიარდელს, თუ რა თქმა უნდა, სასახლეში დანარჩენის საკითხს არ ჩავთვლით. 

ქვეყანა ჯერ კიდევ მაშინ დაინგრა, როდესაც მისი სახით ივანიშვილმა მოსახლეობა დააშანტაჟა, თუ 62% ხმას არ მისცემს გიორგი მარგველაშვილს, არ დაგეხმარებითო, სახელმწიფო მაშინ ჩამოიშალა, როდესაც საზოგადოებამაც და პოლიტიკოსებმაც დაუშვეს, რომ ჩვენი ქვეყნის ბატონ-პატრონი ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი, მხოლოდ იმიტომ, რომ მას ბევრი მილიარდი აქვს. ჩვენი სახელმწიფო ჩამოიშალა მაშინ, როდესაც ყველა ძალაუფლების შტო ამ მილიარდელ კაცს ჩაუდეს ჯიბეში. როდესაც 21-ე საუკუნეში ჩვენ ვიმართებით ფეოდალიზმის ცუდი პრინციპებით, თავი ნუ მოგვაქვს, რომ ცივილიზაციის მწვერვალზე ვართ და სუპერ ევროპელები ვართ. რომელი ევროპული ერი აიტანდა, რომ ქვეყანა და ხალხი თავგასულ მილიარდელს ემართა, თავის ხასიათზე დაენიშნა და მოეხსნა პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტად დაესვა ადამიანი რომელსაც არავინ იცნობდა?! ძალიან დიდი ბოდიში, ევროპელები და მაგრები ვიქნებით, მაშინ როდესაც ამას არ შევეგუებით და სახელმწიფოს ავაშენებთ" - განაცხადა ბურჯანაძემ.

ყოფილმა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ღია წერილით მიმართა და სთხოვა, რომ მასთან ერთად იბრძოლოს მომავლისთვის. ასევე, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

ავტორი: