ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი
სასულიერო სემინარია-აკადემიის კურსდამთავრებულთა ნაწილი, რომელიც აქტიურად უპირისპირდება საპატრიარქოს მენეჯმენტს, არასამთავრობო ორგანიზაციას ქმნის. „რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია“ – ასეთია ორგანიზაციის სახელწოდება. რა მიზანს ისახავს ეს ორგანიზაცია და შეიქმნა თუ არა ის საპატრიარქოსთან სტრუქტურირებული დაპირისპირების მიზნით? ამის გარკვევა ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანთან, თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილთან ვცადეთ.
– გიორგი, როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, თქვენ დააფუძნეთ არასამთავრობო ორგანიზაცია „რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია“. რა პროფილი და დანიშნულება ექნება თქვენს საქმიანობას?
– უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ „რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის“ დაარსების იდეა თეოლოგთა ვიწრო წრეში, კერძოდ კი, ჩემს სამეგობროში წარმოიშვა. რამდენიმე ახლობელმა ადამიანმა, რომელთაც ერთმანეთისადმი ნდობის, ქრისტესმიერი სიყვარულისა და პატივისცემის მაღალი ხარისხი გაგვაჩნია, გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა კომპაქტური ჯგუფი, რომელიც ღია დისკუსიას, ანალიზს, ობიექტურობას, კვალიფიციურ, არგუმენტირებულ და კომპეტენტურ კრიტიკას შესთავაზებდა საზოგადოებას. შესაბამისად, სამოღვაწეო მიზნები და ამოცანები სავსებით წრფელი, პრობლემათა პრევენციაზე ორიენტირებული, თანამედროვე გამოწვევებისადმი ადეკვატური და პოლიტიკურად არაანგაჟირებული გვაქვს. ჩვენ არ გაგვაჩნია გარე მდგენელი, კონიუნქტურული დამკვეთი, ან დირექტივების მომცემი ზემდგომი და გამბედაობასაც სწორედ თავისუფლების ამგვარი გააზრება გვძენს. ჩვენს ორგანიზაციას აინტერესებს ყველა რელიგიის, კონფესიისა თუ დენომინაციის საქმიანობა საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ, თუმცა ძირითადი აქცენტი კონცენტრირებული იქნება მართლმადიდებელ ეკლესიაზე, მის მოწოდებასა და მისიაზე სამყაროში თუ ლოკალურად ჩვენს ქვეყანაში. მალე ოფიციალურად დავრეგისტრირდებით, გვექნება დებულება, ეკლესიის კრიზისიდან გამოყვანის კონცეფცია, შინა განაწესი, საიტი, ლოგო და ოფისი. აქვე დავსძენ, რომ გერმანიაში სასწავლებლად წასული თეოლოგი (მაგისტრანტი) ზვიად ცაბაძე თავმჯდომარედ ავირჩიეთ, ხოლო მე აღმასრულებელი მდივანი ვიქნები.
– აპირებთ თუ არა თანამშრომლობას საქართველოს საპატრიარქოსთან, რომელსაც ხშირად აკრიტიკებთ?
– ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის, თუმცა ამ ფორმაციის ადმინისტრაციასთან, სისტემის მენეჯმენტთან და რეჟიმის შემქმნელ ცალკეულ პირებთან, რომელთაც დესტრუქციული და ანტაგონისტური დამოკიდებულება აქვთ განსხვავებული აზრის მიმართ, ალბათ, ძალზე გაჭირდება კომუნიკაცია. ასეთ ვითარებაში ჩვენი მიზანი იქნება კანონიკური სამართლისა და წმინდა წერილის შუქზე მრევლამდე და თანამოქალაქეებამდე მივიტანოთ ჭეშმარიტი, არაიდეოლოგიზებული და არატენდენციური სიმართლე, რასაც აკადემიური გზითა და მედიასივრცეში აქტიური მეცადინეობით ვაპირებთ.
– იქნებიან თუ არა სასულიერო პირები თქვენს ორგანიზაციაში?
– არა, რადგან შექმნილი ცენზურა და თითოეულ მათგანზე არსებული ზემდგომთა უფლებები გარკვეულ უხერხულობასა და შეზღუდვას გამოიწვევს, რაც საქმეს დადებითად არ წაადგება და დაგვაზიანებს. ჩვენ პატივს ვცემთ სასულიერო პირებს, მათთან ვამბობთ აღსარებას და მათი ხელიდან ვიღებთ ზიარებას, გვიყვარს და გვეიმედება ბევრი მათგანი, გვაქვს კონტაქტები და პერიოდულად არ გამოვრიცხავთ ურთიერთკონსულტაციებსაც საჯარო თუ კონფიდენციალურ სივრცეში, თუმცა დეკლარირებულად სამსახურებრივ თანამშრომლობას ამ ეტაპზე მათთან არ ვაპირებთ, მეტადრე ორივე მხარის უსაფრთხოებიდან და ამჟამინდელი სიტუაციიდან გამომდინარე.
– და რა არის თქვენი უმთავრესი პრიორიტეტი?
– უმთავრესი და უძირითადესი ფუნდამენტი არის განათლება და ზნეობა, რაც დამყარებული უნდა იყოს სახარებისეულ ჰუმანიზმზე, კეთილშობილებაზე, სამართლიანობასა და კანონიერებაზე და არა მორალიზმზე, ფანატიზმსა თუ ცრუ რიგორიზმზე, სადაც საღვთო სიყვარულის ნაცვლად მხოლოდ უბირი სიხისტეა ხოლმე. ჩვენი მიზანია ჩვენივე სპეციალობის ფარგლებში ვაწარმოოთ ერთგვარი მონიტორინგი ეკლესიოლოგიურ თუ დოგმატურ სფეროში, დასაბუთებულად ვამხილოთ რამდენიმე მეტად აგრესიული ერესი, რომელიც გაბატონებულია ჩვენში. აგრეთვე, ვერ შევეგუებით ათეიზმამდე დასულ ულტრასეკულარიზმსა და ნეოლიბერალურ ტრენდს. ყოველთვის ვეცდებით, რომ ოქროს შუალედი და სამეუფეო გზა დავიცვათ, რადგან მიგვაჩნია, რომ რადიკალიზმი დამღუპველია საზოგადოებრივი განვითარებისთვის.