"ქალთა მოძრაობის" ზოგიერთ წარმომადგენელს "სიდას" ხელში ჩაგდება უნდოდა - დიმიტრი გაბუნია

14:20 07-09-2018
87

ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, სავარაუდოდ "ქალთა მოძრაობის" ზოგიერთ წარმომადგენელს ორგანიზაცია "სიდას" ხელში ჩაგდება უნდოდა და ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ აგორებული კამპანიაც სწორედ ამას ემსახურებოდა. 

"არსებობს მთელი რიგი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ორგანიზაცია "სიდას" ხელში ჩასაგდებად ყოფილიყო ის ყველაფერი, რაც ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ მოხდა. საკმაოდ მაღალი დაფინანსება ჰქონდა მას, 3 მილიონს მიაღწია ორგანიზაციის ბიუჯეტმა და ჩვენ წარვადგენთ მასალებს, სადაც ჩანს, თუ როგორ დაიგეგმა ეს ყველაფერი. მათ შორის "ქალთა მოძრაობიდან" რამდენიმე მოპასუხე აქტიურობდა. ამის კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს", - განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, ადვოკატმა დღეს სახალხო დამცველის აპარატში წარადგინა მასალები, რომელიც, მისი თქმით, დევდარიანის საქმის ერთ-ერთი მოწმის ჩვენების უკუგებაა. 

ადვოკატის განცხადებით, ზვიად დევდარიანს მოუწყვეს "ფეისბუქ“ სასამართლო. ადვოკატი ყველა მხარეს მოუწოდებს, ცილისმწამებლური კამპანია შეწყვიტონ.

დიმიტრი გაბუნია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, დავით ასათიანს მოუწოდებს, ჩაერთოს ამ საქმეში და დაიცვას მისი, როგორც უფლებადამცველის უფლებები.