რაიან და ლორა სმიტები, რომლებიც ხადას ხეობაში სასტიკად მოკლეს საქართველოში საცხოვრებლად კალიფორნიიდან 2011 წელს გადმოვიდნენ. მათ საქართველოს მოქალაქეობა 2012 წელს მიიღეს.
რაიან და ლორა სმიტებს 4 წლის ბიჭი ჰყავდათ, რომელიც ხადას ხეობაში მშობლებთან ერთად მოკლეს.
მეგობრები ყვებიან რომ სმიტების ოჯახმა საქართველოში ცხოვრება გადაწყვიტა, რადგან ამ ქვეყანზე იყვნენ შეყვარებულები.
როგორც ფოტოგრაფი გოგო ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს, რაინის დიდი სურვილი იყო, მარნეულში საბავშვო სკვერი მოწყობილიყო.
მან პროექტიც კი შექმნა და წარადგინა. საქმე ადგილიდან ჯერ არ დაძრულა. მე ძალიან გამიხარდება, თუ მარნეულის მუნიციპალიტეტი რაიანის იდეას ახლა მაინც განახორციელებს, გააშენებს საბავშვო სკვერს და სმიტების სახელობის პარკს უწოდებს - წერს გოგო ჩანადირი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 6 ივლისს 112-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.
პოლიციელებმა და მაშველებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს სამძებრო სამუშაოები და შეტყობინებაში მითითებული ადგილები დაათვალიერეს. სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგულების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს.
იმავე დღეს, სამართალდამცველების და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველების ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ლ.ს. ხევში, ჩანჩქერის პირას, გარდაცვლილი იპოვეს, რომელსაც პირველადი დათვალიერების შედეგად ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. ხოლო, შემდგომი სამძებრო სამუშაოების შედეგად, 7 ივლისს, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე 1975 წელს დაბადებული რ.ს.-ს ცხედარი აღმოაჩინეს.
თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.
გატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელმაც აღიარა ჩადენილი დანაშაული.