როდის დაბრუნდება „პრემიერი“ სერიალში - „სასიკვდილოდ დამჭრეს, სპიცი მქონდა ფილტვში გაყრილი...“ - exclusive

10:26 07-16-2018
1311

დააბრუნეთ ძველი პრემიერი - ეს ის ფრაზაა, რომელსაც ხშირად შეხვდებით სერიალის „ჩემი ცოლის დაქალები“ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე. იმის გამო რომ სერიალი გრძელვადიანია, ასეთ ცვლილებებს ვერ გავექცევითო, აღნიშნა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას სერიალის პროდიუსერმა, ირაკლი საღინაძემ. გოჩა ცომაიას ჩანაცვლება სხვა მსახიობით კი „პრემიერის“ ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება. როგორც ინტერვიუდან შევიტყვეთ, ბატონი გოჩა სექტემბრიდან კვლავ დაუბრუნდება „დაკავებულ თანამდებობას“. მანამდე კი ჩვენ შევეცდებით უფრო ახლოს გაგაცნოთ პრემიერის როლის შემსრულებელი, პროფესიით მხატვარი, გოჩა ცომაია.

ინტერვიუ რესტორნის „მეფეთუბანი“ ვერანდაზე შედგა.

- დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა თქვენს გაუჩინარებას სერილიდან. რა შეგემთხვათ?

- მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო. ბოლო ორი გადაღება ვერ ვიყავი კარგად, თაბრუსხვევები მქონდა. დამჭირდა გამოკვლევები. ჩემმა მეგობარმა ექიმებმა მირჩიეს ცოტა ხნით შემესვენა. ამის შესახებ თავად ვაცნობე სერიალის გადამღებ ჯგუფს დროულად. ასე მარტივი არაა მსახიობის ჩანაცვლება. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ჯგუფს იმისთვის, რომ მომცეს საშუალება ვყოფილიყავი მათი ოჯახის წევრი და ბოდიში იმისთვის, რომ გაუთვალისწინებელი პრობლემა შემექმნა.

- თქვენს შემცვლელს, მაყურებლის უმეტესობა აკრიტიკებს, ეს ალბათ უხერხულობას გიქმნით...

- ნამდვილად. ეს კრიტიკა კი არა, ლანძღვაა და ძალიან საწყენია. ბატონი ვახტანგი ნიჭიერი ადამიანია, პროფესიონალი თავისი საქმის. პირადად არ ვიცნობ, მაგრამ თეატრის მსახიობია და დარწმუნებული ვარ გაცილებით უკეთ გაართმევს თავს. მინდა ვიცნობდე, ხელი ჩამოვართვა და მეგობრობა შევთავაზო. მეც მქონდა შეცდომები, ხშირად არ მომწონებია ჩემი თავი. ამ სერიალის მსახიობებმა ბევრი რამ მასწავლეს. დიდი გამოცდილება იყო ეს ჩემთვის. მე პროფესიით მხატვარი გახლავართ და თუ კი ვინმეს მოეწონა ჩემი თამაში, დიდი მადლობა ამისთვის.

- მაგრამ ეს არ არის თქვენი პირველი სერიალი. მანამდე არაერთ ფილმსა თუ სერიალში შეგიქმნიათ გმირები...

- ხელოვნებით ძალიან პატარა ასაკში მოვიწამლე, სკოლაში. ძალიან ნიჭიერი კლასელები მყავდა, ვდგამდით სკეჩებს, ვმღეროდით. მაშინ ტოტო კუტუნიო იყო მოდაში, მე რატომღაც მიმამსგავსეს და იტალიურ სიმღერებს მამღერებდნენ. ჩემი კლასელი იყო ნინო სალუქვაძე, რომელიც „მის საქართველო“ გახლდათ.  გამიმართლა და პატარა ასაკში, ქალბატონ ელენე ყიფშიძესთან ვითამაშე მიუზიკლში „ქეთო და კოტე“. ეს იყო 90 წლები და იმ დროს როცა ხალხს შიოდა, გარეთ ისროდნენ, ხალხი ფილარმონიაში დადიოდა ჩვენ სპექტაკლებზე. შემდეგ იყო სერიალი „ყავა და ლუდი“, სადაც ჩემმა მეგობარმა, მანანა ორბელიანმა მიმიწვია. დაახლოვებით 11 სერია ვითამაშე ამ სერიალში. დიდი მსახიობებთან მომიწია თამაში, როგორიცაა რეზო ჩხიკვიშვილი, მიშა გომიაშვილი, ჟანრი ლოლაშვილი. ამას მოჰყვა სერიალი „ჟამი ყვავილობისა“, „ტიფლისი“, „დეტექტივები“, „მზარეულები“. ერთ-ერთ სერიალში შემთხვევით დავიჭერი კიდეც. ორლულიანი თოფის დენთი მომხვდა. სეროზული ზიანი არ მიმიღია, მაგრამ პროფესიული ტრავმა კი იყო (იღიმება).

- ბატონო, „პრემიერო“, პოლიტიკასთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

- მე და პოლიტიკა აბსოლიტრად სხვა და სხვა სამყარო ვართ. არც მესმოდა არასდროს, ტელევიზორშიც კი არ ვუყურებ.

- თქვენს პერსონაჟს რომელიმე პრემიერს მიამსგავსებთ?

- ვერა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არცერთს არ ვიცნობ. რაც შეეხება ჩემს პერსონაჟს, მე მომწონს თავისი თვისებებით, აფეთქებებით. ასეთი პრემიერი სიამოვნებით ვიქნებოდი რეალურ ცხოვრებაშიც.

- სერიალში კვლავ დაბრუნდებით, როგორც ვიცი...

- მე ყველას ვუთხარი, რომ ახალი სეზონისთვის მზად ვარ. ახლა ჯერი მათზეა, მათ უნდა გადაწყვიტონ.

- პრემიერის ოჯახი გამოჩნდა ახლახან სერიალში, თქვენს ნამდვილ ოჯახზე რას გვეტყვით?

-  ჩემი მეუღლე, მაია შავიშვილი პედაგოგი გახლავთ და თუკი რამეს მივაღწიე დღემდე, ყველაფერი მისი დასმახურებაა. ის არის ჩემი მენეჯერიც, პროდიუსერიც, მეგობარიც და საყვარელი ქალიც. ორი ქალიშვილი მყავს და ორი შვილიშვილი, ორივე გოგოსგან. 5 წელია უკვე ბაბუა ვარ. მაიას ჰყავს კიდევ შვილი, რომელი ჩემ თვალწინ გაიზარდა და პატარა წვლილი მეც მაქვს მის აღზრდაში.

- რისი ატანა უწევს თქვენს მეუღლეს, ხასიათის რომელ თვისებას გამოარჩევთ ამ მხრივ?

- ხშირად ვარ თამადა და ძალიან მიყვარს ლექსები. კარგად აღვიქვამ სილამაზეს და სუფრასთან მსხდომ ქალბატონებს ვუძღვნი ხოლმე ლექსებს, ქათინაურებიც მჩვევია ბახუსში. აი ამის ატანა უწევს (იცინის). რომ ვთვრები ძალიან მოსიყვარულე ვარ, ყველა მიყვარს. მაგრამ მთელმა თბილისმა იცის, რომ მექალთანე არ ვარ.

- პირად საუბარში მითხარით, ქუჩაში გავიზარდეო, რატომ მოხდა ასე?

- იყო პერიოდი გარკვეულ ასაკში ხმამაღლა ამბობდა ამას ხალხი და ამით იწონებდა თავს. მე ამის ყოველთვის მერიდებოდა. უბრალოდ ასე მომიწია, მშობლები ადრე გარდამეცვალა და... მაგრამ კარგიც ჰქონდა ამას. დღეს პრეტენზია მაქვს კაი კაცობაზე. ქალაქელი ვარ, ჩემი ქუჩა ჩემი თბილისია. ჩემი ქალაქი, მეგობრები და ძმაკაცები მიყვარს. მაგრამ როცა დავინახე იმ ქუჩაში, რომ ბევრმა ქალაქი დაივიწყა, წამალს, იარაღს მოკიდა ხელი და საშინელებები აკეთა, გამყოფი კედელი ავაშენე. დიდი ცდუნება იყო, ნარკოტიკი, სასმელი, იარაღი. ერთ-ერთ ჩხუბში სასიკვდილოდ დავიჭერი, სპიცი მქონდა ფილტვში გაყრილი. საბედნიეროდ გადავრჩი, სწორი გზა ავირჩიე.

- გოგოს გამო გიჩხუბიათ?

- კი, მიჩხუბია კიდეც და სერენადებიც მიმღერია ფანჯრებთან. ერთხელ მეხუთე სართულზე ყვავილებით ფანჯრიდან მივადექი გოგოს, მანქანით, რომელიც ქუჩის განათების ნათურებს ცვლიდა. თან სიმაღლის მეშინია. მივუახლოვდი ფანჯარას და ღიმილი სახეზე შემაშრა. მამამისი დამხვდა. ჩემ ბავშვობაში ყველა ლამაზი გოგოს მამა დიდი იყო და არცერთს არ ჰქონდა კისერი (იცინის) ... მომკიდა ხელი და ამ ჩემი ყვავილებიანად დამდგა სახლში. სხვათა შორის კარგად დამთავრდა ყველაფერი, სუფრასთან მოვხვდი და ლექსებიც ვთქვი, მაგრამ ყანწი საბედისწერო აღმოჩნდა.

- დასასრულ, რას ეტყვით თქვენს შემცვველს, ბატონ ვახტანგს?

-  როცა პერსონაჟს ქმნი, გაცილებით მარტივია. მაგრამ როცა უკვე შექმნილს ანსახიერებ, მეტად რთულია. კარგი გადასვლა იყო და მადლობა მას ამისთვის. ძვირფასია ეს პერსონაჟი  და ვგულშემატკივრობ.

- წეღან იხუმრეთ, ჩემი გმირები სულ კვდებიან სერიალებში და ფილმებშიო...

- კი. მე მკვდარს ვთამაშობ ძალიან კარგად (იცინის). ჩემი მეგობრებიც მეხუმრებიან ამის გამო. შენსავით კვდრის თამაში ვერავის გამოსდისო.

- მიხარია, რომ პრემიერი არ მომკვდარა სერიალში, დროებით შვებულებაშია და გელოდებით ეკრანზე...

- დიდი მადლობა.

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი