დღეს გამთენიისას, მიდნელის შახტაში საწარმოო აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4, ხოლო 4 მეშახტე დამწვრობით, საავადმყოფოშია გადაყვანილი.
2018 წელს პროფესიული კავშირების გაერთიანების მონაცემებით, სამუშაო ადგილებზე საწარმოო ტრავმების შედეგად გარდაიცვალა 29 და მძიმედ დაშავდა 24 ადამიანი. აქედან შახტებში გარდაცვლილია 11, ხოლო მძიმედ დაშავებულია 10 ადამიანი. კარიერებზე გარდაიცვალა 3, მძიმედ დაშავდა 2 ადამიანი.
ტყიბულის მინდელის სახელობის მაღარო საქნახშირს ეკუთვნის, რომელიც საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანიაა.
ქვანახშირის მომპოვებელი სამთო საწარმო ტყიბულში 50-იანი წლებიდან ფუნქციონირებს და რამდენიმე შახტისგან შედგება. შახტები, თავის მხრივ, უბნებადაა დაყოფილი.
რაც შეეხება მინდელის სახელობის შახტას, იგი 1973 წელს დაარსა ადგილობრივმა წარმატებულმა მეშახტემ, რომლის დამსახურების გამო უბანს მისი სახელი უწოდეს. სხვათა შორის, ალექსანდრე მინდელი დღესაც ცოცხალია და, ასაკის მიუხედავად, თავს კარგად გრძნობს. 2006 წლამდე ტყიბულის მაღარო სრული დატვირთვით მუშაობდა. რამდენიმე წელია, უბნების მფლობელი „ინდუსტრიული ჯგუფი“ გახდა, რის შემდეგაც ტყიბულში რამდენიმე უბანი მუშაობს. საერთო ჯამში, აქ ათასამდე მეშახტე და ადმინისტრაციის 100-მდე თანამშრომელია დასაქმებული.