პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თვლის, რომ საქართველოში შრომის უსაფრთხოების სტანდარტები ევროპულ ნორმებს არ შეესაბამება, თუმცა ხელისუფლება 1 აგვისტოდან ამის გამოსწორებას ეცდება.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლებიც დაინტერესდნენ, ეთანხმება თუ არა პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, რომელიც ყოფილ პრემიერს შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული ცვლილების ჩაგდებაში ადანაშაულებს.
"ჩვენ გვჭირდება შრომის დაცვის მაღალი სტანდარტები. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, ეს უნდა ეხებოდეს ყველა სფეროს. ადამიანის უფლებებით დაწყებული, მომხმარებელთა უფლებებით დამთავრებული, განვაცხადე ეს პარლამენტშიც და მათ შორის, რა თქმა უნდა, შრომის პირობები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს სტანდარტი აუცილებლად უნდა დავამკვიდროთ საქართველოში და 1 აგვისტოდან შესაბამისი სამინისტრო იწყებს ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას, რომელიც იმედს მაძლევს, რომ საქართველოში ეს სტანდარტი დამკვიდრდება. რაც შეეხება შრომის დაცვის სტანდარტებს, უნდა გვქონდეს მოთხოვნა, რომ დავაკმაყოფილოთ, როგორც ევროპული სტანდარტი. ეს ბევრ საწარმოში, ჩემზე კარგად იცით, არ იყო. ასე არ შეიძლება გაგრძელდეს.
როდესაც ადამიანის სიცოცხლეზე ვსაუბრობთ, ამაზე მაღლა არ დგას არაფერი. რა თქმა უნდა, არ გვაქვს ილუზია, რომ ერთ დღეში შეიძლება შევცვალოთ ის ძალიან მძიმე სტატუსკვო, რაც წლების განმავლობაში დაგროვდა, მაგრამ ამის დაწყება და პრინციპული გატარება მნიშვნელოვანია და ამას ევროპული დონორების მეშვეობით შევძლებთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, დღეს, ტყიბულში, მინდელის შახტში აფეთქებისას 4 მეშახტე გარდაიცვალა, ხოლო 6 დაშავდა.