მმართველი გუნდის წევრი და "ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს საკანონმდებლო ორგანოს დაკნინების მცდელობაში ადანაშაულებს. ნაცვლიშვილი ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კობახიძემ შრომით უსაფრთხოებაზე ისაუბრა და ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გააკრიტიკა.
„ეგ არის პარლამენტის დაკნინება. პარლამენტის თავმჯდომარე რომ ამბობს, უმრავლესობას ჰქონდა სწორი პოზიცია და არ აკეთებდაო, ძალიან ისეთი რაღაცაა. მე არ ვიცი, რას გულისხმობდა ამ შემთხვევაში, მაგრამ პარლამენტის სტატუსიდან გამომდინარე, თუ არ აკეთებდა, მაშინ ეს საკითხი უფრო აქტუალურად უნდა დამდგარიყო დღის წესრიგში, რომ მას ეს შეესრულებინა. ახლა, ამ შემთხვევაში რიგით დეპუტატზე ხომ არ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ უმრავლესობაზე და პარლამენტის თავმჯდომარეზე. არ ვიცი, რისგან არის ეს გამოწვეული, რატომ გაკეთდა ეს განცხადება, მაგრამ თუ რამე არ მოგწონს, ისე უნდა გააკეთო, რომ ეს რაღაცა შეიცვალოს,“ - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
მინდელის შახტაში მომხდარ ტრაგედიას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა. როგორც კობახიძემ განაცხადა, შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობას ყოველთვის სწორი პოზიცია ჰქონდა, მაგრამ მაშინდელი სამთავრობო ხელმძღვანელობამ სწორი ზომების მიღებისა და სათანადო ცვლილებების განხორციელების საშუალება არ მისცა.