„ძალიან მაგარი ამბავი! ვინც იცით რა არის Boiler room, მინდა გითხრათ, რომ პირველად გაჟღერდა ქართული ხალხური სიმღერა „ლაშარის“ შესრულებით ამ ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ პლათფორმაზე მსოფლიოში. ეს არის ჩვენი ქვეყნის და ქართული ხალხური სიმღერის ძალიან დიდი პოპულარიზაცია“. - წერს გიორგი უშიკიშვილი სოციალურ ქსელში.
ჩვენ გიორგის დავუკავშირდით.
- გიორგი, გვითხარი, რა მნიშვნელობა აქვს Boiler room - ზე ქართული ხალხური სიმღერის მოხვედრას.
- ეს გახლავთ მსოფლიოში ძალიან პოპულარული, თანამედროვე მუსიკალური საიტი, პლატფორმა სადაც დიდი ხნის განმავლობაში ძირითადად ელექტრონული მუსიკის პოპულარიზაცია ხდებოდა. როგორც ჩანს, სხვა ჟანრითაც დაინტერესდნენ. მინდა გითხრათ, რომ პირველად მოხვდა ამ საიტზე ქართული სიმღერა.
- როგორ გიპოვნეს?
- ამ პლატფორმის წარმომადგენლები ორ ხერხს მიმართავენ, ხან თავისთან იწვევენ ამა თუ იმ მუსიკალურ ჯგუფსა თუ შემსრულებელს და ხან თავად ჩადიან სხვადასხვა ქვეყანაში და იღებენ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანს, საამაყოს.
- თქვენს შემთხვევაში როგორ მოხდა?
- ეს ადამიანები ჩამოსულები იყვნენ საქართველოში. ერთ-ერთი წარმომადგენელი ყოფილა კლუბში „ბასიანი“. მას წლების წინ მოსმენილი ჰქონდა ჩვენი საგანძური „წინწყარო“. იქ უკითხავს სად შეიძლება მოვისმინო ეს სიმღერაო. დამიკავშირდნენ მე და ერთობლივად გადავიღეთ ის ვიდეო, რომელიც მათ საიტზე დაიდო. ყველაზე მეტად მახარებს ის ფაქტი, რომ ამ საიტს ძირითადად ახალგაზრდები სწყალობენ. ეს არის ქართული ხალხური სიმღერის და მრავალწლიანი კულტურის პოპულარიზაცია.
ვიდეო იხილეთ ლინკზე - https://fourthree.boilerroom.tv/film/lashari-georgian-choir-live-recording