"უკან უნდა გაჰყვე და თანამდებობიდან გადადგე..." - დავით ჭიჭინაძე ირაკლი კობახიძეზე

13:22 07-17-2018
106

თუკი პარლამენტის თავმჯდომარე აღიარებს, რომ მან ისეთი კომპრომისები დაუშვა, რის გამოც ხალხია დახოცილი, მხოლოდ აღიარება საკმარისი არ არის - ეს წასულ კაცს კი არ უნდა მიაძახო, შენც უკან უნდა გაჰყვე და თანამდებობიდან გადადგე, - აღნიშნული განცხადებით “ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ტყიბულის შახტაში მომხდარ ტრაგედიასთან და შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებს გამოეხმაურა. 

როგორც დეპუტატმა “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტა, თავის დროზე, როცა უმრავლესობის ფორმატში, შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით კანონის მიღებაზე მსჯელობდნენ, სწორედ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ და ფრაქცია “ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა მამუკა მდინარემ თქვეს, რომ “პარლამენტს რომ ასეთი კანონი მიეღო ინვესტორების ინტერესები დაირღვეოდა და ქვეყანა ეკონომიკურად არამიმზიდველი გახდებოდა“. 

“როგორც გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, თავის დროზე უმრავლესობა კომპრომისზე წავიდა. მათ, ვინც გუშინ გამოდიოდა და წინა მთავრობას ადანაშაულებდა, გავახსენებ, რომ ჩვენ გვქონდა უმრავლესობის სხდომა, რომელზეც გამოვედით მე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ლევან კობერიძე და ხაზგასმით განვაცხადეთ, რომ ქვეყანაში ასეთი უმსაგავსობა უნდა დამთავრდეს. მაშინ სწორედ პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი და ფრაქციის თავმჯდომარე გამოდიოდნენ, ვითომ გვეთანხმებოდნენ, მაგრამ იძახდნენ, რომ ამგვარი კანონის მიღება ქვეყანაში ბიზნესგარემოს გააურესებდა და ქვეყანას ინვესტირებისთვის არამიმზიდველს გახდიდა. საკმაოდ გასაოცარი იყო ის, რაც გუშინ მოვისმინე. როდესაც ითქვა, რომ ჩვენ კომპრომისზე წავედით, გამოდის რომ მთელი ჩვენი - “ქართული ოცნების“ მოღვაწეობა არის კითხვის ნიშნის ქვეშ დასმული. სწორედ ამას ვაპროტესტებ ამდენი ხანია, რომ ჩვენ კონიუნქტურულად მთავრობებს ვერგებით და არა - ადამიანებს, ვისაც ჩვენ დაპირებებს ვაძლევთ. პარლამენტის თავმჯდომარეს ვურჩევ გაითვალისწინოს, რომ ის არ არის ვიღაცას დაქვემდებარებული ადამიანი. მინდა გაითვალისწინოს, რომ არც ჩვენ, დეპუტატები არ ვართ მინისტრების და მთავრობის ხელქვეითები. შესაბამისად, კომპრომისები ხალხის ხარჯზე არ უნდა ვაკეთოთ. ამ განცხადების შემდეგ თანმდებობიდან პარლამენტის თავმჯდომარე უნდა გადამდგარიყო - თუკი მან ისეთი კომპრომისები დაუშვა, რის გამოც ხალხია დახოცილი. ჩვენ ბევრი სხვა კომპრიმისული კანონი გვაქვს მიღებული, რომელიც ძალიან ხშირად წინ დაგვხვდება, რადგან ადამიანის უფლებები დაცული არ არის. გამოდის, რომ კომპრომისები ხალხის საწინააღმდეგოდ არის გაკეთებული. როდესაც ამას ადამიანი აღიარებს, მხოლოდ აღიარება არ არის საკმარისი - ეს წასულ კაცს კი არ უნდა მიაძახო, შენც უკან უნდა გაჰყვე“, - განაცხადა ჭიჭინაძემ “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას. 

როგორც ირაკლი კობახიძემ გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობას ყოველთვის სწორი პოზიცია ჰქონდა, მაგრამ მაშინდელი სამთავრობო ხელმძღვანელობის “ხისტმა პოზიციამ“ უმრავლესობას სწორი ზომების მიღებისა და სათანადო ცვლილებების განხორციელების საშუალება არ მისცა და ეს სასწრაფო ცვლილებებს საჭიროებს. ამასთან, კობახიძემ ლიბერტარიანული მიდგომების არსებობა გააკრიტიკა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს.