მინდელის სახელობის მაღაროში დაშავებულ ორ მეშახტეს ხელის მტევნების ფუნქციის შენარჩუნებისთვის კანის გადანერგვის ოპერაციებს ჩაუტარებენ. ერთ პაციენტს ოპერაცია ხვალ, ხოლო მეორეს - ზეგ ჩაუტარდება.
„ორი პაციენტის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, მათ მსუბუქი დაზიანებები აქვთ და რამდენიმე დღის შემდეგ ისინი თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდებიან. რაც შეეხება ორ მძიმე პაციენტს, რომლებიც დამწვრობის ცენტრის რეანიმაციაში არიან მოთავსებულები, მათი მდგომარეობა ასევე მძიმედ რჩება. ახლა გადაწყდა, რომ ხვალ ერთ პაციენტს კიდურებზე კანის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდება, ორივე მტევანზე ფუნქციის შენარჩუნების მიზნით, ხოლო მეორე პაციენტისთვის იგივე ოპერაცია ზეგისთვის არის დაგეგმილი“, - განუცხადა ჟურნალისტებს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ.