ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში ერთ-ერთი დაშავებული გივი მიქიაშვილი "პირველ არხთან" საუბარში აცხადებს, რომ შახტში დაბრუნებას აღარ აპირებს.
"ჩემს სამუშაოს ვასრულებდი, როდესაც ყურებში წნევა ვიგრძენი და ხმაური გავიგე. ძირს დამაგდო. ჩემს გვერდით ორი ადამიანი გაითიშა. ფეხზე რომ წამოვდექი, არაფერი ჩანდა. ინტუიციით ვხვდებოდი, საით უნდა წავსულიყავი და სიბნელეში ნელ-ნელა გზა გავიკვლიე. გამოსვლისას დამწვარი გიორგი აბულაძე დავინახე. როგორც კი დამინახა, შემომეხვია, პანიკაში იყო და გადაადგილების საშუალებას არ მაძლევდა. შემდეგ ლაშა ფორჩხიძე ვნახე, რომელიც უკანასკნელ წუთებს ითვლიდა. არ მქონდა საშუალება დავხმარებოდი. ვიფიქრე, ერთ დაშავებულს რომ მივიყვან, მერე უკან მოვბრუნდები და ამასობაში მესამე დამწვარი კაცი დავინახე. გასასვლელი ამოვსებული იყო. მეორე უბნიდან დამეხმარნენ გასასვლელის გათავისუფლებაში. მომხდარის შესახებ მაშინვე ვერ შევატყობინე ადმინისტრაციას, აფეთქების შედეგად ტელეფონები გაითიშა" – განაცხადა დაშავებულმა მეშახტემ.
მიქიაშვილმა არ იცის, რა გახდა ამ შემთხვევის მიზეზი:
„ერთი დანამდვილებით ვიცი, რომ ვინც ვენტილაციაზე პასუხისმგებელი ადამიანი იყო, ის გაზს გაზომავდა, ისე არ დატოვებდა, რადგან ყოფილა შემთხვევა, როცა მას გაუჩერებია უბანი. ვფიქრობ, მუშაობის პროცესში გაზი რომელიმე ბზარიდან შემოვიდა. არ ვაპირებ შახტში დაბრუნებას, რადგან სიცოცხლე მინდა“, – განაცხადა მიქიაშვილმა.
მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევას 16 ივლისს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება მინდელის სახელობის შახტის დახურვის შესახებ. მისი ინფორმაციით, შახტი მუშაობას არ განაახლებს, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.