რუსეთი დაინტერესებულია, საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობები აღდგეს - მარია ზახაროვა

13:14 07-19-2018
96

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ რუსეთი დაინტერესებულია, საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობები აღდგეს.

ამის შესახებ ზახაროვამ "რუსთავი 2"-თან განაცხადა. 

“ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები სრულმასშტაბიანად აღდგეს. ურთიერთობების ნორმალიზების პროგრესი დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ თბილისის პოლიტიკურ ნებასა და რეალიზმზე”, – აცხადებს ზახაროვა. 

საპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს ახსენებს და ამბობს, რომ ურთიერთობების აღდგენა საკითხი სწორედ ამ წითელ ხაზზე გადის.

“სრულფასოვანი ურთიერთობები გადის იმ წითელ ხაზზე , რომელსაც ჰქვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ამიტომ ყველა მათ შორის რუსეთის ფედერაცია ვალდებულია პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს”, – ამბობს ზალკალიანი.