იუსტიციის სამინისტრო ომბუდსმენის აპარატს საჭირო ინფორმაციას არ აწვდის - სახალხო დამცველის ანგარიში

14:15 07-19-2018
149

იუსტიციის სამინისტრო, მინისტრი სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ები ომბუდსმენის აპარატს საქმის შესწავლისათვის საჭირო ინფორმაციას არ აწვდიან. ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში 2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ:

"საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის კუთხით გამოვლენილ დარღვევათა შორის უნდა აღინიშნოს სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა საქართველოს იუსტიციის მინისტრის და იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ. კერძოდ, საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისათვის“ საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე გაეგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ იუსტიციის სახლს, სსიპ საკანონმდებლო მაცნეს, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრს, სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრს, სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივს, სსიპ „სმართ ლოჯიქს“, სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატას და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. აღნიშნული რეკომენდაციის განხილვის შედეგების შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველს მიაწოდა მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ. შესაბამისად, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო საქართველოს იუსტიციის მინისტრი და იუსტიციის სამინისტროს 10 საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი პირი. სასამართლო ყველა მითითებულ შემთხვევაში შენიშვნით შემოიფარგლა", -  ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.