დავით ჭიჭინაძე მიზანმიმართულად ცდილობდა გუნდიდან გასვლას - ირაკლი სესიაშვილი

15:23 07-19-2018
97

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ დავით ჭიჭინაძე მიზანმიმართულად ცდილობდა გუნდიდან გასვლას.

ამის შესახებ ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

„არავის უნდა გაუჩნდეს იმის თუნდაც მცირედი ეჭვი, რომ „ქართულ ოცნებას“ გუნდის შიგნით განსხვავებული აზრის ეშინია. მიმაჩნია, რომ იმ ფონზე, როდესაც საპარლამენტო ოპოზიცია არა არგუმენტებით, არამედ ძირითადად ტყუილზე დაფუძნებული შავი პიარით ცდილობს პოლიტიკურ პაექრობას, გუნდის შიგნით კონკრეტულ საკითხებზე განსხვავებული აზრი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რაც შეეხება დავით ჭიჭინაძეს, ყოველგვარი პირადი დამოკიდებულების გარეშე, ვფიქრობ, რომ მიზანმიმართულად ცდილობდა გუნდიდან გასვლას. რიგ შემთხვევებში მისი საჯარო განცხადებები სცდებოდა ელემენტარულ შიდაპარტიულ დისციპლინას, რაც ყველას მოგვეთხოვება და ისე ჩანდა, რომ ითხოვდა გარიცხვას. მეც მქონია შემთხვევა, როდესაც საერთო გუნდის იმ მცირე ნაწილში მოვხვედრილვარ, რომელსაც გარკვეული გადაწყვეტილება არ მოსწონებია, თუმცა როცა გუნდი იღებს გადაწყვეტილებას, შესაძლოა, უფრო პრაგმატული მიდგომა ჰქონდეს”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე თქმით, დავით ჭიჭინაძე აკეთებდა ისეთ განცხადებებს, თითქოს მისი სიმართლე იყო ჭეშმარიტება და დანარჩენი გუნდი არასწორ გზაზე იდგა.