ტყიბულში, გამგეობის შენობის წინ მცირე დაპირისპირება მოხდა.
მაჟორიტარ დეპუტატთან შეხვედრაზე მისული „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი აქციის მონაწილეებმა მინდელის შახტში მომხდარ ტრაგედიაში დაადანაშაულეს.
„შენს მოსვლამდე შახტში ხალხი არ იხოცებოდა. 15 ადამიანის მკვლელობაში ხარ გასვრილი”, ამის შესახებ ელდარ ჩაფიძემ ჯამბულ ჯაყელს განუცხადა და თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა.
ჯამბულ ჯაყელი აცხადებს, რომ მზადაა დატოვოს თანამდებობა.
„შევპირდი, რომ განვიხილავდი მოთხოვნას რამდენიმე მაღალი და პასუხისმგებელი პირის მოხსნასთან დაკავშირებით, არც მე არ ვაპირებ აქ დარჩენას”, - განაცხადა კომპანია საქნახშირის გენერალურმა დირექტორმა "პირველ არხთან".
აქციაზე მეშახტეებმა კომპანიის მმართველად სწორედ ელდარ ჩაფიძის კანდიდატურა დაასახელეს. მას ამ დროისთვის მინდელის სახელობის შახტში წარმოების უფროსის თანამდებობა უჭირავს.
მეშახტეები ტყიბული-თერჯოლის მარჟორიტარ დეპუტატს, ელგუჯა გოცირიძეს ხვდებიან. ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ. გამგეობის შენობასთან შეხვედრაზე მივიდნენ ღია კარიერებზე დასაქმებულები და ტყიბულის მცხოვრებლებიც.
ტყიბულში, მინდელის შახტში ოთხი ადამიანი დაიღუპა, ასევე, დაშავდა ექვსი პირი.