პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პეტრიაშვილი პრემიერ - მინისტრს პროფკავშირების სამოქმედო გეგმის განხორციელებისკენ მოუწოდებს:
„კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო ტყიბულში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს და აღვნიშნო, რომ მიმდინარე წლის 16 ივლისს მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი საწარმოო შემთხვევა განაპირობა ამ სფეროს მიმართ სახელმწიფოს მიერ გატარებულმა არასწორმა და არათანმიმდევრულმა პოლიტიკამ. პროფესიული კავშირების მიერ ჩემზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ჩემ მიერ სახელისუფლებო სტრუქტურებში საკითხის არაერთგზის დაყენების მიუხედავად, სამწუხაროდ, დღემდე არ არსებობს შრომის უფლებების, მათ შორის შრომის უსაფრთხოების მარეგულირებელი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სრულყოფილი კანონმდებლობა და მისი აღსრულების მექანიზმი ეფექტური შრომის ინსპექციის სახით.
მიმაჩნია, რომ ჩვენი ინიციატივით მოწვეული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტების მიერ შახტებში არსებული შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის დასკვნის დადებამდე, უნდა მოხდეს დასაქმებულთა შრომის სრული ანაზღაურება შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე, ხოლო საწარმოს გაჩერების პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასევე უნდა გამოიყოს შესაბამისი სახსრები, რათა მოხდეს ერთი მხრივ, კომპანიისთვის შახტების მოდერნიზაციის ფინანსურ-ეკონომიკურ ხარჯებში სახელმწიფოს მონაწილეობის განსაზღვრა და მეორე მხრივ, დასაქმებულებისა და მათი ოჯახების სოციალური უზრუნველყოფა, ქალაქში სოციალურ-კულტურული აქტივობების შეუფერხებლად შენარჩუნება. კიდევ ერთხელ, ვაცხადებ, რომ შახტებში მოპოვებითი სამუშაოები უნდა განახლდეს და მშრომელები შახტებში დაიშვან მხოლოდ მანქანა-დანადგარების მოდერნიზაციისა და შრომის ორგანიზების თანამედროვე სტანდარტების დანერგვის შემდეგ.
აუცილებელია, ფორსირებულ რეჟიმში, უმოკლეს ვადებში ხელისუფლებამ მოამზადოს ტყიბულის შახტების სრული მოდერნიზაციისა და თავად, უშუალოდ ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა, რასაც ჩვენ ვითხოვდით ჯერ კიდევ მიმდინარე წლის პრემიერ-მინისტრისადმი 6 აპრილის მიმართვით და ასევე 19 აპრილს პროფკავშირების ინიციატივით მოწვეულ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომაზე, რაც სამწუხაროდ, დღემდე, გათვალისწინებული არაა. თუმცა, პროფკავშირების ეს პოზიცია გაიზიარა არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რაც მისასალმებელია, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს მათი მხრიდან საკუთარი ორგანიზაციის წარმოჩენას ისახავს მიზნად“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, ტყიბულის ,,ახალი სიცოცხლის ქალაქად“ გარდაქმნის მიზნით, ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა უნდა შემუშავდეს.
„დროა, ხელისუფლებამ გააცნობიეროს, რომ თითოეული დასაქმებულის სიცოცხლის ღირებულება ბევრად აღემატება იმ თანხას, რომელსაც კომპანია მათი ხელფასების სახით იხდის. დიახ, სახელმწიფო ვალდებულია ნებისმიერ ფასად დაიცვას დასაქმებულისთვის კონსტიტუციით გარანტირებული სიცოცხლის უფლება და ადამიანებს ელემენტალური საარსებო წყაროს მოძიებისთვის არ უნდა ჭირდებოდეთ სიკვდილის ჯურღმულებში მუშაობა თვეში 700 ლარის სანაცვლოდ. ეს იმ პირობებში, როდესაც კომპანიის წლიური მოგება 160 000 000 აშშ დოლარს შეადგენს.
ვფიქრობ, ტყიბულის ,,ახალი სიცოცხლის ქალაქად“ გარდაქმნის მიზნით, უნდა შემუშავდეს ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართულობით, სახელმწიფოს, ბიზნესის და პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად და მოიცავდეს ქალაქის გამართულ ფუნქციონირებასა და მეშახტეების სოციალურ-ეკონომიკური უზრუნველყოფის ისეთ საკითხებს როგორიცაა: უმუშევრობის კომპენსაცია, საწარმოო შემთხვევებისგან მეშახტეთა და მათი ოჯახების დაზღვევა, საზოგადოებრივ/ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე დასაქმება და ქალაქში საზოგადოებრივი და კომუნალური მომსახურების შეუფერხებელი ფუნქციონირება. ამ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს შახტების და მაღაროების ჩანაცვლებას ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარების გზით შექმნილი ახალი, უსაფრთხო და ღირსეული სამუშაო ადგილებით, რაც ტყიბულის სიცოცხლისუნარიან ქალაქად შენარჩუნებას უზრუნველყოფს. კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ იმ გარემოებას, რომ ტყიბული არ არის მხოლოდ ქალაქი, არამედ ქვეყანაში არსებული მასობრივი უმუშევრობის ფონზე, ის განხილული უნდა იყოს, როგორც განსაკუთრებული სოციალური პროექტი და მივესალმები, თუკი სახელმწიფოც სწორედ ასეთ კონტექსტში განიხილავს და არ ჩათვლის მას მხოლოდ ბიზნესის ხელშეწყობის საშუალებად.
მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ უმოკლეს ვადებში უნდა იყოს განხილული „სახელმწიფო პენსიებისა და კომპენსაციების შესახებ კანონის“ მეშახტეებსა და მაღაროელებზე გავრცელებისა და ასევე საშემოსავლო გადასახადისგან მათი გათავისუფლების საკითხი, რათა პარლამენტის წევრების, მოსამართლეების, მეხანძრეების და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მსგავსად, მათაც მიეცეთ ოფიციალურ საპენსიო ასაკისთვის მიღწევამდე, უფრო ადრე, კერძოდ 55 წლის ასაკიდან, ღირსეულ პენსიაზე გასვლის შესაძლებლობა. ამის საფუძვლად შესაძლებელია განხილულ იქნას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მიერ პარლამენტში გასულ წელს ინიცირებული კანონპროექტი.
ველით საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოხმაურებას სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მოწვევის თაობაზე, სადაც ზემოაღნიშნული საკითხების გარდა დღის წესრიგში დავაყენებთ კომპლექსური პროექტის ტყიბულის ახალი სიცოცხლე“ შემუშავების საკითხს - ნათქვამია განცხადებაში.