რატომ გამოიკითხნენ ყოფილი მინისტრები - პროკურატურა დამატებით განმარტებებს აკეთებს

16:46 07-20-2018
87

ყოფილი მინისტრების, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის გამოკითხვასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის წარმომადგენელი დამატებით დეტალებზე საუბრობს.

პროკურორ კოკა კაციტაძის განცხადებით, მარტის თვიდან, საქართველოს პროკურატურაში ინტენსიურად მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება - გაფლანგვის საქმეზე.

გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. გამოძიების ინტერესის საგანს ამ კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენს მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებში გამოვლენილი შესაძლო დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება - გაფლანგვის და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტი.

რაც შეეხება ზურაბ ალავიძეს, ისიც იმყოფებოდა პროკურატურაში გამოკითხვის მიზნით. ამ შემთხვევაში გამოძიება სწავლობს იმ სახელმწიფო შესყიდვებს, რომელიც განახორციელა სამინისტროსთან დაკავშირებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა.

კაციტაძემ ასევე დასძინა, რომ ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, რომლის ბრალეულობაც მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთება, იმის მიუხედავად, თუ რა თანამდებობრივი სტატუსი ეკავა ან  გააჩნია დღეს.

 

ავტორი: